|
საფრანგეთმა ისევ ბოლოში მოიგო და მერვედფინალში გავიდა
2016-06-16 01:42 | ნახვები: 7057
1234567891011121314151617181920212223242526
მძიმედ, მაგრამ საფრანგეთის ნაკრებმა ალბანეთს მაინც მოუგო და როგორც მოსალოდნელი გახლდათ, პირველი მერვედფინალისტია. “მამლებს” მოკრძალებულმა და ბევრისთვის უცნობმა ალბენთმა კი, ისეთი მედგარი წინააღმდეგობა გაუწია ბარე-ორს შეშურდება. მივყვეთ თანმიმდევრობით მიუხედავად იმისა, რომ უშუალოდ თამაშზე ბევრი არაფერია მოსაყოლი. თუ დიდიე დეშამის გუნდს პირველ ტურში ბოლო წუთზე დმიტრი პაიემ მოაგებინა, ამჯერად გმირის როლი ანტუან გრიზმანმა შეითავსა, რომელიც სხვათა შორის სასტარტო შემადგენლობაში არ ყოფილა. მის გარდა, დეშამმა სკამზე კიდევ ერთი ლიდერი პოლ პოგბა დატოვა, თუმცა მალევე მიხვდა, რომ შეცდა. ანტონი მარსიალმა და კინგსლი კომანმა ბოძებული შანსები ვერ გამოიყენეს. ეს განსაკუთრებით, “მანჩესტერის” ფორვარდზე ითქმის, რომელმაც პირველ 45 წუთში სახეირო ვერაფერი გააკეთა. საერთოდ, აქვე უნდა ითქვას, რომ თუ საფრანგეთის ნაკრებს ევროპის ჩემპიონობა უნდა, გაცილებით მეტი მოეთხოვება და თუ თამაშის ხარისხს მალე არ გააუმჯობესებს, მეტოქედ სულ რუმინეთი და ალბანეთი ნამდვილად არ ეყოლება. არც იღბალი იქნება მის მხარეს და ყოველ თამაშზე ბოლო წუთზე ვერ შეაგდებს გამარჯვების მომტან გოლს... მოკლედ, დეშამს საფიქრალი თავზე საყრელად აქვს და ვნახოთ, რას მოიფიქრებს გამოცდილი სპეციალისტი. მანამდე კი, ალბანეთის ნაკრები ტოლსწორად ეთამაშა მრისხანე მეტოქეს და ოდნავ რომ გამართლებოდა, უქულოდ ნამდვილად არ დარჩებოდა. სხვა თუ არაფერი, ალბანეთის კარში პირველი ზუსტი დარტყმა 90(!)-ე წუთზე განხორციელდა და გოლიც გავიდა... დიახ, დღევანდელ შეხვედრაში ფრანგმა ფეხბურთელებმა კარის ჩარჩოში ორჯერ დაარტყეს და ორჯერვე ბურთი ბადეში აღმოჩნდა. სანამ საფრანგეთი გაიტანდა, ალბანეთი თავს მედგრად, თავგანწირვით იცავდა და დაცვაშიც უშეცდომო იყო. ეგ კი არა, რამდენჯერმე მწვავედ შეუტია “სმაფეროვნებს” ერთ ეპიზოდში გოლის გატანაში ხელი ძელმაც შეუშა. სამართლიანობა მოითხოვს და უნდა ვთქვათ, რომ ძელს ოლივიე ჟირუმაც გაარტყა. საბოლოოდ, ჯანი დე ბიაზის დაცვის ცენტრი პირველად 90-ე წუთზე ჩავარდა, როცა ადილ რამის ჩაწოდებისას გრიზმანი მარტო დატოვეს და “ატლეტიკოს” შემტევმაც თავით გაიტანა. მერე მსაჯმა ხუთი წუთი რომ დაამატა მატჩს, ალბანეთი წინ წავიდა, კონტრშეტევა გამოეპარა და მატჩის საუკეთესო ფეხბურთელ დმიტრი პაიეს ორი მცველის მოტყუება და ზუსტად დარტყმა არც გასჭირვებია – 2:0. საფრანგეთის ნაკრებმა ორი მატჩის მოგება შეძლო და ორივესი ბოლო წუთებში. შესაბამისად, “მამლებს” ექვსი ქულა აქვთ და ოფიციალურად უკვე პირველი მერვედფინალისტია. ახლა ისღაა გასარკვევი ჯგუფს მოიგებს თუ მეორე ადგილზე გავა. ალბანეთის ნაკრები კი, მხოლოდ შექებას იმსახურებს. შვეიცარიასთანაც და დღესაც ეს გუნდი მშვენივრად გამოიყურებოდა და ახლა ქულა რომ არ აქვს, ცოტა უსამართლობაცაა. ისე, ბოლო ტურში დე ბიაზის ბიჭები რუმინეთის არცთუ სანახაობრივ ნაკრებს თუ დასჯაბნიან, ვინ იცის, ეგებ 3 ქულა საუკეთესო მესამეადგილოსნებში მოსახვედრად ეყოთ კიდეც... საფრანგეთი – ალბანეთი 2:0 (0:0) მარსელი, “ველოდრომი” მაყურებელი: 65 000 საფრანგეთი (4-2-3-1): ლორისი; სანია, რამი, კოშელნი, ევრა; კანტე, მატუიდი; კომანი (გრიზმანი 68), პაიე, მარსიალი (პოგბა 46); ჟირუ (ჟინიაკი 77) მწვრთნელი: დიდიე დეშამი ალბანეთი (4-3-3): ბერიშა; ჰისაი, აიეტი (ვესელი 84), მავრაი, აგოლი; აბრაში, კუკელი (ჯაკა 74), მემუშაი; ლილა (როში 71), სადიკუ, ლენიანი მწვრთნელი: ჯანი დე ბიაზი გოლები: 1:0 გრიზმანი (90), 2:0 პაიე (90+5) გაფრთხილება: კანტე (88) – კუკელი (55), აბრაში (81) სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 22 (2) – 8 (0) ბურთის ფლობა: 59%-41% კუთხურები: 6:4 თამაშგარე: 1:1 მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: დმიტრი პაიე მსაჯი: უილიამ კოლამი (შოტლანდია) |
|
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია