Geo | Eng | Rus
სარეკლამო ადგილი - 3
570 x 120
13 ივლისი – ვისთვის გათენდება?
2014-07-13 02:34 | ნახვები: 3524
1234567891011
სარეკლამო ადგილი - 10
710 x 106

ეს დღე 4 წელიწადში ერთხელ დგება და ამ ოთხწლეულის საფეხბურთო კულმინაციაა, რადგან, რაც უნდა მოხდეს, მნიშვნელობით და სიდიდით ვერცერთი მატჩი ვერ გადააჭარბებს მუნდიალის ფინალს. საინტერესოა, ვისთვის გათენდება იღბლიანად – გერმანიისთვის თუ არგენტინისთვის.

რიო დე ჟანეიროს "მარაკანა". ერთ მხარეს ნაკრები, რომელმაც ნახევარფინალში 7:1 გაანადგურა მასპინძელი "პენტაკამპეონები", ხოლო მეორე მხარეს ნაკრები, რომელიც ბრაზილიელთათვის ყველაზე პრინციპული მეტოქეა ისტორიულად და ამას ვერაფერი შეცვლის.

გერმანიას აქამდე 7 ფინალი ჩაუტარებია და 3 მოიგო (1954, 1974, 1990), ხოლო 4 წააგო (1966, 1982, 1986, 2002). გერმანია პირველი ნაკრებია, რომელიც ზედიზედ 4-ჯერ გავიდა ნახევარფინალში.

არგენტინას აქამდე 4 ფინალი ჩაუტარებია და 2 მოიგო (1978, 1986), ხოლო 2 წააგო (1930, 1990). "ალბისელესტე" 1990 წლის შემდეგ პირველად გავიდა ფინალში. სხვათა შორის, 1990-ის შემდეგ ნახევარფინალშიც ვერ გადიოდა.

რა ხდება ამ დროისთვის გუნდებში? ანხელ დი მარიამ ვარჯიში დაიწყო და ნელ-ნელა უზდრიან დატვირთვებს. ექიმების ვარაუდით, არგენტინელი ნახევარმცველი ფინალში თამაშს შესძლებს. თუმცა ის ფიზიოთერაპევტის მეთვალყურეობის ქვეშაა. ჯერ 100 პროცენტით მაინც არაა გადაწყვეტილი, თუმცა თავად დი მარიას სჯერა, რომ გერმანელების წინააღდეგ მინდორზე იქნება.

ფრანც ბეკენბაუერი: "მჯერა, რომ მოვიგებთ. გერმანია არგენტინას 2:0-ს დაამარცხებს. ჩვენ არ გვყავს მესი და ნეიმარი, მაგრამ ლიოვის ფეხბურთელები ჰარმონიულად თამაშობენ, გუნდური სული აქვთ".

დიეგო მარადონა: "გერმანიის დამარცხება შესაძლებელია. ბრაზილიასთან 7:1 არ ნიშნავს, რომ ისინი ფინალსაც მოიგებენ. პირიქით, ზედმეტმა თავდაჯერებამ, შესაძლოა, მათ წინააღმდეგ იმოქმედოს. ჰოლანდიასთან ნახევარფინალს რაც შეეხება, არგენტინელთაგან ითამაშეს მასკერანომ და დანარჩენებმა. მასკერანო პიტბულივით იყო, მესი კი დაღლილი ჩანდა. თუმცა, მისგან მაინც ველი საოცარ თამაშს. არგენტინამ მოედნის ცენტრში უნდა იმარჯვოს და სწრაფად დაასაქმონ მესი და იგუაინი".

საინტერესო ფაქტები:

არგენტინის ნაკრების მეკარე სერხიო რომეროს ამ მუნდიალის რეკორდი ეკუთვნის მშრალი სერიის მხრივ – 337 წუთი გოლის გაუშვებლად. ბოლოს ნიგერიელმა აჰმედ მუსამ გაუტანა ჯგუფში.

გერმანიას 5 ფეხბურთელი ჰყავს ისეთი, რომლებსაც ნაკრებში 100-ზე მეტი მატჩი ჩაუტარებიათ: კლოზე (136), პოდოლსკი (116), ლამი (112), შვაინშტაიგერი (107), მერტესაკერი (103). არგენტინაში ასეთი მხოლოდ ერთია: ხავიერ მასკერანო (104).

მუნდიალების ისტორიაში 9-ჯერ მოხდა, როცა ფინალში ევროპისა და სამხრეთ ამერიკის გუნდები დაუპირისპიდნენ. სამხრეთამერიკელებს დიდი უპირატესობა აქვთ, რადგან ამ 9-დან 7 მოიგეს. 2 გამონაკლისი: 1990 – გფრ-არგენტინა 1:0, 1998 – საფრანგეთი-ბრაზილია 3:0.

ევროპულ ნაკრებს არასოდეს მოუგია მუნდიალი სამხრეთ ამერიკაში. ერთადერთი შემთხვევა, როცა ევროპელებმა უცხო კონტინეტზე ასწიეს თასი, 2010 წელს მოხდა – ესპანეთმა სამხრეთ აფრიკაში.

არგენტინამ მუნდიალზე გასული 6 მატჩიდან 5 მოიგო მინიმალური სხვაობით, ერთხელ კი პენალტების სერიაში იმარჯვა. ისტორიაში არ ყოფილა, რომ ფინალში ისე გასულიყოს გუნდი, რომელსაც ერთხელაც ვერ მოეგო ჰანდიკაპით.

ზედიზედ მესამე მუნდიალზე, გერმანიას ყველაზე მეტი გოლი გააქვს მონაწილე 32 გუნდს შორის. 2006 წელს 14 გოლი, 2010 წელს 16, ხოლო ახლა უკვე 17 აქვს. სხვათა შორის, 2002 წელს ბრაზილიამ 18 გოლი გაიტანა, რაც XXI საუკუნეში ჯერჯერობით რეკორდია. აბსოლუტური რეკორდი კი უნგრეთს ეკუთვნის – 1954 წელს, 27 გოლი!.

გერმანიას ამ მუნდიალზე ბურთების შეფარდება ასეთი აქვს: 17:4. არგენტინას კი – 8:3.

ურთიერთშეხვედრებზე:

მთლიანობაში, 20 მატჩი: 9 არგენტინამ მოიგო, 6 გერმანიამ, ხოლო დანარჩენი 5 შეხვედრა ფრედ დასრულდა. ბურთების შეფარდება თანაბარია – 28:28.

თუმცა, უშუალოდ მუნდიალებს თუ ავიღებთ, გერმანელებს უპირატესობა აქვთ. 6-ჯერ შეხვედრიან მსოფლიოს ჩემპიონატზე და ჩამოვთვლით:

1958 წელს. შვედეთის ქალაქ მალმიოში ჯგუფის პირველ ტურში გფრ-მ 3:1 მოიგო და საბოლოოდ, ისინი გავიდნენ მეოთხედფინალში, არგენტინა კი ჯგუფში ჩარჩა. მაშინ "ალბისელესტემ" 1:6 წააგო ჩეხოსლოვაკიასთან.

1966 წელს ინგლისში, ქალაქ ბირმინგემში ასევე ჯგუფურ ეტაპზე, II ტურში გფრ-არგენტინა 0:0 დასრულდა. საბოლოოდ, ორივე გუნდი გავიდა მეოთხედფინალში.

1986 წელს მეხიკოს "აცტეკაზე" ფინალი: კარლოს ბილარდოს გაწვრთნილმა არგენტინამ 3:2 მოიგო. ის იყო დიეგო მარადონას გუნდი და არა მხოლოდ გუნდი, არამედ მთელი ჩემპიონატი მარადონასი იყო. პირველ ტაიმში ბრაუნმა დააწინაურა არგენტინა, მეორე ნახევრის დასაწყისში ხორხე ვალდანომ ორამდე გაზარდა ანგარიში, რასაც 74-ე და 82-ე წუთებზე გერმანელთა ორი გოლი მოჰყვა: ანდრეას ბრემეს ჩაწოდებული კუთხურები – ჯერ კარლ-ჰაინც რუმენიგეს გააქვს, მერე კი რუდი ფიოლერს. დამატებითი დრო? არა, 85-ე წუთზე მარადონამ ბრწყინვალე პასით ხორხე ბურუჩაგა დატოვა მეკარე ტონი შუმახერთან პირისპირ და 3:2.

1990 წელს გერმანელებმა რევანში აიღეს ფინალში, რომელიც რომში გაიმართა. ფრანც ბეკენბაუერის გუნდი საკმაო უპირატესობას ფლობდა, თანაც, "ალბისელესტეს" არ ჰყავდა მარადონას მარჯვენა ხელი კლაუდიო კანიჯა (დისკვალიფიკაციის გამო). 65-ე წუთზე არგენტინელი პედრო მონცონი გააძევეს, ხოლო 85-ე წუთზე რუდი ფიოლერის წაქცევისთვის პენალტი დაინიშნა და ბრემემ ზუსტად დაარტყა – 1:0, ასე დასრულდა ფინალი. მარადონამ ცრემლებით დატოვა მუნდიალი.

2006 წელს ბერლინში, მეოთხედფინალში გერმანიამ პენალტების სერიაში იმარჯვა – მანამდე გუნდებმა თითო გოლი გაიტანეს. მეორე ტაიმის დასაწყისში რობერტო აიალამ თავურით დააწინაურა არგენტინა, ხოლო 81-ე წუთზე მიროსლავ კლოზემ გაათანაბრა. "ალბისელესტეს" მაშინდელი მწვრთნელმა ხოსე პეკერმანმა 1:0-ისას ხუან რომან რიკელმე შეცვალა, ხოლო შემდეგ შეცვლაზე ყველა ლეო მესის შემოყვანას რომ ელოდა, მოულოდნელად ხულიო კრუზი ჩართო.

2010 წელს ისევ მეოთხედფინალი, ამჯერად სამხრეთ აფრიკის ქალაქ ქეიფთაუნში. 4:0 მოიგო იოაჰიმ ლიოვის გუნდმა. ტომას მიულერმა მე-3 წუთზე გახსნა ანგარიში, მეორე ტაიმში კი მიროსლავ კლოზემ 2:0 გახადა, რასაც შვაინშტაიგერის სოლო-გარღვევა და მცველ მანუელ ფრიდრიხის გოლი მოჰყვა, ბოლოს კი ისევ კლოზემ გაიტანა მესუთ იოზილის პასით. დიეგო მარადონას გაწვრთნილებს შანსი არ ჰქონიათ.

მოედანზე მაშინ მყოფი ფეხბურთელებიდან არგენტინას დღესაც ჰყავს რომერო, დემიკელისი, დი მარია, აგუერო, მასკერანო, მაქსი როდრიგესი, იგუაინი და მესი. გერმანიას კი – ნოიერი, ლამი, მერტესაკერი, ბოატენგი, კროოსი, შვაინშტაიგერი, იოზილი, პოდოლსკი, კლოზე და მიულერი. ასე რომ, თავად ხედავთ, შემადგენლობები დიდად არ შეცვლილა.

მას შემდეგ, რაც გერმანია გაერთიანდა, 8-ჯერ შეხვდნენ არგენტინას და აქედან მხოლოდ 1 მოიგეს, 3 ფრედ დაასრულეს და 4 წააგეს. ის ერთი მოგებაც უკვე ვახსენეთ: 2010 წელს 4:0.

ბოლოს 2012 წლის 15 აგვისტოს, ფრანკფურტში შეხვდნენ ერთმანეთს და არგენტინამ 3:1 მოუგო მასპინძლებს. გოლები: 0:1 ხედირა (44 საკ.კარში), 0:2 მესი (52), 0:3 დი მარია (52), 1:3 ჰიოვედესი (81).

ფინალის მსაჯობა იტალიელ ნიკოლა რიცოლის არგუნეს. რიცოლიმ ამ მუნდიალზე 3 მატჩი იმსაჯა და აქედან 2 არგენტინის მონაწილეობით: ესპანეთი-ჰოლანდია, არგენტინა-ნიგერია და არგენტინა-ბელგია.

13.07. 23:00. რიო დე ჟანეირო. "მარაკანა"

გერმანია-არგენტინა

სავარაუდო შემადგენლობები

გერმანია: ნოიერი, ლამი, ბოატენგი, ჰუმელსი, ჰიოვედესი, ხედირა, შვაინშტაიგერი, კროოსი, იოზილი, მიულერი, კლოზე.

არგენტინა: რომერო, საბალეტა, დემიკელისი, გარაი, როხო, მასკერანო, ბილია, დი მარია, მესი, ლავეცი, იგუაინი.

მსაჯი: ნიკოლა რიცოლი (იტალია)


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
ჯგუფი A
თ.ქ.
საფრანგეთი 37
შვეიცარია 35
ალბანეთი 33
რუმინეთი 31
ჯგუფი B
თ.ქ.
უელსი 36
ინგლისი 35
სლოვაკეთი 34
რუსეთი 31
ჯგუფი C
თ.ქ.
გერმანია 37
პოლონეთი 37
ჩრდ.ირლანდია 33
უკრაინა 30
ჯგუფი D
თ.ქ.
ხორვატია 37
ესპანეთი 36
თურქეთი 33
ჩეხეთი 31
ჯგუფი E
თ.ქ.
იტალია 36
ბელგია 36
ირლანდია 34
შვედეთი 31
ჯგუფი F
თ.ქ.
უნგრეთი 35
ისლანდია 35
პორტუგალია 33
ავსტრია 31
სარეკლამო ადგილი - 5
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
250 x 250
0.050628