|
“ლუზიტანები” დებიუტანტთან იწყებენ
2016-06-14 13:30 | ნახვები: 6338
1
ევრო 2016-ის ჯგუფური ეტაპის პირველი ტური “სტად ჟოფრი გიშარზე” დასრულდება, სადაც პორტუგალიის ნაკრები დებიუტანტ ისლანდიას დაუპირისპირდება. “ლუზიტანები” გათამაშების ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ გუნდად მოიაზრებიან და დღევანდელ შეხვედრას უდავო ფავორიტის სტატუსით ხვდებიან. პორტუგალიელებმა მოსამზადებელი პერიოდი კარგად გამოიყენეს და ამხანაგური მატჩების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ტურნირს კარგ ფორმაში ხვდებიან. ნაკრების გამოკვეთილი ლიდერი რომ კრიშტიანო რონალდუა, არაახალია და ბევრი საუბარი არ სჭირდება. მის გარდა, ბევრი იქნება დამოკიდებული პეპეზე, მოურინიოზე, უილიამ კარვალიოზე, ანდრე გომეშზე, ნანიზე და რიკარდო კვარეზმაზე. განსაკუთრებით გამოსაყოფი ეს უკანასკნელია, რომელმაც ამხანაგური მატჩები დიდებულად ჩაატარა და თუ ევროპის ჩემპიონატზე ასე იასპარეზა, პორტუგალიელთა შეტევები კიდევ უფრო სახიფათო გახდება. პორტუგალიის ნაკრებს განაცხადში შესანიშნავი ტალანტები ჰყავს და ფერნანდო სანტუშის ნდობა რომ არა ვეტერანების მიმართ, ნიჭიერი ახალგაზრდების რაოდენობა გაცილებით მეტი იქნებოდა. “ლუზიტანებს” 30 წელს გადაშორებული 9 მოთამაშე ჰყავთ წაყვნილი, ხოლო 8 მოთამაშე 24 წელს არ აღემატება. როგორც ვხედავთ, ნაკრები თანაბრადაა დაკომპლექტებული ახალგაზრდა და ვეტერანი მოთამაშეებით. ცნობისთვის, პირენეელთა საუკეთესო შედეგი ევროპის ჩემპიონატზე მეორე ადგილია (2004), ხოლო ფიფას რეიტინგში ამჟამად მერვე ადგილზეა. ისლანდია ტურნირის ერთ-ერთი დებიუტანტია და ორი წლის წინ ამას ალბათ ვერავინ წარმოიდგენდა, მაგრამ კუნძულელებმა შესარჩევი ძალიან დამაჯერებლად ჩაატარეს და უდიდეს წარმატებას სრულიად დამსახურებულად მიაღწიეს. ისინი ამ მომენტისთვის ფიფას რეიტინგში 34-ე საფეხურზე იმყოფებიან. კუნძულელების მთავარი ვარსკვლავი “სუონსის” ნახევარმცველი გილფი სიგურდსონია, ხოლო ფართო საზოგადოებისთვის ყველაზე ცნობილი მოთამაშე “ჩელსისა” და “ბარსელონას” ყოფილი ფორვარდი – ეიდურ გუდიონსენი, რომელიც ძალიან მობერებულია (37 წლის) და ალბათ მხოლოდ მატჩის ბოლოს თუ ექნებათ მისი იმედი. ნაკრებებს ერთმანეთის წინააღმდეგ ორჯერ აქვთ ნათამაშები და ორჯერვე პორტუგალიამ იმარჯვა. პორტუგალიის ბოლო მატჩები: 08.06.2016 პორტუგალია – ესტონეთი 7:0 ისლანდიის ბოლო მატჩები: 06.06.2016 ისლანდია – ლიხტენშტაინი 4:0 პორტუგალია – ისლანდია 14 ივნისი, 23:00 სენტ-ეტიენი, “სტად ჟოფრი გიშარი” სავარაუდო შემადგენლობები პორტუგალია (4-3-3): პატრისიო, პეპე, ფონტე, სოარეში, გერერო, უ.კარვალიო, მოუტინიო, გომეში, კვარეზმა, ნანი, რონალდუ. ისლანდია (4-2-3-1): ჰალდორსონი, სევარსონი, რ.სიგურდსონი, სკულასონი, არნასონი, გუდმონსენი, ბიარნასონი, გ.სიგურდსონი, გუნარსონი, ჰალფედსონი, სიგტორსონი. მსაჯი: იუნეტ ჩაკირი |
|
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია