|
ხორვატია ბრწყინვალეა: მერვედფინალია იტალია-ესპანეთი
2016-06-22 03:46 | ნახვები: 8797
12345678
ესპანეთის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე 2004 წლის შემდეგ პირველად წააგო... "ფურია როხამ" დაკარგა ჯგუფში პირველობა და მერვედფინალში შეხვდება იტალიას: აი, სუპერწყვილი. იტალია-ესპანეთი, წინა ევროპის ფინალის გამეორება მერვედფინალში. ხორვატიას კი ქება და ქება. ანტე ჩაჩიჩის გუნდმა წინა ორ შეხვედრაშიც მშვენიერი თამაში აჩვენა და წარმოიდგინეთ, რა მძიმე მდგომარეობაში იყო ესპანეთთან, როცა აკლდა ლუკა მოდრიჩი და მარიო მანჯუკიჩი, თანაც, მე-7 წუთზე ალვარო მორატამ გაუტანათ და აგებდნენ. დავიდ სილვამ დაფარული პასი შეაყოლა სესკ ფაბრეგასს, რომელმაც მორატას გაატანინა ახლო მანძილიდან. ექს-იუგოსლავიელებმა ძალა გამონახეს და მალევე უნდა გაეთანაბრებინათ, თუმცა ივან რაკიტიჩს არ გაუმართლა, თავზე გადაუგდო ბურთი დე ხეას და ძელმა იხსნა იბერიელები. ტაიმის ბოლოს კი ივან პერიშიჩმა მარცხნიდან ჩააწოდა და ნიკოლა კალინიჩმა ახლოდან შეაგდო - 1:1. მეორე ნახევარში ესპანელებს უპირატესობა თითქმის არ ჰქონიათ. არ ჰქონიათ იმის ფონზე, რა უპირატესობაც თურქეთთან და ჩეხეთთან ვნახეთ. ხორვატი პიაცა პენალტს ითხოვდა მეტოქის საჯარიმოში დრიბლინგისა და წაქცევის მერე, თუმცა მსაჯმა არ დანიშნა და სამ წუთში ხორვატები დასაჯა თერთმეტმეტრიანით: ცოტა საეჭვო ეპიზოდი კი იყო. სერხიო რამოსმა პირდაპირ ცენტრისკენ ძლიერად დაარტყა, მაგრამ მეკარე დანიელ სუბაშიჩმა მოიგერია. ეს ძვირად დაუჯდა "ფურია როხას", რადგან 87-ე წუთზე აქეთ გაუშვა გოლი: სწრაფმა პერიშიჩმა მარცხნიდან შეირბინა, დაარტყა, მცირე რიკოშეტი პიკეს ფეხიდან და დე ხეამ ახლო კუთხეში გაუშვა. "სჯობს, ახლა ვერ გაიტანო პენალტი, ვიდრე ფლეი ოფში, როცა უფრო მნიშვნელოვანი მატჩები გვექნება" - განაცხადა სერხიო რამოსმა. ბოლოს ჰქონდათ ესპანელებს მომენტი, როცა სილვა შევიდა საჯარიმოში, მაგრამ ხორვატთა დაცვა მშვენივრად გაისარჯა და საბოლოოდ, 2:1 - ჩაჩიჩის გუნდი პირველ ადგილზე გავიდა ჯგუფში და რომელიმე მესამეადგილოსანს შეხვდება. რომელს, ჯერ უცნობია, მაგრამ ყველაზე დიდი შანსია, ეს სლოვაკეთი იყოს... დაველოდოთ, რომელი მესამეადგილოსნები გავლენ. ჯგუფის მეორე შეხვედრაში თურქებმა 2:0 მოუგეს ჩეხებს. ისე, ფათიჰ თერიმის გუნდმა მხოლოდ ორჯერ მოარტყა ბურთი კარის ჩარჩოში და ორივე გაიტანა. რთულია, ეს გოლები პეტრ ჩეხს დააბრალო, ბურაქ ილმაზმაც და ოზან ტუფანმაც მშვენივრად შეასრულეს. ჩეხები ბევრს კი უტევდნენ, მაგრამ ეს ცუდად გამოსდით. ამ ევროპაზე ჩეხების აქტივში მხოლოდ ხოვატებთან ნათამაშევი ბოლო 15 წუთი ჩაითვლება, ზოგადად კი, სადღაა ის ჩეხეთი, ადრე რომ იყო. თურქები მესამეზე კი გავიდნენ, მაგრამ გავლენ კი მერვედფინალში? ეს საკითხავია. ჯერჯერობით, მხოლოდ ერთ მესამეადგილოსანს სჯობნიან - ალბანეთს. ახლა დამოკიდებულნი არიან E და F ჯგუფის მატჩებზე. შესაძლოა, ან ერთგან, ან მეორეგან 2-ქულიანი გუნდები გავიდნენ მესამე ადგილზე, ამ შემთხვევაში კი თურქებს გზა გაეხსნებათ მერვედფინალისკენ. 21 ივნისი. 23:00. ბორდო. "სტად დე ბორდო" ხორვატია-ესპანეთი 2:1 (1;1) ხორვატია: სუბაშიჩი, სრნა, ჩორლუკა, იედვაი, ვრშალკო, როგი (კოვაჩიჩი 82), რაკიტიჩი, პიაცა (კოპი 90+1), ბადელი, პერიშიჩი (კრამარიჩი 90+4) კალინიჩი მწვრთნელი: ანტე ჩაჩიჩი ესპანეთი: დე ხეა, ხუანფრანი, პიკე, რამოსი, ალბა, ბუსკეტსი, ფაბრეგასი (ალკანტარა 84), ინიესტა, ნოლიტო (ბრუნო 60), სილვა, მორატა (ადურიცი 67) მწვრთნელი: ვისენტე დელ ბოსკე გოლები: 0:1 მორატა (7), 1:1 კალინიჩი (45), 2:1 პერიშიჩი (87) 71-ე წუთზე რამოსმა ვერ გაიტანა პენალტი (მეკარე) გაფრთხილება: როგი (29), ვრშალკო (70), სრნა (70), პერიშიჩი (87) მსაჯი: კუიპერსი (ჰოლანდია) ბურთის ფლობა %: 40-60, დარტყმა: 13 (4) - 15 (3), კუთხური: 3-7, თამაშგარე: 1-1, სეივი: 2-2, ჯარიმა: 10-11 21 ივნისი. 23:00. ლანსი. "ფელიქს ბოლარი" ჩეხეთი-თურქეთი 0:2 (0:1) ჩეხეთი: ჩეხი, კადერაბეკი, ჰუბნიკი, სივოკი, პუდილი. დარიდა, კრეიჩი, პლაშილი (კოლარი 89), პაველკა (შკოდა 57), დოჩკალი (შურალი 71), ნეციდი მწვრთნელი: პაველ ვრბა თურქეთი: ბაბაჯანი, გიოქჰანი, ბალთა, ტოპალი, კოუბასი, სელჩუკ ინანი, არდა თურანი, ვოლქან შენი (ოზიაქუფი 61), ტუფანი, მორი (საჰანი 70), ბურაქ ილმაზი (თოსუნი 90) მწვრთნელი: ფათიჰ თერიმი გოლები: 0:1 ბურაქ ილმაზი (10), 0:2 ტუფანი (66) გაფრთხილება: კოუბასი (35), პლაშილი (36), პაველკა (39), შურალი (87) მსაჯი: კოლამი (შოტლანდია) ბურთის ფლობა %: 52-48, დარტყმა: 13 (5) - 9 (2), კუთხური: 8-3, თამაშგარე: 3-5, სეივი: 0-5, ჯარიმა: 16-14 |
|
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია