|
ვინ გატეხავს ნავსს?
2016-06-25 11:40 | ნახვები: 8050
1
ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის საწყისი ნაწილი სამი დღის წინ დასრულდა და დღეს სტარტს ტურნირის მეორე ეტაპი აიღებს – პლეი-ოფი. დღეს 1/8 ფინალის სამი შეხვედრა გაიმართება. ყველაზე დიდ ინტერესს “სტად ბოლერ-დელიზე” გასამართი მატჩი იწვევს, სადაც ერთმანეთს ხორვატიისა და პორტუგალიის ნაკრებები დაუპირისპირდებიან. ხორვატიის ნაკრებმა ჯგუფური ეტაპი შესანიშნავად ჩაატარა და საკმაოდ რთულ ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა. ბალკანელებმა ბოლო ტურში ესპანეთის დამარცხება მოახერხეს და “ფურია როხას” სრულიად დამსახურებულად გადაუსწრეს. ხორვატთაგან გამორჩეულია ივან პერიშიჩი, რომელმაც 3 მატჩში 2 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა მიითვალა. საპირისპირო უნდა ვთქვათ პორტუგალიის ნაკრებზე. ფერნანდუ სანტუშის გუნდმა ის თამაში ნამდვილად ვერ აჩვენა, რომელსაც მოელოდნენ და შემდეგ ეტაპზე მე-3 ადგილით მოუგებლად გავიდა, რაც ამ დონის ნაკრებისთვის წარუმატებლობაა. “ლუზიტანებისთვის” სასიხარულო ისაა, რომ საწყისი 2 მატჩის ჩაგდების შემდეგ ჩვეულ დონეზე ითამაშა კრიშტიანო რონალდუმ, უნგრეთის კარში ორი გოლი გაიტანა, ხოლო ერთი ბურთი ლუიშ ნანის გაატანინა და სამშობლოს ფლეი-ოფის საგზური მოუპოვა. ზემოთ აღნიშნული ფაქტორიდან გამომდინარე ფავორიტი ხორვატიაა, თუმცა საგულისხმოა, რომ ბალკანელებს პორტუგალიასთან თამაში ძალიან უჭირთ. ეს ნაკრებები სამჯერ შეხვედრიან ერთმანეთს და სამჯერვე პირენეელებს დარჩათ გამარჯვება. 2013 წელს ამხანაგურ მატჩში “ლუზიტანებმა” რონალდუს გოლით აჯობეს მეტოქეს. 2005 წელს ასევე ამხანაგურ მატჩში პორტუგალიამ 2:0 იმარჯვა, ხოლო 1996 წლის ევროპის ჩემპიონატზე პირენეელებმა 3 უპასუხო ბურთი გაუტანეს ხორვატებს. როგორც ვხედავთ, ორივე ნაკრებს ნავსი აქვს გასატეხი: ხორვატები ეცდებიან, რომ პორტუგალიასთან პირველად ითამაშონ წარმატებით, ხოლო “ლუზიტანების” მიზანი მიმდინარე ტურნირზე სადებიუტო გამარჯვების მოპოვება იქნება. ხორვატებს ყველა მოთამაშე მწყობრში ჰყავთ, ხოლო პორტუგალიელთა რიგებში ანდრე გომეშისა და რაფაელ გერეიროს თამაშია საეჭვო, რომელთაც მცირე ტრავმა აწუხებთ. ხორვატია – პორტუგალია 25 ივნისი, 23:00 ლანსი, “სტად ბოლერ-დელი” სავარაუდო შემადგენლობები ხორვატია (4-3-3): სუბასიჩი, ვიდა, ჩორლუკა, სრნა, სტრინიჩი, ბადელი, ბროზოვიჩი, მოდრიჩი, რაკიტიჩი, პერიშიჩი, მანძუკიჩი. პორტუგალია (4-4-2): პატრისიო, რ.კარვალიო, პეპე, ვეირინია, გერეირო (?), გომეში (?), მოუტინიო, მარიო, უ.კარვალიო, ნანი, რონალდუ. მსაჯი: ველასკო კარბალიო |
|
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია