|
დაიწყებს გატანას ლევანდოვსკი?
2016-06-25 10:57 | ნახვები: 6293
12
შვეიცარია თუ პოლონეთი? ერთ-ერთი ყველაზე თანაბარი წყვილია მერვედფინალში. ორივესთვის წარმატება იქნება მეოთხედფინალში გასვლა, რადგან არასოდეს მიუღწევიათ აქამდე. მუნდიალებზე სხვაა, სლავები ორჯერ გასულან მესამე ადგილზე და ისტორიულად შვეიცარიელებზე ბევრად კარგი შედეგები აქვთ, თუმცა სენტ-ეტიენში ეს არავის გაახსენდება. ორივენი მეორე ადგილით გავიდნენ ჯგუფიდან, თუმცა პოლონელები უფრო დამაჯერებლად: 7 ქულით. შვეიცარიელებმა კი 5 ქულა დააგროვეს. გოლი ცოტა გააქვთ და ცოტას უშვებენ, ადამ ნავალკას კარი სულაც ხელშეუხებელია, ხოლო შვეიცარიელებმა ერთი გაუშვეს და ისიც, პენალტით. არის ბევრი საერთოც: ორივე ნაკრებში წამყვან როლებს გერმანიის ბუნდესლიგელი, ან ბუნდესლიგამოვლილი ფეხბურთელები ასრულებენ. მათ შორის ყველაზე სახელიანი, რა თქმა უნდა, რობერტ ლევანდოვსკია. “ბაიერნის” ვარსკვლავს ამ ევროპაზე გოლი ჯერ არ გაუტანია და დროა, მართლაც დროა. ძლიერი მეკარე, მობილური დაცვა – ამით ორივე ნაკრები დაიკვეხნის. შვეიცარიელთაგან ერთი კონკრეტული მოთამაშის გამორჩევა რთულია, მათ არ ჰყავთ ლევანდოვსკის დონის ფიგურა, თუმცა გუნდური თამაში კარგად აქვთ დაყენებული. ორივე გუნდის მწვრთნელი უხმაურო კომენტარით შემოიფარგლა. ერთმანეთის გუნდები შეაქეს და აღნიშნეს, პატივისცემა გასაგებია, მაგრამ არ გვეშინიაო. პოლონელთა თავკაცმა ადამ ნავალკამ განაცხადა, ლევანდოვსკის თუ ვერ გააქვს, ეს დიდი პრობლემა არაა, მთავარია, ნაკრები წარმატებით თამაშობსო. “ჩვენ ახალ ისტორიას ვწერთ პოლონურ ფეხბურთში. ფიზიკურად და ფსიქოლოგიურადაც კარგად ვართ მომზადებულნი. მომენტები უკეთ უნდა გამოვიყენოთ, რადგან შვეიცარია სხვაგვარად არ გვაპატიებს. ლევანდოვსკი? ის გუნდის ნაწილია. გამორჩეული ფეხბურთელია, მაგრამ უპირველესად, გუნდური ინტერესები ამოძრავებს” – თქვა ნავალკამ. შვეიცარიელთა მწვრთნელი ვლაიდიმირ პეტკოვიჩი აღნიშნავს, რომ პოლონელებს ძლიერი შემადგენლობა ჰყავთ, თუმცა თავადაც არ წუწუნებს. “მთავარი მიზანია, ტერიტორიული უპირატესობა არ დავუთმოთ მეტოქეს, რომელიც სივრცეებს კარგად იყენებს. აი, როცა შეტევაზე ვიქნებით, სამი-ოთხი ფეხბურთელი საჯარიმოში უნდა გვყავდეს”. აქამდე ეს ნაკრებები 10-ჯერ შეხვედრიან ერთმანეთს და უპირატესობა პოლონელთა მხარესაა: 4 მოგება, 5 ფრე, 1 წაგება, ბურთები 20:11 ასევე მათ სასარგებლოდ. 25 ივნისი. 17:00. სენტ-ეტიენი. “ჟოფრუა გიშარი” შვეიცარია-პოლონეთი სავარაუდო შემადგენლობები შვეიცარია: ზომერი, ლიხშტაინერი, შერი, ჯურუ, როდრიგესი, ბეჰრამი, ჯაკა, ჯემაილი, შაქირი, მეჰმედი, სეფეროვიჩი მწვრთნელი: ვლადიმირ პეტკოვიჩი პოლონეთი: ფაბიანსკი, პიშჩეკი, გლიკი, პაზდანი, ენჯეიჩიკი, კრიხოვიაკი, მაჩინსკი, ბლაშჩიკოვსკი, გროსიცკი, მილიკი, ლევანდოვსკი მწვრთნელი: ადამ ნავალკა მსაჯი: მარკ კლატენბურგი (ინგლისი) |
|
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია