|
ევრო 2016-ის მონაწილეთა წარდგენა – ხორვატია
2016-06-04 16:37 | ნახვები: 4787
1
ხორვატიის ეროვნული ნაკრები იუგოსლავიიდან გამოყოფის შემდგომ ყოველთვის მიიჩნევა ევროპულ და საერთოდ, მსოფლიო ფეხბურთში ანგარიშგასაწევ ძალად. მარტო ის რად ღირს, რომ 1998 წლის მუნდიალზე ხორვატები ბრინჯაოს მედლებს დაეუფლნენ, რაც აშკარა მოულოდნელობა იყო. ახლა ხორვატიაში ისეთი ძლიერი თაობა ვერაა, როგორიც დავორ შუკერისა და ზვონიმირ ბობანის დროს, მაგრამ ვარსკვლავების ნაკლებობას არ უჩივის. შესარჩევი ციკლი ბალკანელებმა დამაჯერებლად განვლეს და საფრანგეთის საგზურის მოპოვება ეჭვქვეშ არც დაუყენებიათ. საბოლოოდ, ხორვატიამ საკვალიფიკაციო ეტაპი 10 თამაშში დაგროვილი 21 ქულით დაასრულა (6 მოგება, 3 ფრე, 1 წაგება). სხვათა შორის, საფრანგეთი ხორვატიისთვის კარგ მოგონებებთანაა დაკავშირებული – 1998 წლის მუნდიალი ხომ სწორედ გალების ქვეყანაში გაიმართა. მთავარი მწვრთნელი – ანტე ჩაჩიჩი 62 წლის ანტე ჩაჩიჩმა ხორვატიის ნაკრები 2015 წლის სექტემბერში ჩაიბარა. შესაბამისად, დღემდე მისი ხელძღვანელობით, ხორვატებმა მხოლოდ 6 თამაში ჩაატარეს და აქედან ხუთში მოედანი გამარჯვებულებმა დატოვეს. მართალია ჩაჩიჩი სამწვრთნელო ასპარეზზე 30 წელიწადია, მაგრამ აქამდე განსაკუთრებული წარმატებისთვის არ მიუღწევია და ძირითადად ხორვატულ და სლოვენიურ გუნდებში უმუშავია მეტ-ნაკლები წარმატებით. ხორვატია კი მის კარიერაში უდაოდ საუკეთესო ეტაპია. შემადგენლობა მეკარეები:12. ლოვრე კალინიჩი (“ჰაიდუკი”), 23. დანიელ შუბაშიჩი (“მონაკო”, საფრანგეთი), 1. ივან ვარგიჩი (“რიეკა”) მცველები:11. დარიო სრნა (“შახტარი”, უკრაინა), 5. ვედრან ჩორლუკა (“ლოკომოტივი”, რუსეთი), 2. სიმე ვრსალიკო (“სასუოლო”, იტალია), 21. დომაგოი ვიდა (“დინამო”, უკრაინა), 3. ივან სტრინიჩი (“ნაპოლი”, იტალია), 13. გორდონ შინდენფელდი (“დინამო”), 6. ტინ იედვაი (“ლევერკუზენი”, გერმანია) ნახევარმცველები:7. ივან რაკიტიჩი (“ბარსელონა”, ესპანეთი), 10. ლუკა მორდიჩი (“რეალი”, ესპანეთი), 8. მატეო კოვაჩიჩი (“რეალი”, ესპანეთი), 19. მილან ბადეი (“ფიორენტინა”, იტალია), 4. ივან პერიშიჩი (“ინტერი”, იტალია), 14. მარსელო ბროზოვიჩი (“ინტერი”, იტალია), 15. მარკო როგი ("დინამო"), 18. ანტე კორიჩი ("დინამო") თავდამსხმელები:17. მარიო მანჯუკიჩი (“იუვენტუსი”, იტალია), 16. ნიკოლა კალინიჩი (“ფიორენტინა”, იტალია), 9. ანდრეი კრამარიჩი (“ჰოფენჰაიმი”, გერმანია), 22. დუჟე კოპი (“მალაგა”, ესპანეთი), 20. მარკო პიაცა (“დინამო”) სავარაუდო შემადგენლობა: (4-3-2-1): შუბაშიჩი; სრნა, ჩორლუკა, შინდენფელდი, ვრსალიკო; კოვაჩიჩი, მოდრიჩი, ბადეი; რაკიტიჩი, პერიშიჩი; მანჯუკიჩი ანტე ჩაჩიჩის განკარგულებაში ჩინებული შემადგენლობაა. ისეთი, რომელსაც ბარე-ორი ქვეყანა ინატრებდა. თავად განსაჯეთ ხორვატთა თავკაცს ნახევარდაცვაში შესაშური არჩევანი აქვს – ივან რაკიტიჩი, ლუკა მოდრიჩი, მილან ბადეი, მატეო კოვაჩიჩი, მარსელო ბროზოვიჩი. შეტევაშიც ყველაფერი რიგზეა: მარიო მანჯუკიჩი, ანდრეი კრამარიჩი თუ ნიკოლა კალინიჩი...პრინციპში ჩაჩიჩმა ყველა იმ ფეხბურთელს უხმო ნაკრებში, რომელთა გამოძახებაც მოსალოდნელი იყო. ერთადერთ გამონაკლისად შესაძლოა, დონეცკის “შახტარის” შემტევი ედუარდო და სილვა მივიჩნიოთ, ვისაც ურიგო სეზონი არ ჰქონია. თუმცა ხორვატთა თავდასხმა მის გარეშეც სოლიდურია და ამაზე უკვე ვისაუბრეთ. შედარებით ცუდი მდგომარეობაა დაცვაში, სადაც მთავარი ფიგურა კაპიტანი და ვეტერანი, დარიო სრნაა. მასთან ერთად კი სიმე ვრსალიკოსა და ვედრან ჩორლუკას გამოყოფა შეიძლება. მთავარი ვარსკვლავი: ლუკა მოდრიჩი – 30 წლის შუახაზელი დღესდღეობით თავის პოზიციაზე მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა. ლუკა მადრიდის “რეალის” საკვანძო ფიგურაა და ამ გუნდის წარმატების მთავარ სულისჩამდგმელთა შორის უჭირავს ადგილი. მოდრიჩს ხორვატიის ნაკრებში დებიუტი ჯერ კიდევ 2006 წელს ჰქონდა და გერმანიის მუნდიალზეც ჩაატარა ორი თამაში. მას მერე იგი ნაკრებში დღითიდღე მნიშვნელოვანი მოთამაშე ხდებოდა. დღემდე მის ანგარიშზე 89 მატჩია ნაკრებში (10 გოლი). მთავარი იმედი: ივან რაკიტიჩი – პრინციპიში თუ მოდრიჩია ხორვატიის ნაკრების ლიდერი, იგივეს თქმა შეიძლება კატალონიის “ბარსელონას” უცვლელ წევრ ივან რაკიტიჩზეც. “ბაზელი”, “შალკე”, “სევილია”, “ბარსელონა” – იმ გუნდთა ჩამონათვალი, სადაც ივანი წამყვან პოზიციებზე იყო. რაკიტიჩს კარგი სეზონი ჰქონდა “ბარსაში” და შესაბამისად, ევროფორუმს მომზადებული ხვდება. პირველად მან თეთრ-წითელი მაისური 2007 წელს მოირგო და იმის მერე 78 თამაში ჩაატარა ნაკრებში (12 გოლი). ევროპის ჩემპიონატების ისტორია ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ხორვატიას აქამდე ოთხჯერ უთამაშია (1996, 2004, 2008 და 2012 წლებში). ერთადერთი შემთხვევა, როდესაც ბალკანელებმა საკვალიფიკაციო რაუნდი ვერ დაძლიეს ბელგია-ჰოლანდიის ევროფურმზე იყო 2000 წელს. საუკეთესო მიღწევა დღემდე მეოთხედფინალია, რასაც ხორვატებმა ორჯერ, 1996 და 2008 წლებში უწიეს. 2004 და 2012 წლებში კი ჯგუფში ჩარჩნენ. თუ 12 წლის წინ პორტუგალიაში, შვეიცარიასთან, ინგლისთან და საფრანგეთთან მათ შანსი არ ჰქონიათ, ოთხი წლის წინ ყველაფერი პირიქით იყო და პლეი-ოფში გასვლა შეეძლოთ. ირლანდიის ძლევისა და იტალიასთან ფრის მერე ბოლო ტურში ხორვატია ესპანეთთან დამარცხდა და საბოლოოდ “სკუადრა აძურიას” ქულით ჩამორჩა. კალენდარი ევრო 2016-ზე თურქეთი – ხორვატია 12 ივნისი, 17:00 საათი. პარიზი, “პარკ დე პრენსი” ხორვატიისა და თურქეთის ნაკრებთა ურთიერთშეხვედრათა ისტორია ნამდვილად მდიდარია – ევრო 2012-ის შესარჩევი ციკლის პლეი-ოფში ჯერ სტამბულში დაფიქსირდა ნულოვანი ფრე, ხოლო მერე ზაგრებში მასპინძლებმა 3:0 მოიგეს და ფინალურ ეტაპზე აღმოჩნდნენ. ფინალურ ეტაპზეც ორჯერ მოუწიათ ერთმანეთში თამაში: პირველად 1996 წელს ინგლისში, როცა ხორვატიამ ჯგუფში მეტოქეს 1:0 აჯობა, ხოლო გაცილებით დრამატული გამოდგა მეორე დაპირისპირება 2008 წელს ვენაში – მეოთხედფინალური პაექრობა თურქეთმა პენალტების სერიაში მოიგო 3:1. სხვათა შორის, მაშინ ხორვატთაგან თერთმეტრიანები დღევანდელი გუნდის ლიდერებმა, ლუკა მოდრიჩმა და ივან რაკიტიჩმა ვერ გაიტანეს. ისიც დასამატებელია, რომ იმ მატჩში ანგარიში ხორვატიამ 119-ე წუთზე გახსნა, მაგრამ შედეგი ერთი წუთი ვერ შეინარჩუნა და საბოლოოდ რაც მოხდა, უკვე გიამბეთ. ისე კი, ხორვატიას ძირითად დროში თურქეთთან ჯერაც არ წაუგია – 2 მოგება, 4 ფრე. ჩეხეთი – ხორვატია 17 ივნისი, 20:00 საათი. სენტ ეტიენი, “სტად ჟოფრი გიშარი” ხორვატია მეორე ტურში სენტ ეტიენში ჩეხეთს დაუპირისპირდება, თურქეთისგან განსხვავებით, ეს ამ გუნდთა პირველი ოფიციალური დაპირისპირება იქნება. ისე კი, ამხანაგურად ორჯერ შეხვედრიან ერთმანეთს და ხორვატები უპირატესობას ფლობენ – 1 მოგება, 1 ფრე 5:3 ბურთების შეფარდება. ხორვატია – ესპანეთი 21 ივნისი, 23:00 საათი. ბორდო, “სტად დე ბორდო” მესამე ტურში ხორვატიის ნაკრები მოქმედ ჩემპიონ ესპანეთს გაეჯიბრება. ასე იყო 4 წლის წინაც, მაშინ პირინელებმა მატჩის მიწურულს გატანილი გოლით იმძლავრეს და ხორვატია ჯგუფში ჩარჩა. ეს ერთადერთი ოფიციალური თამაში იყო ამ ნაკრებთა შორის აქამდე, ხოლო სპარინგები ოთხ თამაშს ითვლის და 1 მოგება, 1 ფრე, 2 წაგება – ხორვატიას ესპანეთთან უარყოფითი ბალანსი აქვს. თამაში ისტორიიდან მსოფლიოს 1998 წლის ჩემპიონატი, მეოთხედფინალი – 4 ივლისი, 1998. ლიონი, “სტად ჟერლანი” გერმანია – ხორვატია 0:3
გოლები: 0:1 იარნი (45), 0:2 ვლაოვიჩი (80), 0:3 შუკერი (85)null საუკეთესო შედეგი: მეოთხედფინალი ორჯერ – 1996 და 2008 წლებში ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი: დავორ შუკერი (45 გოლი) – ამჟამად გუნდში საუკეთესო გოლეადორი: დარიო სრნა (21 გოლი) ყველაზე მეტი მატჩი: დარიო სრნა (127 თამაში)
ტეგები:
ხორვატიის ეროვნული ნაკრები |
|
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია