|
ყვითლები და მწვანეები
2016-06-17 16:38 | ნახვები: 136892
123456
„ჩვენი ბიჭები ისვრიან ზეცაში და ცვივა გერმანელების თვითმფრინავები. აი უკვე ათი ჩამოაგდეს. ახლა მხოლოდ სამია დარჩენილი. მიდით ბიჭებო, მალე ერთიც აღარ დარჩება გერმანელთაგან“ - ეს ძველი, მეორე მსოფლიო ომის დროინდელი სიმღერაა ჩრდილოეთ ირლანდიის საფეხბურთო ნაკრების ერთ-ერთი ჰიმნი და ამ სიმღერას ყველა ირლანდიელი მღერის დიდია თუ პატარა, ბავშვია თუ ქალი. თუმცა, ირლანდიელ ქომაგებს ბევრი სხვა სიმღერაც აქვთ. მარტივი, უბრალი სიმღერები,რომელიც ყველამ იცის და უმარტივესია მათზე აყოლა. სიმღერა უმარტივესია, მაგრამ ირლანდიელობაა რთული. სანამ ევროპის მიმდინარე ჩემპიონატზე უკრაინისა და ჩრდილოეთ ირლანდიის საფეხბურთო ნაკრებთა მატჩი შედგებოდა, ირლანდიელებმა დიდებული ქომაგობით, მხიარულებით, უბრალოებითა და ნულამდე დაყვანილი აგრესიით უკვე გაიმარჯვეს ევროპის ჩემპიონატზე ქომაგებს შორის. შეიძლება არსებობს კიდეც მსგავსი წოდება და პრიზი,მაგრამ ჩვენ საუკეთესო ქომაგების სტატუსს აქვე ვანიჭებთ ირლანდიელებს და ეს სტატუსი დამსახურებულია უკუნისამდე. განა უკრაინელებს არ უყვართ საკუთარი ქვეყანა და ნაკრები? განა მათ არ იმღერეს მატჩის მიმდინარეობისას? განა არ იტირეს, როდესაც გამარჯვების იმედი დაკარგეს და ევროპის ჩემპიონატზე ყოფნის დრო სავარაუდოდ შეუმცირდათ, მაგრამ, ირლანდიელებმა სულ სხვა ამბები დაატრიალეს და ეს ყველაფერი მხოლოდ ფეხბურთს არ უკავშირდება. შვეიცარიაში მგაზავრობისაგან დაღლილი სამი ირლანდიელი შეგვხვდა. უბრალო, მუშა ბიჭები, რომლებსაც ფულის დაზოგვის მიზნით იაფფასიანი ავიარესისი შემდეგ, ავტობუსით უნდა ესარგებლათ. ყველანი ვისკით გაძეძგილები და გადაღლილები იყვნენ, მაგრამ მაინც ჯიუტად მღეროდნენ ფაშისტების ჩამოყრილ თვითმფრინავებზე. ლიონში, ერთ-ერთ ლუდხანაში, სმისა და უძილობისგან დაღლილ ორ ირლანდიელს ტკბილად ეძინა და როდესაც ოფიციანტმა ისინი გააღვიძა, თვალის გახელისთანავე შესძახეს „მარსელიოზა“.. ტრამვაიში, ირლანდიელი მამა ეტლით მიაგორებდა ათიოდე წლის ფეხებმოკვეთილ შვილს და მამაც და შვილით მთელი გზის მანძილზე ირლანდიის ჰიმნს მღეროდნენ. საკუთრივ მატჩის დროს, დაახლოებით 6-7 წლის ბიჭუნას ხელში საყვირი ეჭირა და ფაქტობრივად უშეცდომოდ ყვებოდა სიმღერის რიტმებს. კიდევ უამრავი რამის ჩამოთვლა შეიძლება ირლანდიელ ქომაგებზე და მიუხედავად იმისა, რომ გასაგები მიზეზების გამო, მაინც უკრაინის ნაკრების მოგება გვსურდა, არ უნდა დაგვცდეს თუნდაც ერთი აუგი ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნულ გუნდზე, რომელმაც არ უღალატა საკუთარ ქომაგებს და მათი ნაკრების ისტორიაში ერთ-ერთ ყველზე დიდებული და ღირსსახსოვარი გამარჯვება მოიპოვა. და უკრაინელები... მათთვის ქართველი რომ ხარ ყველაფერს ნიშნავს: მეგობრობას, სიყვარულს, შენიანთან შეხვედრას, თანამოაზრეს, მხარდამჭერს, უბედურების გამზიარებელს და კიდევ უამრავ რამეს. ირლანდელებისგან განსხვავებით, თამაშის დროს უკრაინელები ჩვენსავით, ძირითადად მაშინ ყვიროდნენ და უკრავდნენ აპლოდისმენტებს, როდესაც მათი გუნდი რაიმე სახეიროს აკეთებდა (სამწუხაროდ ასეთი მომენტი იმ თამაშში ძალიან ცოტა იყო) დანარჩენ დროს კი დაზაფრული სახეებით შესცქეროდნენ ირლანდიელების სუსტი მეტოქიდან, ყველაზე მონდომებულ და მოტივირებულ გუნდად გარდასახვას. გულშესაღონი სანახავი იყო,როგორ იცრემლებოდნენ უკრაინელი ლამაზ-ლამაზი ასულები მატჩის დარულების შემდეგ. თუმცა, ეს წაგება განსაკუთრებით მაინც ასაკოვან უკრიანელებს ეტკინათ, რადგან, როგორც ერთ-ერთი ზაპოროჟიელი ბიძაკაცი იძახდა, უკრაინელებს „მარცხის ფუფუნება“ არ ქონდათ. რას ვიზამთ, ცხოვრება დარდისა და სიხარულის ნაზავია, უკრაინა კი აუცილებლად გაიმართება წელში! ლევან სეფისკვერაძე სპეციალურად worldsport.ge-სთვის საფრანგეთიდან |
|
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია