|
ევროპის ჩემპიონატის დაუვიწყარი მომენტები – პანენკადან ბალოტელიმდე (+VIDEO)
2016-06-10 16:36 | ნახვები: 5578
1
დღეს, საფრანგეთში ევროპის ჩემპიონატი დაიწყება.Worldsport.ge წარმოგიდგენთ ევროფორუმების ისტორიაში 10 ყველაზე დასამახსოვრებელ მომენტს. ანტონინ პანენკა – ევრო 1976 ევროპის 1976 წლის ჩემპიონატის ფინალში ერთმანეთს გფრ-სა და ჩეხოსლოვაკეთის ნაკრებები დაუპირისპირდნენ. ძირითადმა და დამატებითმა დრომ მაშინ გამარჯვებული ვერ გამოავლინა საქმე პენალტების სერიამდე მივიდა, სადაც ჩეხოსლოვაკებმა იმძლავრეს. აღნიშნულ თერთმეტრიანების სერიაში ანტონინ პანენკამ პენალტი ორიგინალურად შეასრულა და ფეხბურთში ახალი სტილის პენალტს დაუდო სათავე – “პანენკა” მარკო ვან ბასტენი - ევრო 1988 1988 წელს, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში დიდებულად გამოვიდა რინუს მიხელსის ჰოლნადიის ნაკრები, რომელმაც ევროფორუმი დამსახურებულად მოიგო. “ნარინჯისფერთა” შორის მაშინ მარკო ვან ბასტენი ბრწყინავდა, რომელმაც ფინალში საბჭოთა კავშირის ნაკრებს დაუვიწყარი სილამაზის გოლი გაუტანა. დანიის ნაკრები – ევრო 1992 ევროპის 1992 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი დანიის ნაკრებმა ვერ დაძლია და შესაბამისად, შვედეთში არ უნდა ეთამაშა, მაგრამ იუგოსლავიაში საომარი მდგომარეობის გამო მეზობელ სკანდინავიაში სწორედ დანიელები გაემგზავრნენ და... სწორედ ამ გუნდმა შეძლო ევრო 1992-ის მოგება, რაც საფეხბურთო სამყაროსთვის სრულიად მოულოდნელი და დაუვიწყარი მოვლენა აღმოჩნდა. კარელ პობორჟსკი – ევრო 1996 ევროპის 1996 წლის ჩემპიონატის აღმოჩენა ჩეხეთის ნაკრებმა მეოთხედფინალში პორტუგალის ნაკრებს 1:0 მოუგო. გამარჯვების გოლი 53-ე წუთზე კარელ პობორჟსკიმ გაიტანა, რომელიც ულამაზესი გამოდგა და ისტორიაში თავისი ადგილი დაიმკვიდრა. ოლივერ ბირჰოფი – ევრო 1996 თუმცა, ევრო 1996-ს სხვა გმირი ჰყავდა – ოლივერ ბირჰოფი. ფინალურ მატჩში ჩეხეთი გერმანის 1:0 ამარცხებდა, მაგრამ მოედანზე ბირჰოფი გამოჩნდა, მან ჯერ ანგარიში გაათანაბრა და შეხვედრა დამატებით დროში გადავიდა, იქ კი, ოლივერმა ოქროს გოლიც შეაგდო და “ბუნდესნაკრები” ევროპირველობაზე მესამედ გააჩემპიონა. ლუიშ ფიგუ – ევრო 2000 ევროპის 2000 წლის ჩემპიონატის პირველ ტურში ინგლისის ნაკრები პორტუგალიას მე-18 წუთისთვის 2:0 უგებდა, მაგრამ 2:3 წააგო. ლუზიტანელებმა თამაშში გარდატეხის შეტანა რომ შეძლეს, დიდწილად ლუიშ ფიგუს შედევრის დამსახურება იყო. დავიდ ტრეზეგე – ევრო 2000 იმავე ჩემპიონატის ფინალურ მატჩში იტალიის ნაკრები საფრანგეთზე უკეთ თამაშობდა ოქროს მედალთან ძალზე ახლოსაც იყო. “მამლებმა” მატჩის დამატებით დროში გადაყვანა მსაჯის მეოთხე დამატებულ წუთზე მოახერხეს, ხოლო 103-ე წუთზე ახალგაზრდა დავიდ ტრეზეგეს ლამაზი გოლით ტურნირი საერთოდ მოიგეს. დევიდ ბექჰემი – ევრო 2004 ევროპის 2004 წლის ჩემპიონატის მეოთხედფინალი ულამაზესი და დრამატული გამოდგა. კერძოდ, მასპინძელი პორტუგალიისა და ინგლისის თამაში – მატჩის ძირითადი და დამატებითი დრო 2:2 დასრულდა, პენალტების სერიაში კი მასპინძლებმა იმარჯვეს. ინგლისელთა შორის მთავარმა ვარსკვლავმა დევიდ ბექჰემმა თერთმეტრიანის გატანა ვერ მოახერხა და ბურთი ტრიბუნაზე აღმოჩნდა. სხვათა შორის, ტყავის სფერო ერთ-ერთმა გულშემატკივარმა იგდო ხელთ და მერე აუქციონზე სარფიანადაც გაყიდა. საბერძნეთი – ევრო 2004 თუ დანიის ნაკრების გამარჯვება 1992 წელს მოულოდნელობა გახლდათ, კიდევ უფრო დიდი სიურპრიზი აღმოჩნდა ევრო 2004-ზე საბერძნეთის ნაკრების გამარჯვება, რომელიც ტურნირზე აუტსაიდერის სტატუსით ჩავიდა. ბერძნებმა გახსნით მატჩში პორტუგალიას აჯობეს და ფინალშიც იმავე ნაკრებს გამოყვანეს წირვა. შესაბამისად, ოტო რეჰაგელის გუნდი ფეხბურთის ისტორიაში სამუდამოდ ჩაეწერა. მარიო ბალოტელი – ევრო 2012 ევროპის 2012 წლის ნახევარფინალურ მატჩში გერმანია იტალიას ხვდებოდა და სპეციალისტთა მიერ ფავორიტადაც მიიჩნეოდა. თუმცა, “სკუადრა აძურამ” დიდებული თამაში აჩვენა და მეტოქეს მარიო ბალოტელის დუბლით 2:1 მოუგო. “სუპერმარიოს” მეორე გოლი ლამაზი გამოვიდა, მაგრამ განსაკუთრებულად საინტერესო და დასამახსოვრებელი მის მიერ გოლის აღნიშვნა იყო. მოკლედ, ახლა უკვე ევრო 2016 იწყება და საინტერესო რით დაგვამახსოვრებს თავს საფრანგეთში გასამართი ტურნირი. |
|
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია