რუსეთის ფეხბურთელთა ეროვნულ ნაკრებს ევროპის 2016 წლის ჩემპიონატიდან მოკვეთა ემუქრება. უეფამ ინგლისისა და რუსეთის ნაკრებთა მატჩის დროს და მის შემდეგ მომხდარი ინციდენტები განიხილა და რუსი გულშემატკივრების ჩადენილი საქციელის გამო ამ ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციას 150 ათასი ევროს ოდენობის ჯარიმა დააკისრა, ხოლო გუნდს პირობითი დისკვალიფიკაცია დაუწესა. თუკი რუსი ფანების მონაწილეობით მსგავსი ინციდენტი განმეორდება, რუსეთის ნაკრებს ევრო 2016-ის დატოვება მოუწევს.
მარსელში კვირას გამართული მატჩის დროს რუსი ფანების მხრიდან დაფიქსირდა რასიზმის გამოვლინების ფაქტები, გამოიყენეს პიროტექნიკა, შეხვედრის ბოლოს კი მოწინააღმდეგე გუნდის გულშემატკივართა სექტორზე შეიჭრნენ და ინგლისელებთან ხელჩართული ჩხუბი გააჩაღეს. დაპირისპირება მარსელის ქუჩებშიც გაგრძელდა და მთელმა მსოფლიომ იხილა კადრები, როგორ სასტიკად გაუსწორდნენ რუსები ინგლისელებს.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი სასჯელის გამოყენება რუსეთის წინააღმდეგ უეფას ევრო 2012-ის დროსაც მოუხდა. პოლონეთსა და უკრაინაში გამართული ევროპის ჩემპიონატის დროს, ჩეხეთთან ჯგუფური ეტაპის მატჩის შემდეგ რუსმა ფანებმა სტიუარდი ცემეს, ასევე დაფიქსირდა მათი მხრიდან პიროტექნიკის გამოყენებისა და რასიზმის გამოვლინების ფაქტებიც. ამის გამო მაშინ რუსეთის საფეხბურთო კავშირი 120 ათასი ევროთი დაჯარიმდა, ხოლო ნაკრებს ევრო 2016-ის შესარჩევში პირობითი სასჯელი ჰქონდა დაწესებული (2015 წლის ნოემბრამდე), რაც ინციდენტის განმეორების შემთხვევაში ექვსი ქულის ჩამოკლებას ითვალისწინებდა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია