|
ევრო 2016-ის მონაწილეთა წარდგენა – იტალია
2016-06-06 16:10 | ნახვები: 6534
1
დამდეგ ევროპის ჩემპიონატზე ბევრისთვის იტალიის ეროვნული ნაკრები სათვალავში არ ხვდება და ვერც გაუმტყუნებთ. “სკუადრა აძურას” თაობის მხრივ სერიოზული კრიზისი უდგას და თვითონ იტალიელი ფეხბურთელები აღიარებენ, რომ საფრანგეთში ფავორიტის სტატუსით არ ჩადიან. თუმცა, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ არაფავორიტის სახელით მყოფი იტალია გაცილებით სახიფათოა. 2004 წელს, ან თუნდაც 1996 წელს აპენინელთა მთავარი გუნდი ვარსკვლავების ნაკლებობას არ უჩიოდა, მაგრამ ორჯერვე ჯგუფში ჩარჩა. მოკლედ, დაველოდოთ მოვლენების განვითარებას და შეძლებენ თუ არა იტალიელი მოთამაშეები კრიტიკოსებს დადუმებას. არადა, იტალიის ნაკრებმა საკვალიფიკაციო ეტაპი ძალზე დამაჯერებლად განვლო, 10 შეხვედრიდან 7 მოიგო და 3 ფრედ დაასრულა. შესაბამისად, მეზობელ საფრანგეთში გამგზავრების უფლება მარტივად მიიღო. ერთი ეგაა, ანტონიო კონტეს გუნდს ამხანაგურ თამაშებში უჭირს, მაგრამ ისიც ვაღიაროთ, რომ სპარინგებში “სკუადრა აძურა” თავს არასდროს იკლავდა. მთავარი მწვრთნელი - ანტონიო კონტე ანტონიო კონტემ იტალია 2014 წლის ზაფხულში ჩაიბარა და უკვე გადაწყვეტილია, რომ ევროპის ჩემპიონატი რომც მოიგოს, დაკავებულ თანამდებობას დატოვებს, რადგან ლონდონის “ჩელსისთან” კონტრაქტი გაფორმებული აქვს. “გრაფის” (მისი გვარი იტალიურიდან ასე ითარგმნება) ხელში “სკუადრა აძურამ” დღემდე 19 თამაში ჩაატარა და აქედან ათის მოგება მოახერხა, 6-ჯერ ფრე ითამაშა და სამჯერ დამარცხდა. კონტეს სამწვრთნელო კარიერა 2006 წელს “არეცოში” დაიწყო, თუმცა პირველი წარმატება “ბარიში” მუშაობის დროს მოვიდა, როცა პულიური გუნდი იტალიის სერია ა-ში აღაზევა, მერე იყო მცირე ხნით “ატალანტა”, საიდანაც კონფლიქტით მალევე წავიდა და “სიენა”, რომელიც “ბარის” მსგავსად იტალიურ ელიტაში დააბრუნა. 2011 წლის ზაფხულში კი ანტონიო ტურინის “იუვენტუსს” იბარებს და იტალიის ყველაზე ტიტულოვან გუნდს მიჯრით სამჯერ მოაგებინა სკუდეტო, ასევე ორჯერ იტალიის სუპერთასი და მერე ნაკრებშიც დაუძახეს. შემადგენლობა მეკარეები:1. ჯანლუიჯი ბუფონი (“იუვენტუსი”), 12. სალვატორე სირიგუ (პსჟ, საფრანგეთი), 13. ფედერიკო მარკეტი (“ლაციო”) მცველები:2 მატია დე შილიო (“მილანი”), 3. ჯორჯო კიელინი (“იუვენტუსი”), 4. მატეო დარმიანი (“მანჩესტერი”, ინგლისი), 5 ანჯელო ოგბონა (“ვესტ ჰემი”, ინგლისი), 15. ანდრეა ბარძალი (“იუვენტუსი”), 19. ლეონარდო ბონუჩი (“იუვენტუსი”) ნახევარმცველები:6. ანტონიო კანდრევა (“ლაციო”), 14. სტეფანო სტურარო (“იუვენტუსი”), 16. დანიელე დე როსი (“რომა”), 10. ტიაგო მოტა (პსჟ, საფრანგეთი), 18. მარკო პაროლო (“ლაციო”), 8. ალესანდრო ფლორენცი (“რომა”), 23. ემანუელე ჯაკერინი (“ბოლონია”) 21. ფედერიკო ბერნარდესკი (“ფიორენტინა”) თავდამსხმელები:11. ჩირო იმობილე (“ტორინო”), 9. გრაციანო პელე (“საუთჰემპტონი”, ინგლისი), 7. სიმონე ძაძა (“იუვენტუსი”), 20 ლორენცო ინსინიე (“ნაპოლი”), 17. ედერი (“ინტერი”), 22. სტეფან ელ შაარავი (“რომა”) სავარაუდო შემადგენლობა: (3-5-2):ბუფონი; ბარძალი, ბონუჩი, კიელინი; კანდრევა, ფლორენცი, დე როსი, ჯაკერინი, დარმიანი; ედერი, პელე იტალიის ნაკრების 23 კაციან განაცხადში ვერ მოხვდა ვეტერანი ანდრეა პირლო. ამან აპენინზე დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია და ბევრმა კონტე გააკრიტიკა კიდეც. მწვრთნელმა კი აღნიშნული გადაწყვეტილება, პირლოს ამერიკაში თამაშის გამო მიიღო, დაბალი დონის ჩემპიონატში თამაშობსო. იმავე მიზეზით ვერ მოხვდა ნაკრებში MLS-ის საუკეთესო ფეხბურთელი სებასტიან ჯოვინკო, რომელსაც აშშ-ში გოლების გატანა არ უჭირს. პირლოს არ გამოძახება კიდევ უფრო მოულოდნელი იყო იმის ფონზე, რომ ორი წლის წინ უშუალოდ კონტეს თხოვნის შედეგად დაუბრუნდა “აძურას”. საფრანგეთში იტალია ძალზე დიდი დანაკლისით მიდის – ნახევარდაცვის ორი მთავარი ფიგურა კლაუდიო მარკიზიო და მარკო ვერატი სეზონის ფინიშზე სერიოზულად დაშავდნენ და სამშობლო უნებლიედ დააღალატეს. ეს მართლაც დიდი დანაკლისია და იტალიის შანსი მათ გარეშე კიდევ უფრო უფერული ხდება. “სკუადრა აძურას” განსაკუთრებით შეტევაში უჭირს, სადაც მთავარი ფიგურა გრაციანო პელე იქნება, რომელმაც შესარჩევ ციკლში 7 მატჩში 3 გოლი შეაგდო. სხვათა შორს, მას ნაკრებში დებიუტი 29 წლის ასაკში, ერთი წლის წინ ჰქონდა. ვერატისა და მარკიზიოს გარეშე ძალზე შესუსტებულია შუახაზიც. ამ ორ პოზიციასთან შედარებით უკეთესი მდგომარეობაა დაცვის ხაზში, სადაც “იუვენტუსის” შეთამაშებული და გამოცდილი ტრიო იმოქმდებს. მთავარი ვარსკვლავი: ჯანლუიჯი ბუფონი– ლეგენდარული ჯიჯი ბუფონი – იტალიელთა იმედი და კაპიტანი. 38 წლის ბუფონი კარიერის დასრულებას ჯერაც არ აპირებს და ამის საფუძველი არც აქვს, რადგან მსოფლიოში ისევ ერთ-ერთი საუკეთესოა, თუ საუკეთესო არა. ბუფონი ეროვნულ ნაკრებში ჩატარებული მატჩების რაოდენობით რეკორდსმენია (154). ეს მისთვის მეოთხე ევროპის ჩემპიონატი იქნება (2004, 2008 და 2012). 2000 წელსაც მას უნდა დაეცვა იტალიელთა კარი, მაგრამ ზედ ჩემპიონატის წინ ნორვეგიასთან სპარინგში თითი მოიტეხა და ასპარეზი ფრანჩესკო ტოლდოს დაუთმო. ბუფონი ამ გუნდში ყველაზე გამორჩეულია და ნაკრებში სიტყვა ყველაზე მეტადაც ეთქმის. მოკლედ, “სკუადრა აძურა” ისევ მისი სასწაულმოქმედი ხელების იმედზე იქნება. მთავარი იმედი: ალესანდრო ფლორენცი– იტალიის ნაკრების შემადგენლობა იმდენად გაფერმკრთალებულია, რომ ბევრი რამ ახლა “რომას” 25 წლის შუახაზელზე იქნება დამოკიდებული. ფლორენცის უპირატესობა უნივერსალური თვისებებია. მას შეუძლია როგორც განაპირა მცველად თამაში, ისე მთლიანი ფლანგის კონტროლი. ანუ, კონტეს საყვარელ სქემას (3-5-2) ყველაზე უკეთ ერგება. თუმცა, “გრაფი” მას ამჟამად ცენტრალურ ნახევარმცველად მოაზირებს. იქ, სადაც ფლორენცი კარიერის დასაწყისში თამაშობდა. ალესანდროს “რომაში” კარგი სეზონი ჰქონდა. ალბათ, გახსოვთ, ჩემპიონთა ლიგაზე “ბარსელონას” კარში მოედნის ცენტრიდან გატანილი გოლი, ხოლო იტალიის ჩემპიონატში მიუხედავად უმეტესად მარჯვენა მცველად თამაშისა, 7 გოლის გატანა მოახერხა. რაც შეეხება ნაკრებს, მის ანაგრიშზე დღემდე 16 მატჩი და 2 გოლია. ევროპის ჩემპიონატების ისტორია მსოფლიოს 4 გზის ჩემპიონს კონტინენტის პირველობა ერთადერთხელ აქვს მოგებული და ისიც შორეულ 1968 წელს სამშობლოში. ფინალურ მატჩში იტალიამ იუგოსლავიას რომში მოუგო, ოღონდ გადათამაშებში, რადგან პირველმა ფინალურმა დაპირისპირებამ გამარჯვებული ვერ გამოავლინა. მას შემდგომ 48 წელი მიილია და “სკუადრა აძურა” ევროპაში ჩემპიონობას ამაოდ ცდილობს. 2000 და 2012 წელს ოქროს მედალთან ყველაზე ახლოს იყო, თუმცა ფინალი ორჯერვე დათმო. ჯერ საფრანგეთთან დრამატულად, დამატებით დროში წააგო ფაქტობრივად მოგებული მატჩი, ხოლო ოთხი წლის წინ ჩეზარე პრანდელის ნაკრებს ფინალში ესპანეთთან შანსი არ ჰქონია (0:4). 1980 და 1988 წლებში კი “აძურამ” საუკეთესო ოთხეულში შეძლო მოხვედრა. 1992 წელს, შვედეთის საგზური საერთოდ ვერ მოიპოვა იმ დროს აძელიო ვიჩინის გუნდმა, ხოლო 1996 და 2004 წლებში ვარსკვლავებით გადავსებული იტალია ქვეჯგუფში ჩარჩა. კალენდარი ევრო 2016-ზე ბელგია – იტალია 13 ივნისი, 23:00 საათი. ლიონი, “სტად დე ლიონი” ანტონიო კონტეს ნაკრები ევრო 2016-ზე თამაშს ბელგიასთან მატჩით დაიწყებს, რომელთანაც გასული წლის ნოემბერში ბრიუსელში ამხანაგური თამაში წააგო (1:3). იმ მატჩში “აძურა” ანტონიო კანდრევას გოლით იგებდა, მაგრამ მერე იან ვერტონგენისგან, კევინ დე ბრუინისგან და მიჩი ბატშუაისგან სამი უპასუხო ბურთი მიიღო საკუთარ კარში. მანამდე იტალიელებს ბელგია მიჯრით ორჯერ დაემარცხებინათ: 2008 წელს, ზედ ევროპის ჩემპიონატის წინ, ასევე ამხანაგურად 3:1 (დი ნატალე დუბლი, კამორანეზი – გოლების ავტორები) და ევროპის 2000 წლის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე, როცა ბრიუსელში დინო ძოფის გუნდმა მასპინძელს ფრანჩესკო ტოტისა და სტეფანო ფიორეს გოლებით მშრალად აჯობა. საერთოდ, აქამდე იტალია ბელგიას ოფიციალურ მატჩებში 5-ჯერ შეხვდა, საიდანაც 2 მოიგო, 1 წააგო და 2 ფრედ დაასრულა. რაც შეეხება საერთო სტატისტიკას, იტალიის უპირატესობა საგრძნობია – 13 მოგება, 4 ფრე, 4 წაგება. იტალია – შვედეთი 17 ივნისი, 17:00 საათი. ტულუზა, “სტად დე ტულუზა” იტალიის ნაკრებს შვედეთთან საქმე სარევანშოდ აქვს – ევრო 2004-ზე ჯოვანი ტრაპატონის მაშინდელი ფავორიტი გუნდი სკანდინავიელებმა ჩატოვეს ჯგუფში, როცა დანიასთან ბოლო ტურში ორივესთვის სასურველი ფრე ზედ ბოლო წუთზე გაითამაშეს (2:2). მანამდე კი, მეორე ტურში, პორტუს “დრაგაუს” სტადიონზე იტალია შვედეთთან მთელი თამაში დიდ უპირატესობას ფლობდა, მაგრამ ერთადერთი მომენტი გამოიყენა (ანტონიო კასანომ) და 85-ე წუთზე ზლატან იბრაჰიმოვიჩმა ბუფონს არაამქვეყნიური სილამაზის გოლი გაუტანა – 1:1. 2000 წელსაც ერთ ჯგუფში იყვნენ შვედები და იტალიელები. ეინდჰოვენში “სკუადრა აძურამ” მოიგო – ლუიჯი დი ბიაჯოსა და ალესანდრო დელ პიეროს გოლებს ჰენრიკ ლარსონმა ერთით უპასუხა. საერთო ჯამში იტალია შვედეთს 22-ჯერ დაუპირისპიდა და აქედან 10 მატჩი მოიგო, 6 ფრედ დამთავრდა და 6 წააგო. იტალია – ირლანდია 22 ივნისი, 23:00 საათი. ლილი, “სტად პიერ მორო” როგორც ოთხი წლის წინ, იტალია ჯგუფურ ეტაპს ამჯერადაც ირლანდიასთან მატჩით დაასრულებს. 2012 წელს ჩეზარე პრანდელის გუნდმა ანტონიო კასანოსა და მარიო ბალოტელის გოლებით მოიგო (2:0). დღეს არც კასანოა გუნდში და არც ბალოტელი. თავის მხრივ, ირლანდიამ აპენინელები მსოფლიოს 1994 წლის ჩემპიონატის ჯგუფში დაამარცხა (1:0), ხოლო ოთხი წლით ადრე, ასევე მუნდიალზე მეოთხედფინალში იტალიამ მოიგო ტოტო სკილაჩის კინკილა გოლით. იტალია და ირლანდია მსოფლიოს 2010 წლის შესარჩევ ციკლშიც ერთად იყვნენ – მაშინ ბარიში ვინჩენცო იაკვინტამ და რობი კინმა გაცვალეს გოლები, ხოლო დუბლინში უფრო შედეგიანი ფრე დაფიქსირა – 2:2. სხვათა შორის, სამხრეთ აფრიკის მუნდიალის საგზური იტალიამ სწორედ იმ დღეს გაიფორმა. მთლიანობაში იტალია ირლანდიასთან დიდ უპირატესობას ფლობს – 13 თამაში, 8 მოგება, 3 ფრე, 2 წაგება. თამაში ისტორიიდან მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონატი, ნახევარფინალი – 4 ივლისი, 2006. დორტმუნდი, “სიგნალ იდუნა პარკი” გერმანია – იტალია 0:2 (დ.დ) გოლები:0:1 გროსო (119), 0:2 დელ პიერო (120) საუკეთესო შედეგი:ჩემპიონი - 1968 ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი:ლუიჯი რივა (35 გოლი) –ამჟამად საუკეთესო გოლეადორი გუნდში:დანიელე დე როსი (17 გოლი) ყველაზე მეტი მატჩი:ჯანლუიჯი ბუფონი (154 თამაში) ტეგები:
იტალიის ეროვნული ნაკრები |
|
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია