Geo | Eng | Rus
სარეკლამო ადგილი - 3
570 x 120
რობერტო მანჩინი: “პლეი ოფში რომ გავსულიყავით, შესაძლოა ყველასთვის მოგვეგო კიდეც”
2014-07-13 10:33 | ნახვები: 3773
1
სარეკლამო ადგილი - 10
710 x 106

ბრაზილიის მუნდიალზე იტალიის ნაკრების მიერ განცდილი ფიასკოს შემდეგ დღის წესრიგში “სკუადრა აძურას” ახალი მთავარი მწვრთნელის დანიშვნის საკითხი აქტუალურად დგას. ერთ-ერთ კანდიდატად ღობერტო მანჩინის მიიჩნევენ, რომელიც ამჟამად სარდინიაზე ისვენებს და სწორედ იქ დაუკავშირდნენ აპენინელი ჟურნალისტები.

- თქვენ პრანდელის შემცვლელთა შორის ერთ-ერთ უპირველეს კანდიდატად გასახელებენ...

- ეს მხოლოდ ხმებია, პირადად მე არავინ დამკავშირებია. ცხადია, თვალყურს ვადევნებ პრესას, მაგრამ კონკრეტულად ვერაფერს მოგახსენებთ.

- ადრე არაერთხელ გითქვამთ, “სკუადრა აძურას” სიამოვნებით რომ ჩაუდგებოდით სათავეში...

- იტალიის პატრიოტი ვარ. როდესაც საზღვარგარეთ ვმუშაობდი, არასდროს მავიწყდებოდა სამშობლო. საკუთარი ქვეყნის ეროვნული ნაკრების გაწვრთნა ნებისმიერი მწვრთნელის ოცნებაა.

- იტალიის ნაკრების დამრიგებლად უცხოელი სპეციალისტის დანიშვნა არარეალურად მიგაჩნიათ?

- იტალიელი სპეციალისტები მსოფლიოში საუკეთესონი არიან, ამიტომ სხვა ქვეყნიდან მწვრთნელის მოწვევის აუცილებლობას ვერ ვხედავ.

- კლუბსა და ნაკრებში მუშაობის სპეციფიკა ერთმანეთისგან დიდად განსხვავდება?

- ჩემი აზრით, სხვაობა არაა. უბრალოდ, მუშაობის სხვადასხვა რიტმია და ადაპტირებაა საჭირო. კლუბთან საქმიანობისას სპეციფიკური დეტალები ყოველკვირეულადაა მოსაფიქრებელი და განსახორციელებელი, ნაკრებში კი შედარებით ხანგრძლივი პაუზა პროდუქტიულადაა გამოსაყენებელი. საბოლოოდ კი ერთსა და იმავეს აკეთებ – გუნდსა და ფეხბურთელებს ავარჯიშებ.

- ნაკრების მთავარი მწვრთნელი უპირველესად მოთამაშეების სათანადოდ შერჩევის უნარით უნდა გამოირჩეოდეს?

- ასე მარტივად საქმე არაა. კონკრეტული მომენტისთვის საუკეთესო უნდა აარჩიო და თვისებების სრულად გამოვლენაში შეუწყო ხელი. ეს რთული საქმეა. ამასთან, ნაკრების დამრიგებელმა ფსიქოლოგიურ ზეწოლასაც უნდა გაუძლოს.

- “სკუადრა აძურაში” გამოსვლისას წარმატებებით ვერ დაიკვეხნით...

- მსოფლიოს 1990 წლის მუნდიალზე მაყურებლის სტატუსით დავკმაყოფილდი. ცხადია, ამით გახარებული არ ვიყავი, მაგრამ არჩევანი ხომ მწვრთნელებმა გააკეთეს. ამერიკის მსოფლიოს ჩემპიონატზე გამოსვლისგან კი თავად ვთქვი უარი. მაშინ შეცდომა დავუშვი და ამის თაობაზე მოგვიანებით არაერთხელ მითქვამს. იმხანად არასწორად მოვიქეცი, მაგრამ რაც იყო, იყო.

- იტალიის ნაკრების მთავარწვრთნელობა რომ შემოგთავაზონ, დათანხმდებით?

- ჯერჯერობით არავის დაურეკავს...

- ამბობენ, ერთ-ერთი ხელისშემშლელი ფაქტორი ფინანსური საკითხია. თქვენ მეტად მაღალანაზღაურებადი მწვრთნელი ხართ, სანაკრებო მწვრთნელებს კი ესოდენ მაღალი ანაზღაურება, როგორც წესი, არ აქვთ...

- ვინც ამას ამბობს, წარმოდგენა არ აქვს შექმნილ ვითარებაზე. როგორ შეიძლება ვისაუბროთ ჩემ ფინანსურ მოთხოვნაზე, როდესაც არავინ დამკავშირებია და არც მოლაპარაკება მიმდინარეობს.

- სხვადასხვა გამოკითხვას თუ ვერწმუნებით, ტიფოზის რჩეული თქვენ ხართ...

- ეს ჩემთვის საამაყო მომენტია. ეტყობა, მინდობილ საქმეს ცუდად არ ვუძღვებოდი, შესაძლოა, გულშემატკივარს ამ არჩევანს ჩემი სამოთამაშეო კარიერაც აკეთებინებს.

- წლევანდელ მუნდიალზე იტალიის ნაკრებმა სრული ფიასკო განიცადა?

- ყოველი წარუმატებელი გამოსვლის შემდეგ “სკუადრა აძურას” ლაფში ამოვსვრით ხოლმე. არადა, 2 წლის წინ ევროპის ჩემპიონატის ფინალში ვითამაშეთ. მუნდიალი ჩავაფლავეთ. ასეთ ტურნირებზე ყველაფერს ცალკეული ეპიზოდები წყვეტენ. ჰოლანდია ნახევარფინალში გავიდა, არადა მექსიკასთან მატჩის დასრულებამდე ხუთიოდე წუთით ადრე ბეწვზე გადარჩნენ. წარუმატებლობისგან დრამა არ უნდა შევქმნათ, სიტუაციის გამოსწორებაზე ვიფიქროთ.

- ცალკეული ეპიზოდების მნიშვნელობაზე გაამახვილეთ ყურადღება. იტალიის ჩავარდნის მთავარი მომენტი მარკიზიოს გაძევება გახდა?

- მსაჯმა ნაადრევი და მეტად მკაცრი გადაწყვეტილება მიიღო, მაგრამ უმთავრესი კოსტა რიკასთან მარცხი იყო. პლეი ოფში რომ გავსულიყავით, შესაძლოა ყველასთვის მოგვეგო კიდეც.

- იტალიის ფეხბურთის ფედერაციაში ძირეული რეფორმაბია გასატარებელი?

- ხელმძღვანელობა უკვე გადადგა და ახლა მთავარია, მმართველ პოსტებზე სერიოზული და კომპეტენტური ადამიანები ავირჩიოთ. მათ ფეხბურთი უნდა ესმოდეთ და კარგად ესმოდეთ, რაა შესაცვლელი.

- რომელ ახალგაზრდა ფეხბურთელებზე უნდა გაკეთდეს სამომავლოდ აქცენტი?

- იტალია ყოველთვის მდიდარი იყო საფეხბურთო ტალანტებით. 2 მოთამაშეს დავასახელებ. პირველი 19 წლის მარკო ვერატია, რომელიც ახალგაზრდულ ასაკში პსჟ-ს ძირითადი შემადგენლობის წევრი გახდა. Dავასახელებ ჩირო იმობილესაც. იგი ახლახან დორტმუნდის “ბორუსიაში” გადავიდა. ბუნდესლიგაში თამაში იმობილეს დიდ სამსახურს გაუწევს.

- ნაკრებში “სენატორები” კვლავინდებურად უნდა გამოვიძახოთ? მაგალითად ჯიჯი ბუფონი და ანდრეა პირლო...

- ხუმრობთ? ცხადია, ორივეს გამოვიძახებდი. ორივენი ბრწყინვალე ფეხბურთელები არიან. ნაკრების დამრიგებელი უძლიერეს მოთამაშეებს უნდა ეყრდნობოდნენ, პირლო და ბუფონი კი სწორედ ასეთები არიან. სასურველი შედეგის მისაღწევად ყოველი კონკრეტული მომენტისთვის საუკეთესო შემადგენლობას უნდა მოვუყაროთ თავი.

- დაგვიხასიათეთ მარიო ბალოტელი...

- მარიო კარგი ბიჭია, იგი ძალიან მიყვარს. ოღონდ მან უნდა შეიგნოს, რომ დრო მიდის და შესაძლებლობები ბოლომდე გამოიყენოს. მარიო 24 წლისაა და თანდათან მეტი მოეთხოვება. 2 წლის წინ მან “სკუადრა აძურა” ევროპირველობის ფინალში გაიყვანა. ბალოტელი ბრწყინვალე ფეხბურთელია, უბრალოდ რამდენიმე მატჩი წარუმატებლად ჩაატარა. შესაძლოა, მასზე სასიკეთოდ დაქორწინებამ იმოქმედოს. მარიოზე დაყრდნობა შეიძლება, მაგრამ მან ნაკრებში ადგილი კონკურენციის პირობებში უნდა დაიმკვიდროს.

- ჩეზარე პრანდელი უკვე ოფიციალურად გახდა “გალათასარაის” მთავარი მწვრთნელი...

- მას თურქეთის ჩემპიონობას ვუსურვებ. ჩეზარეს ეყო გამბედაობა, წარუმატებლობის შემდეგ პაუზა არ აეღო, საქმეს მოკლე ხანში, უცხო გარემოში დაბრუნებოდა.

- რობერტო მანჩინის მალე იტალიის ნაკრების სამწვრთნელო ბაზაზე ვიხილავთ?

- თუკი “სკუადრა აძურას” გაწვრთნას შემომთავაზებენ, ყველაფერს კარგად ავწონ-დავწონი. ჯერჯერობით კი შვებულებაში ვარ და გულიანად ვისვენებ.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
ჯგუფი A
თ.ქ.
საფრანგეთი 37
შვეიცარია 35
ალბანეთი 33
რუმინეთი 31
ჯგუფი B
თ.ქ.
უელსი 36
ინგლისი 35
სლოვაკეთი 34
რუსეთი 31
ჯგუფი C
თ.ქ.
გერმანია 37
პოლონეთი 37
ჩრდ.ირლანდია 33
უკრაინა 30
ჯგუფი D
თ.ქ.
ხორვატია 37
ესპანეთი 36
თურქეთი 33
ჩეხეთი 31
ჯგუფი E
თ.ქ.
იტალია 36
ბელგია 36
ირლანდია 34
შვედეთი 31
ჯგუფი F
თ.ქ.
უნგრეთი 35
ისლანდია 35
პორტუგალია 33
ავსტრია 31
სარეკლამო ადგილი - 5
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
250 x 250
0.041891