|
გერმანია რევანშის აღებას შეეცდება
2016-06-26 10:26 | ნახვები: 6891
1
ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის მეხუთე 1/8 ფინალური მატჩი “სტად პიერ მაროუზე” გაიმართება, სადაც ერთმანეთს გერმანიისა და სლოვაკეთის ნაკრებები დაუპირისპირდებიან. გერმანიის ნაკრებმა ჯგუფური ეტაპი ისე ჩაატარა, რომ პირველი ადგილის მოსაპოვებლად საკმარისი აღმოჩნდა, თუმცა მაყურებელი მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონისგან აშკარად მეტს მოელის და ლაღად მოთამაშე ბუნდესგუნდის ნახვა სურს. იოახიმ ლიოვის შეგირდები დაცვაში მშვენივრად გამოიყურებიან და ჯგუფურ ეტაპზე ერთადერთი გუნდია პოლონეთთან ერთად, რომელმაც გოლი არ გაუშვა. თუმცა, გერმანელები შედეგიანობის მხრივ მოიკოჭლებენ და არც თუ ისე ძლიერ ნაკრებებთან მხოლოდ 3 გოლის გატანა მოახერხეს. გერმანელთაგან საეჭვო მხოლოდ ჟერომ ბოატენგის თამაშია, რომელსაც მცირე ტრავმა აწუხებს. იმ შემთხვევაში, თუ მიუნხენის “ბაიერნის” ფეხბურთელმა თამაში ვერ შეძლო, შკოდრან მუსტაფი ითამაშებს, რომელმაც პირველ ტურში უკრაინას გაუტანა. იოახიმ ლიოვი სავარაუდოდ იმ თერთმეტეულს დაეყრდნობა, რომელთაც წინა მატჩში ჩრდილოეთ ირლანდია დაამარცხეს. სლოვაკეთის ნაკრებმა ჯგუფში კარგი შთაბეჭდილება დატოვა და 4 ქულით მე-3 ადგილი დაიკავა. გამორჩეულია მარეკ ჰამშიკი, რომელსაც საკუთარი სამშობლოს წარმატებაში ლომის წვლილი მიუძღვის. სლოვაკებმა იმდენი გოლის გატანა შეძლეს, რამდენიც გერმანიამ, თუმცა ამდენივე ბურთიც მიიღეს საკუთარ კარში. თუ გერმანელეთაგან მხოლოდ ბოატენგის თამაშია საეჭვო, იან კოზაკმა შესაძლოა ერთბაშად სამი მოთამაშე მოისაკლისოს: დუშან სვენტოს, ტომაშ ჰუბოჩანსა და რობერტ მაკს მცირე ტრავმები აწუხებთ და მათი საკითხი თამაშის წინ გადაწყდება. გამოკვეთილ ფავორიტად რაღა თქმა უნდა გერმანიის ნაკრები ითვლება, თუმცა არ უნდა დაგვავიწყეს, რომ დაახლოებით ერთი თვის წინ (29 მაისს) სლოვაკეთმა აუგსბურგში გერმანიის დამარცხება მოახერხა (3:1). მასპინძელთაგან მარიო გომესმა ანგარიში პენალტით გახსნა, ხოლო შემდეგ ჰამშიკმა, დურისმა და კუჩკამ მრისხანე მეტოქეს სამი უპასუხო ბურთი გაუტანეს. ასე რომ, სლოვაკეთი უშანსოდ ნამდვილად არაა და გერმანიის ნაკრებს სიფრთხილე მართებს, რომელიც რევანშის აღებას, რაც შეიძლება დამაჯერებლად შეეცდება. ეს ქვეყნები ერთმანეთს ჯამში 28-ჯერ შეხვედრიან, საიდანაც 17-ჯერ გერმანიამ იმარჯვა, 6-ჯერ სლოვაკეთმა, ხოლო 5 მატჩი ფრედ დასრულდა. გერმანია – სლოვაკეთი 26 ივნისი, 20:00 ლილი, “სტად პიერ მაროუ” სავარაუდო შემადგენლობები: გერმანია (4-2-3-1): ნოიერი, ბოატენგი (?), ჰუმელსი, ექტორი, კიმიხი, ხედირა, კროოსი, ოზილი, მიულერი, გიოტცე, გომესი. სლოვაკეთი (4-2-3-1): კოზაჩიკი, დურიცა, შკრტელი, ჰუბოჩანი (?), პეკარიკი, პეჩოვსკი, კუჩკა, მაკი (?), ჰამშიკი, ვაისი, დუდა. მსაჯი: სიმონ მარჩინიაკი
|
|
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია