|
მეორე ბრიტანული დერბი
2016-06-25 11:04 | ნახვები: 6431
123
ევროპის ჩემპიონატის დებიუტანტები უელსი და ჩრდილოეთ ირლანდია ერთმანეთს პარიზში, მერვედფინალურ მატჩში დაუპირისპირდებიან. ეს ევრო 2016-ზე მეორე ბრიტანული დერბია. მანამადე უელსელები ჯგუფში ინგლისელებს შეხვდნენ და 1:2 დამარცხდნენ. შაბათს ეს ნაკრებები ერთმანეთის პირისპირ 113-ჯერ წარდგებიან. წინა 112-დან 54 მატჩი უელსელებმა მოიგეს, 31 ჩრდილოირლანდიელებმა, 27 კი ფრედ დამთავრდა. ბოლოს მათ წლეულს მარტში ითამაშეს ამხანაგურად. მატჩი 1:1 დამთავრდა. უელსელებმა B ჯგუფში ექვსი ქულით პირველი ადგილი დაიკავეს, თან ბოლო ტურში რუსებს 3:0 მოუგეს და მეზობლებთან შეხვედრას ჩინებულ ხასიათზე ხვდებიან. მათი ლიდერი გარეტ ბეილი კი 3 გოლით ესპანელ მორატასთან ერთად ტურნირის მეგოლეთა სიას ლიდერობს. გარეტ ბეილი: “ეს დაუჯერებელია, ყოველთვის ვოცნებობდი ჩემს ნაკრებთან ერთად დიდ ტურნირზე მეთამაშა და ოცნება რეალობად იქცა. ჯერჯერობით ყველაფერი კარგად მიდის და იმედია კიდევ გავახარებთ თანამემამულეებს. განცვიფრებული ვარ ქომაგების ქცევით. ისინი ყოველთვის ჩვენს გვერდით არიან. ისიც ვიცით სამშობლოში რაც ხდება, ამიტომ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა მათ სიხარული გავუხანგრძლივოთ. ჩრდილოეთ ირლანდიელებზე, ცხადია, მეტი ვიცით ვიდრე, ვთქვათ ალბანელებზე ან თურქებზე. რთული მეტოქეა, თუმცა, ვფიქრობ, შეგვიძლია მათი დამარცხება. არავისი გვეშინია, რუსეთთან მოგებამ გაცილებით თავდაჯერებულები გაგვხადა. ჩრდილოირლანდიელებს დაახლოებით ჩვენი მსგავსი ხასიათის გუნდი ჰყავთ. განსაკუთრებით ძლიერები დაცვაში არიან. ძალიან კმაყოფილები ვართ პლეი ოფში გასვლით. თუ ისე ვითამაშეთ, როგორც რუსეთთან, ესპანეთსა და გერმანიასთანაც შეგვეძლება ღირსეულად ბრძოლა. განსაკუთრებით მიხარია, რომ ჯგუფში პირველი ადგილი დავიკავეთ და ცხრილში ინგლისელებზე მაღლა აღმოვჩნდით. ვინ არის ფავორიტი ჟურნალისტებმა გადაწყვიტონ. ჩვენ საკუთარი ძალის გვჯერა.” კრის კოულმენი: “ვეცდებით ინგლისელებთან დაშვებული შეცდომები აღარ გავიმეოროთ. ცუდად არ გვითამაშია, მაგრამ ეპიზოდებში ბურთს კარგად ვერ ვაკონტროლებდით. ალბათ, ფსიქოლოგიური მომენტიც იყო. ბრიტანული დერბი განსაკუთრებულ ემოციებს იწვევს. ჩრდილოირლანდიელებს კარგად ვიცნობთ. მარტში კარდიფში ვეთამაშეთ ამხანაგური მატჩი. ვიგებდით, მაგრამ უპირატესობა ვერ შევინარჩუნეთ. თუმცა, მნიშვნელოვანია, რომ ლიდერები - ბეილი და რემზი ტრავმების გამოარ თამაშობდნენ.” ჩრდილოირლანდიელთა თავკაცმა, მაიკლ ო’ნილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, უელსთან მერვედფინალი ბრიტანული ფეხბურთის ზეიმი იქნებაო: “ბოლო შეხვედრებში ვერავინ დაგვიწუნებდა თავდადებას. დიდებულად ვითამაშეთ და ქომაგები გავაბედნიერეთ. შინ წასვლა არ გვინდა, ამიტომ ბოლომდე ვიბრძოლებთ. დილით, საუზმისას, უკვე კარგად ვხედავდი ჩემი ფეხბურთელბის განწყობას, მათ ანთებულ თვალებს. ძალიან მინდა მატჩმა ძველ, გემრიელ ბრიტანულ სტილში ჩაიაროს.” – დასძინა ო’ნილმა. უელსი – ჩრდილოეთ ირლანდია 25 ივნისი. პარიზი. “პარკ დე პრენსი.” 20:00 სავარაუდო შემადგენლობები; უელსი: ჰენესი, განტერი, ჩესტერი, ეშლი უილიამსი, დევისი, ტეილორი, ლედლი, ალენი, ბეილი, რემზი, რობსონ-კანუ მთავარი მწვრთნელი: კრის კოულმენი ჩრდილოეთ ირლანდია: მაკგოვერნი, ჰიუზი, ქეჩკარტი, მაკაული, ჯონი ევანსი, მაკლაფინი, ნორვუდი, კორი ევანსი, დევისი, დალასი, უორდი მთავარი მწვრთნელი: მაიკლ ო’ნილი მსაჯი: მარტინ ატკინსონი (ინგლისი) |
|
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია