|
ევრო 2016-ის მონაწილეთა წარდგენა – თურქეთი
2016-06-04 16:46 | ნახვები: 5759
1
თურქეთის ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპს რვაწლიანი პაუზის შემდეგ უბრუნდება. 2008 წელს, ჩვენი მეზობელი ქვეყანა საუკეთესო ოთხეულში მოხვდა და იქ გერმანიასთან წააგო. თუმცა, ეს ადრე იყო, ახლა თურქეთი რამდენად შეძლებს იგივეს გაკეთებას რთული სათქმელია. საკვალიფიკაციო ეტაპზე ფათიჰ თერიმის გუნდს ცუდი სტარტი გამოუვიდა, მაგრამ ნელ-ნელა შედეგი გააუმჯობესა და მართალია თავის ქვეჯგუფში მესამე ადგილზე გავიდა, მაგრამ საუკეთესო მაჩვენებელი ჰქონდა მესამეადგილოსნებს შორის და საფრანგეთში პირდაპირ, პლეი-ოფის გარეშე მოხვდა. თურქებმა განსაკუთრებით კარგად შესარჩევი ეტაპის დასკვნითი ნაწილი ჩაატარეს, როცა მიჯრით მოუგეს ჰოლანდიას (3:0), ჩეხეთს (2:0) და ისლანდიას (1:0). სწორედ ასეთ რთული ჯგუფიდან მოიპოვა თერიმის გუნდმა ევროპის ჩემპიონატზე თამაშის უფლება და ახლა, მათ ამბიციურობას თუ გავითვალისწინებთ, ჯგუფიდან გასვლა უდაოდ ექნებათ მიზნად დასახული. მთავარი მწვრთნელი – ფათიჰ თერიმი გამოცდილი სპეციალისტის სამწვრთნელო კარიერა 1987 წელს “ანკარაგუჯუდან” იღებს სათავეს. მერე “გოზტეპესა” და თურქეთის 21-წლამდე ნაკრებს ავარჯიშებდა, ხოლო 1993 წელს ეროვნულ გუნდში უხმეს, სადაც სამი წელი იმუშავა და გუნდი ევროპის 1996 წლის ჩემპიონატზეც გაიყვანა. სხვათა შორის, თერიმი ევროპის ჩემპიონატზე მესამედ გაწვრთნის თურქეთის ნაკრებს. გარდა 20 წლის წინადელისა, 2008 წელსაც იგი ხელმძღვანელობდა ნაკრებს და ნახევარფინალამდე მიიყვანა. ნაკრებში თერიმის მეორე მობრუნება ოთხწლიანი აღმოჩნდა (2005-2009), თუმცა 2013 წელს ისევ მას უხმეს და გუნდმა შედეგი აჩვენა. სანაკრებო კარიერის გარდა იგი სტამბულის “გალათასარაიში” მუშაობით გახდა ცნობადი, სადაც ასევ სამჯერ დაინიშნა მთავარ მწვრთნელად სხვადასხვა დროს: 1996-2000, 2002-2004 და 2011-2013 წლები. მის კარიერაში იყო აპენინიც, სადაც თერიმი ჯერ ფლორენციის “ფიორენტინას” და მერე “მილანს” მცირე ხნით ავარჯიშებდა. რაც შეეხება ტიტულებს, თერქეთის სუპერლიგა 6-ჯერ აქვს მოგებული, თურქეთის თასი ორჯერ, ხოლო სუპერთასი 4-ჯერ. ყველაზე დიდ მიღწევად კი მაინც უეფას თასის მოგება მიიჩნევა “გალათასარაისთან” ერთად 1999-2000 წლების სეზონში. თურქეთის ნაკრებში მიღწეულზე კი უკვე ზემოთ ვთქვით. დავამატებთ, რომ 2013 წლიდან დღემდე იგი თურქებს 31 მატჩში გაუძღვა, რომელთაგანაც გუნდმა 21 მოიგო. შემადგენლობა მეკარეები:23. ჰარუნ თექინი ("ბურსასფორი"), 12. ონურ კივრაკი ("ტრაბზონსფორი"), 1. ვოლკან ბაბაჩანი ("ბასექშეჰირი") მცველები:7. გოკჰან გონული ("ფენერბაჰჩე"), 22. შენერ ეზბაირაკლი ("ფენერბაჰჩე"), 4. აჰმეთ ჩალიკი ("გენჩლერბირლიგი"), 3. ჰაკან ბალტა ("გალათასარაი"), 15. მეჰმეთ ტოპალი ("ფენერბაჰჩე"), 2. სემიჰ კაია ("გალათასარაი"), 18. ჯანერ ერკინი ("ფენერბაჰჩე"), 13. ისმაილ ქეიბაში ("ბეშიქთაში") ნახევარმცველები:21. ემრე მორი ("ნორდსელანდი"), 20. ვოლკან შენი ("ფენერბაჰჩე"), 6. ჰაკან ჩალჰანოღლუ ("ლევერკუზენი"), 5. ნური შაჰინი ("დორტმუნდი"), 14. ოგუზხან ეზიაკუპი ("ბეშიქთაში"), 16. ოზან ტუფანი ("ფენერბაჰჩე"), 8. სელჩუკ ინანი ("გალათასარაი"), 10. არდა თურანი ("ბარსელონა"), 11. ოლჯაი შაჰანი ("ბეშიქთაში") თავდამსხმელები:17. ბურაქ ილმაზი ("ბეიცზინ გოანი"), 9. ჯენკ თოსუნი ("ბეშიქთაში"), 19. იუნუს მალი ("მაინცი") სავარაუდო შემადგენლობა: (4-5-1): ბაბაჩანი; ეზბაირაკლი, კაია, ტოპალი, ერკინი; შენი, ჩალჰანოღლუ, ინანი, შაჰინი, არდა თურანი; თოსუნი თერიმის შერჩეული 23 კაცი ძირითადად შიდა, თურქეთის ჩემპიონატს წარმოადგენს. ეს გასაკვირი არცაა, თურქეთის სუპერლიგა საკმაოდ მაღალი დონისაა და იქ არაერთი სახელოვანი ლეგიონერიც ირჯება. თუმცა, ამ ნაკრების მთავარ დამრტყმელ ძალად მაინც ლეგიონერები ითვლებიან, რომლებიც თითზე ჩამოსათვლელად არიან – არდა თურანი და ჰაკან ჩალჰანოღლუ. მთავარი ვარსკვლავი: არდა თურანი – თურქეთის ნაკრების მთავარი ფიგურა რა თქმა უნდა, არდა თურანია კატალონიის “ბარსელონას” შემტევი. მართალია, არდას გადასარევი სეზონი არ ჰქონია და “ბლაუგრანას” ძირითად შემადგენლობაში ფაქტობრივად ვერ ხვდებოდა, მაგრამ მის კლასში ეჭვის შეტანა უადგილოა. სხვათა შორის, 2008 წელს მიღწეულ წარმატებაში მისი წვლილი განუზომელია და სწორედ იმ ჩემპიონატზე შენიშნეს ევროპულმა გუნდებმა მაშინ “გალათასარაის” ნახევარმცველი. მერე მის კარიერაში “ატლეტიკო” იყო, სადაც არდამ ჩინებულად წარმოაჩინა თავი და “ბარსელონაში” მიიღო ადგილი. არდა თურანის ანგარიშზე თურქეთის ნაკრებში ჩატარებული 82 თამაში და 16 გოლია. მთავარი იმედი: ჰაკან ჩალჰანოღლუ – 22 წლის ჰაკან ჩალჰანოღლუ ევროპული ფეხბურთის მოყვარულთათვის კარგადაა ცნობილი. ნიჭიერ გამთამაშებელს დიდოსტატურად ძალუძს სტანდარტული სიტუაციების შესრულება. მან ფეხბურთის თამაში გერმანიაში დაიწყო, სადაც “კარლსრუესა” და “ჰამბურგის” რიგებში უკვე მოასწრო თამაში, ხოლო ახლა ლევერკუზენის “ბაიერის” ერთ-ერთი საკვანძო ფიგურაა. თურქეთის ნაკრებში კი მისი მონაგარი ასეთია: 18 თამაში, 6 გოლი. ევროპის ჩემპიონატების ისტორია აქამდე თურქეთმა ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გასვლა სამჯერ მოახერხა. აქედან ორ შემთხვევაში ჩვენმა მოსაზღვრემ ჯგუფიდან გასვლა შეძლო. ერთადერთი წარუმატებელი ჩემპიონატი ინგლისში 1996 წელს ჰქონდა, როცა ჯგუფში ჩარჩა. 2000 წელს ბელგია-ჰოლანდიაში იტალიასთან ერთად გავიდა ჯგუფიდან და პლეი-ოფში პორტუგალიასთან ვერ გახდა ვერაფერს, ხოლო 2008 წელზე უკვე იცით, რომ ნახევარფინალი გერმანიასთან დათმო. მანამდე ხორვატიას პენალტების სერიაში აჯობა დრამატულ მეოთხედფინალში. კალენდარი ევრო 2016-ზე თურქეთი – ხორვატია 12 ივნისი, 17:00 საათი. პარიზი, “პარკ დე პრენსი” სწორედ ხორვატიასთან მატჩით დაიწყებს ფათიჰ თერიმის გუნდი ევრო 2016-საც. 2008 წლის 20 ივნისს, ვენაში 90 წუთში გოლი არ გასულა ამ გუნდებს შორის, დაინიშნა დამატებითი დრო, სადაც ხორვატიამ 119-ე წუთზე ივან კლასნიჩმა დააწინაურა და თითქოს ბალკანელები მომდევნო ეტაპზე უნდა გასულიყვნენ, როცა დამატებითი დროის, დამატებულ მეორე წუთზე სემიჰ სენტურკმა წონასწორობა აღადგინა. პენალტების სერიის გმირი კი გამოცდილი რუშთუ რექბერი გახდა თურქეთმა ლატარეაში 3:1 იმარჯვა. ევროპის ჩემპიონატზე თურქეთსა და ხორვატიას შორის ეს არ ყოფილა ერთადერთი თამაში. ისინი 1996 წლის პირველობაზეც ერთ ჯგუფში იყვნენ და მაშინ ნოტინგემში, ვლაოვიჩის გოლით ხორვატიამ იმძლავრა. რაც შეეხება ბოლო დაპირისპირებას – სხვათა შორის, არც ბოლო დაპირისპირება ყოფილა ამ გუნდებს შორის მშვიდი, რადგან იგი ევროპის 2012 წლის პლეი-ოფში შედგა, სადაც ორი მატჩის ჯამში ხორვატიამ მოიგო – 3:0 (0:0, 3:0). მთლიანობაში, თურქეთი ხორვატიასთან მოუგებელია: 4 ფრე, 2 წაგება. ესპანეთი – თურქეთი 17 ივნისი, 23:00 საათი. ნიცა, “სტად დე ნიცა” თურქებს უკეთესი მდგომარეობა არც მეორე მოწინააღმდეგე ესპანეთთან აქვთ – 10 თამაში, 1 მოგება, 4 ფრე, 5 წაგება. ძირითადად ეს ორი გუნდი შორეულ წარსულში ხვდებოდნენ ერთმანეთს, თუმცა მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ერთად იყვნენ – “ფურიე როხამ” ორივე თამაში მოიგო – 1:0 და 2:1. ჩეხეთი – თურქეთი 21 ივნისი, 23:00 საათი. ლანსი, “ბოლარ დელელისი” ჯგუფური ეტაპის ბოლო თამაშს თურქეთი ჩეხეთთან ჩაატარებს, რომელთანაც არანაკლებ დრამატული წარსული აკავშირებს, ვიდრე ხორვატიასთან. სხვას ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ისინი ერთ ქვეჯგუფში იყვნენ ევრო 2016-ის შესარჩევში. ჯერ სტამბულში ჩეხეთმა მოიგო 2:1, ხოლო გასული წლის ოქტომბერში უმოტივაციო ჩეხეთს პრაღაში ფათიჰ თერიმის გუნდმა აჯობა – 2:0. ევროპის 2008 წლის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზეც თურქეთმა იმარჯვა. მაშინ, ჩეხეთი 75-ე წუთამდე 2:0 იგებდა, მაგრამ დარჩენილ 15 წუთში თურქეთმა 3 გოლის გატანა შეძლო. დუბლით ნიჰატ კაჰვეჩი გამოირჩა, ხოლო სანამ ის გაიტანდა გოლებს, თავის გამოჩენა არდა თურანმაც შეძლო, რომელიც ჩეხეთის წინააღმდეგ ახლაც ითამაშებს. თუ მხედველობაში ჩეხოსლოვაკეთის თამაშებსაც მივიღებთ, თურქეთი ძალზე უარყოფით ბალანსშია: 4 მოგება, 3 ფრე, 12 წაგება. თამაში ისტორიიდან ევრო 2008, მეოთხედფინალი – 20 ივნისი, 2008. ვენა, “ერნსტ ჰაპელი” ხორვატია – თურქეთი 1:1 პენ: 1:3 გოლები: 1:0 კლასნიჩი (119), 1:1 სემიჰი (120) საუკეთესო შედეგი: ნახევარფინალი – 2008 ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი: ჰაკან შუქური (51 გოლი) - ამჟამად საუკეთესო გოლეადორი გუნდში: ბურაქ ილმაზი (19 გოლი) ყველაზე მეტი მატჩი: რუშთუ რექბერი (120 თამაში) ტეგები:
თურქეთის ეროვნული ნაკრები |
|
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია