მერე რა, რომ უნგრეთი თავის ჯგუფში პირველ ადგილზე გავიდა, ხოლო ბელგია მეორეზე?! ყველამ იცის, რომ ამ ნაკრებებს შორის კონტრასტი დიდია და ტულუზში ეს მშვენივრად გამოჩნდა: მარკ ვილმოტსის ვარსკვლავთკრებულმა მადიარებს 4:0 მოუგო.
ედენ აზარზე რომ ვთქვათ, კარგად ითამაშაო, იგივეა რაც არაფერი ვთქვათ. აზარმა იფრინა... გოლი ბრწყინვალე სოლო-გარღვევის შემდეგ გაიტანა, მანამდე ორი წუთით ადრე კი მიჩი ბატშუაის გააატანინა ახლო მანძილიდან.
ბატშუაი მხოლოდ ორი წუთის შემოსული იყო მინდორზე და სხვათა შორის, კიდევ ერთმა შეცვლაზე შესულმა გაიტანა თავისი გოლი: კარასკო რაჯა ნაინგოლანის კარგი პასის შემდეგ პირისპირ გავიდა და დანარჩენი ტექნიკის საქმე იყო.
პირველი ბურთი კი მცველმა ტობი ალდერვაირელდმა მიითვალა. მე-10 წუთი იყო, კევინ დე ბრუინმა ჩააწოდა და უნგრელი მცველები პოზიციურად შეცდნენ. ალდერვაირელდიც და რომელუ ლუკაკუც უყურადღებოდ დატოვეს, თავური კი მცველმა შეასრულა და მეკარე გაბორ კირალის შანსი არ ჰქონია.
არადა, მხოლოდ ანგარიში რომ ნახოს ადამიანმა, იფიქრებს, კირალმა ცუდი მატჩი ჩაატარაო. არანაირად, მარად თეთრშარვლიანმა 40 წლის მეკარემ არაერთი ბურთი მოიგერია.
ისე, გასატანი უნგრელებსაც საკმაოდ ჰქონდათ, თუმცა ხან ტიბო კურტუა თამაშობდა კარგად, ხან თავად მადიარები აცილებდნენ კარს. შანდორ შალაის სამი შანსი ჰქონდა. მომენტებში კარგი იყო ბალაშ ჯუჯაკი და ხშირად აბნევდა მეტოქის უკანახაზელებს, თუმცა მთლიანად უნგრეთის ნაკრებს რაღაც აკლდებოდა და ეს რაღაც მაინც საშემსრულებლო კლასი იყო.
ბელგიამ გუნდური თამაშის და ასევე, კონტრშეტევების ნიმუში შემოგვთავაზა, ხოლო "სოლისტი" ვინც იყო, უკვე დავწერეთ - აზარი ვერ გააჩერეს.
და მაინც, უნგრელები თავაწეულნი დაბრუნდებიან სამშობლოში. ბევრნი მათ ჯგუფში ბოლო ადგილს უწინასწარმეტყველებდნენ, მაგრამ პირველზე გავიდნენ და საერთოდაც, სასიამოვნო თამაშს აჩვენებდნენ. ბელგიასთან აღარ ეყოთ კლასი.
აი, აზარი და მისი თანაგუნდელები კი მეოთხედფინალში უელსს შეხვდებიან. რა თქმა უნდა, ბელგია ფავორიტია...
26 ივნისი. 23:00. ტულუზი. "სტად დე ტულუზი"
უნგრეთი - ბელგია 0:4 (0:1)
უნგრეთი: კირალი, ლანგი, გუზმიჩი, იუჰაში (ბოდე 79), კადარი, ნადი, ლოვრენჩიჩი, პინტერი (ნიკოლიჩი 75), გერა (ელეკი 46), ჯუჯაკი, შალაი
მწვრთნელი: ბერნდ შტორკი
ბელგია: კურტუა, მონიე, ალდერვაირელდი, ვერმაელენი, ვერტონგენი, ვიტცელი, ნაინგოლანი, დე ბრუინი, აზარი (ფელაინი 81), მერტენსი (კარასკო 70), ლუკაკუ (ბატშუაი 76)
მწვრთნელი: მარკ ვილმოტსი
გოლები: 0:1 ალდერვაირელდი (10), 0:2 ბატშუაი (78), 0:3 აზარი (80), 0:4 კარასკო (90+1)
გაფრთხილება: კადარი (34), ლანგი (47), ელეკი (66), ვერმაელენი (67), ბატშუაი (88), შალაი (90+2), ფელაინი (90+2)
მსაჯი: მაჟიჩი (სერბეთი)
ბურთის ფლობა %: 54-46, დარტყმა: 16 (6) - 25 (14), კუთხური: 6-8, თამაშგარე: 0-3, სეივი: 10-6, ჯარიმა: 12-10
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია