Geo | Eng | Rus
სარეკლამო ადგილი - 3
570 x 120
ევრო 2016-ის მონაწილეთა წარდგენა – ესპანეთი
2016-06-04 16:33 | ნახვები: 2968
1
სარეკლამო ადგილი - 10
710 x 106

ესპანეთის ეროვნული ნაკრები რაღა თქმა უნდა, დამდეგი ევროფორუმის ერთ-ერთი უმთავრესი ფავორიტია. მართალია, “ფურიე როხამ” ორი წლის წინანდელი მუნდიალი მთლიანად ჩააგდო და ქვეჯგუფში ჩარჩა, მაგრამ შემადგენლობა ისევ სოლიდური ჰყავს. ვისენტე დელ ბოსკეს გუნდი კონტინენტის ბოლო ორი პირველობის ტრიუმფატორია. ბევრი საუბრობს, რომ ესპანეთს ისეთი მოტივაცია აღარ აქვს, როგორც ადრე, თუმცა ალბათ ეს მცდარი მოსაზრებაა.

პირინელებმა შესარჩევი ციკლი დამაჯერებლად განვლეს და 10 თამაშიდან ცხრაში გამარჯვება იზეიმეს. შესაბამისად, საფრანგეთის საგზურის მოპოვება საერთოდ არ გასჭირვებიათ. ესპანელთა მაღალ შანსზე ისიც მეტყველებს, რომ ამ ქვეყნის კლუბები ევროპულ ასპარეზზე ბოლო წლებია ყველა შესაძლო ტურნირს იგებენ და ბუნებრივია, რომ მათი ძირითადი ბირთვი სწორედ ესპანელი ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული.

მთავარი მწვრთნელი – ვისენტე დელ ბოსკე

ვისენტე დელ ბოსკე დღევანდელ ფეხბურთში ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი და ტიტულოვანი სპეციალისტია. მას ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ სრული ნდობა გამოუცხადა მიუხედავად ჩაგდებული მსოფლიოს ჩემპიონატისა. იგი “ფურიე როხას” 2008 წლიდან მოყოლებული ავარჯიშებს და მასთან ერთად ნაკრებმა ორჯერ მოიგო ევროპის ჩემპიონატი, ხოლო ერთხელ მსოფლიოს.

გასული 8 წლის განმავლობაში ესპანეთმა დელ ბოსკეს ხელმძღვანელობით 109 თამაში ჩაატარა და აქედან 85 მოიგო (10 ფრე, 14 წაგება) – მართლაც შესაშური სტატისტიკაა. პროცენტებში რომ გადავიყვანოთ, ესპანეთმა დელ ბოსკეს თაოსნობით ჩატარებული შეხვედრების 77.98% მოიგო.

მისი სამწვრთნელო კარიერა ძირითადად სწორედ ესპანეთის ეროვნულ ნაკრებსა და მადრიდის “რეალს” უკავშირდება. “სამეფო კლუბთან” ერთად დელ ბოსკემ ესპანეთის ჩემპიონატი და ჩემპიონთა ლიგა ორჯერ მოიგო, ხოლო თითოჯერ, ესპანეთის სუპერთასი, უეფას სუპერთასი და საკონტინენტთაშორისო თასი. მას მადრიდიდან კარისკენ 2003 წელს მიუთითეს. მერე, ესპანეთის ნაკრებმადე იყო სტამბულის “ბეშიქთაში”, რომელსაც ვისენტე 2004-2005 წლებში ედგა სათავეში.

შემადგენლობა

მეკარეები:1. იკერ კასილასი („პორტუ“, პორტუგალია), 13. დავიდ დე ხეა („მანჩესტერი“, ინგლისი), 23. სერხიო რიკო („სევილია“)

მცველები:15. სერხიო რამოსი („რეალი“), 3. ჟერარ პიკე („ბარსელონა“), 18. ჟორდი ალბა („ბარსელონა“), 4. მარკ ბარტრა („ბარსელონა“), 16. ხუანფრანი („ატლეტიკო“), 2. სესარ ასპილიკუეტა („ჩელსი“, ინგლისი), 17. მიკელ სან ხოსე („ბილბაო“), 12. ეკტორ ბელერინი („არსენალი“, ინგლისი)

ნახევარმცველები:19. ბრუნო სორიანო („ვილიარეალი“), 5. სერხი ბუსკეტსი („ბარსელონა“), 8. კოკე („ატლეტიკო“), 14. ტიაგო ალკანტარა („ბაიერნი“, გერმანია), 6. ანდრეს ინიესტა („ბარსელონა“), 21. დავიდ სილვა („სიტი“, ინგლისი), 11. პედრო როდრიგესი („ჩელსი“, ინგლისი), 10. ფრანსესკ ფაბრეგასი („ჩელსი“, ინგლისი), 9. ლუკას ვასკესი („რეალი“)

ფორვარდები:20. არიც ადურიცი („ბილბაო“), 22. ნოლიტო („სელტა“), 7. ალვარო მორატა („იუვენტუსი“, იტალია)

სავარაუდო შემადგენლობა: (4-3-2-1): კასილიასი; ხუანფრანი, რამოსი, პიკე, ალბა; ფაბრეგასი, ბუსკეტსი, ინიესტა; კოკე, სილვა; მორატა

ვისენტე დელ ბოსკეს დიდი არჩევანი ჰქონდა და ბუნებრივია, მის გადაწყვეტილებას მავანთა მხრიდან უკმაყოფილება მოჰყვებოდა, მოჰყვა კიდეც. ფერნანდო ტორესი, საულ ნიგეზი, ხუან მატა, ისკო ალარკონი – არასრული ჩამონათვალი იმ ფეხბურთელთა, რომლებიც ნაკრებს მიღმა დარჩნენ და რის გამოც დელ ბოსკეს საყვედურობენ. აღსანიშნავია, რომ 23 კაცში ვერც ნატურალიზებული ბრაზილიელი დიეგო კოშტა მოხვდა, რომელსაც დელ ბოსკეს მხრიდან ყოველთვის განსაკუთრებული ნდობა ჰქონდა. სამაგიეროდ, მის რჩეულთა შორისაა, 35 წლის არიც ადურისი, რომელსაც “ბილბაოში” ბრწყინვალე სეზონი ჰქონდა და ევროპა ლიგის საუკეთესო ბომბარდირიც გახდა. სხვათა შორის, მან მარტში ნაკრებში სადებიუტო გოლი გაიტანა (იტალიასთან) და გახდა ესპანეთის ნაკრების რიგებში ყველაზე უხუცესი გოლის ავტორი.

თუმცა, როგორც არ უნდა იყოს, დელ ბოსკეს განკარგულებაში უმაღლესი დონის ფეხბურთელები არიან ყველა პოზიციაზე და თანაც, არაერთი. 23 კაციან სიაში ბოლო მომენტში მიღებული ტრავმის გამო ვერ მოხვდა “რეალის” განაპირა მცველი დანი კარვახალი. იგი არსენალელმა ექტორ ბელერინმა ჩაანაცვლა. ისიც საინტერესოა ვის გაამწესებს ვისენტე კარის ხაზზე: ჩინებული სეზონის მქონე დავიდ დე ხეას თუ გამოცდილ, მაგრამ ცუდი სეზონის ჩამტარებელ იკერ კასილიასს. ალბათ, შანსი იმისა, რომ ნაკრების პირველი მეკარე იყოს, იკერს გაცილებით დიდი აქვს და თუ რატომ, ვგონებ, დიდი ფილოსოფოსობა არ სჭირდება. აღსანიშნავია, რომ დელ ბოსკეს საბოლოო ნუსხაში ერთი მოულოდნელი გვარია: ლუკას ვასკესი – ამის გამო გამოცდილი სპეციალისტი ბევრმა გააკრიტიკა, თუმცა დრო გამოაჩენს, რამდენად მართებულად მოიქცა დელ ბოსკე.

მთავარი ვარსკვლავი: ანდრეს ინიესტა – “ფურიე როხა” მაღალი დონის მოთამაშეებით ისეა დაბალანსებული, რომ ძნელია მათგან ერთის არჩევა, მაგრამ როცა გუნდში ანდრეს ინიესტაა, მაშინ ყველაფერი გაცილებით იოლდება. 32 წლის ანდრესს ფეხი და გონება ძველებურად უჭრის და სწორედ მან უნდა ულიდეროს ესპანეთის ნაკრებს. ინიესტასთვის დიდი ალბათობით ბოლო ევროპის ჩემპიონატია და ეს მის სტიმულს უფრო უნდა ამძაფრებდეს.

მთავარი იმედი: სერხიო რამოსი – “რეალის” გამოცდილი მცველი ძველებურად ბრწყინვალე ფორმაშია. რამოსს გარდა დაცვაში დამაჯერებელი თამაშისა ჩინებულად შეუძლია შეტევაში სარგებლის მოტანაც. იგი ერთადერთი მცველია, რომელსაც ჩემპიონთა ლიგის ორ სხვადასხვა ფინალში გაუტანია. “რეალმა” ჩემპიონთა ლიგა რომ მოიგო, დიდწილად სერხიოს დამსახურებაა.

ევროპის ჩემპიონატების ისტორია

ესპანეთის ეროვნული ნაკრები გერმანიასთან ერთად ევროპის ჩემპიონატებზე ყველაზე წარმატებულად თამაშობს. “ბუნდესნაკრების” მსგავსად მასაც სამგზის ჩემპიონის ტიტული გააჩნია. პირველი 1964 წელს, ხოლო 2008 და 2012 წლებში “ფურიე როხამ” მიჯრით იჩემპიონა. მეტიც, ოთხი წლის წინ რეკორდი დაამყარა – საქმე ისაა, რომ ფინალში ყველაზე დიდი სხვაობით იმარჯვა, იტალიასთან – 4:0.

2008 წლამდე ესპანელებს კარგა ხანი უჭირდათ კონტინენტის პირველობაზე წარმატებით თამაში. 1964 წლის მერე საუკეთესო შედეგი 1984 წელს აჩვენეს, როდესაც ფინალი საფრანგეთთან წააგეს. 1996 და 2000 წელს მათთვის ტურნირი მეოთხედფინალში დასრულდა, ხოლო 2004 წელს, საერთოდ ჯგუფში ჩარჩნენ. სხვათა შორის, ესპანეთის ნაკრებს ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ბოლოს სწორედ 2004 წელს აქვს წაგებული, როდესაც ლისაბონში მასპინძელ პორტუგალიასთან დამარცხდა (0:1). მას მერე 12 თამაში, 9 მოგება, 3 ფრე – ასეთი წაუგებელი სერია გააჩნია ესპანეთს ევროპის ჩემპიონატებზე.

კალენდარი ევრო 2012-ზე

ესპანეთი – ჩეხეთი

13 ივნისი, 17:00 საათი. ტულუზა, “სტად დე ტულუზა”

ესპანეთი ტიტულის შენარჩუნებას 13 ივნისს, ჩეხეთთან მატჩით დაიწყებს. აქამდე ესპანელთა და ჩეხთა გზები 16-ჯერ გადაიკვეთა და სრული თანაფარდობაა: 7-7 მოგება, 2 ფრე, და 16-16 გატანილ-გაშვებული გოლი (მხედველობაში მიიღება, როგორც ჩეხეთთან, ისე ჩეხოსლოაკეთთან თამაშები).

ბოლოს ეს გუნდები ერთმანეთს ევრო 2012-ის შესარჩევში დაუპირისპირდნენ და მაშინ პირინელებმა ორჯერვე სძლიეს მეტოქეს (2:0, 2:1). აქვე, თუ მარტო ჩეხეთის ნაკრებთან თამაშების ისტორიას გავიხსენებთ, “ფურიე როხა” უპირატესობას ფლობს: 3 მოგება, 1 ფრე, 0 წაგება.

ესპანეთი – თურქეთი

17 ივნისი, 23:00 საათი. ნიცა, “სტად დე ნიცა”

თურქეთთან ესპანეთი დიდი უპირატესობით სარგებლობს – 10 მატჩი, 5 მოგება, 4 ფრე და ერთადერთი მარცხი. ჩვენმა მეზობლებმა პირინელებს შორეულ 1954 წელს (1:0) სძლიეს, მას მერე ესპანეთი თურქებთან წაუგებელია.

ბოლო პერიოდში ისინი ორადორჯერ შეხვდნენ ერთმანეთს, მსოფლიოს 2010 წლის შესარჩევ ციკლში და დელ ბოსკეს გუნდმა სტამბულში ალბერტ რიერას 92-ე წუთზე გატანილი გოლით მოიგო (2:1). ხოლო მანამდე მადრიდში ჟერარ პიკეს გოლით იმარჯვა.

ხორვატია – ესპანეთი

21 ივნისი, 23:00 საათი. ბორდო, “სტად დე ბორდო”

ჯგუფურ ეტაპს ესპანეთი ხორვატიასთან მატჩით დაასრულებს. ასე იყო 4 წლის წინაც: მაშინ პირინელებმა ბალკანელებს ბოლო ტურში, გდანსკში, ხუსუს ნავასის მიერ 88-ე წუთზე გატანილი გოლით მოუგეს და ამბიციური ხორვატია ჯგუფში ჩატოვეს.

ეს იყო ამ გუნდებს შორის აქამდე ჩატარებული ერთადერთი ოფიციალური თამაში. ისე კი, ოთხჯერ ამხანაგურად გაეჯიბრნენ ერთმანეთს და ესპანეთის სასარგებლოდაა აქაც ყველაფერი: 2 მოგება, 1 ფრე, 1 წაგება.

თამაში ისტორიიდან

ევრო 2012, ფინალი – 1 ივლისი, 2012. კიევი, “ოლიმპიური სტადიონი”

ესპანეთი – იტალია 4:0

გოლები: 1:0 სილვა (14), 2:0 ალბა (41), 3:0 ტორესი (84), 4:0 მატა (88)null

საუკეთესო შედეგი: ჩემპიონი სამჯერ – 1964, 2008, 2012

ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი: დავიდ ვილა (59 გოლი) – ამჟამად გუნდში ყველაზე შედეგიანი: დავიდ სილვა (23 გოლი)

ყველაზე მეტი მატჩი: იკერ კასილიასი (165 თამაში)


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
ჯგუფი A
თ.ქ.
საფრანგეთი 37
შვეიცარია 35
ალბანეთი 33
რუმინეთი 31
ჯგუფი B
თ.ქ.
უელსი 36
ინგლისი 35
სლოვაკეთი 34
რუსეთი 31
ჯგუფი C
თ.ქ.
გერმანია 37
პოლონეთი 37
ჩრდ.ირლანდია 33
უკრაინა 30
ჯგუფი D
თ.ქ.
ხორვატია 37
ესპანეთი 36
თურქეთი 33
ჩეხეთი 31
ჯგუფი E
თ.ქ.
იტალია 36
ბელგია 36
ირლანდია 34
შვედეთი 31
ჯგუფი F
თ.ქ.
უნგრეთი 35
ისლანდია 35
პორტუგალია 33
ავსტრია 31
სარეკლამო ადგილი - 5
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
250 x 250
0.047621