|
ლოგიკური ფრე პარიზში
2016-06-17 01:21 | ნახვები: 5953
123456
ამაში კარგი რა უნდა იყოს, თუმცა, აღსანიშნი ამბავია – 2016 წლის ევროპის ჩემპიონატზე პირველი უგოლო ფრე დაფიქსირდა. გერმანიის და პოლონეთის ნაკრებებმა ტურნირის საწყის ტურში სამ-სამი ქულა აიღეს, ურთიერთშეხვედრაში კი თავი დიდად არ შეუწუხებიათ და ლოგიკური 0:0 დააფიქსირეს. იმაზე, რომ პარიზულ “სტად დე ფრანსზე” გამართული მატჩი დიდად სანახაობრივი არ ყოფილა, შემდეგი ფაქტიც მეტყველებს. გასული შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედ გერმანიის ეროვნული გუნდის მცველი ჟერომ ბოატენგი აღიარეს. შეტევაში კი მეტოქეებს დიდად ნამდვილად არ გაუბრწყინიათ. იყო ნახევრადშანსები, ისეთი კი, რომელსაც ასპროცენტიან მომენტს ვუწოდებთ, ალბათ, მე-2 ტაიმის სტარტზე შეიქმნა. გროსიცკის პასის შემდეგ, მილიკს გოლის გასატანად უბრალოდ თავის დახვედრებაც ეყოფოდა, თუმცა, უხეიროდ გაისარჯა და გერმანია გადარჩა. პარიზში დაფიქსირებული ფრე ყველაზე მძიმე უკრაინის ნაკრებისთვის აღმოჩნდა. მიხაილო ფომენკოს გუნდი ევრო-2016-ზე პირველი აღმოჩნდა, რომელსაც შემდეგ ეტაპზე გასვლის თეორიული შანსიც კი გადაეწურა. C ჯგუფში დასკვნითი ტური 21 ივნისს შედგება და გერმანია ჩრდილოეთ ირლანდიას ეთამაშება, პოლონეთი კი – უკრაინას. ამ დროისთვის, პოლნელებს და გერმანელებს 4-4 ქულა აქვთ, ჩრდილოეთ ირლანდიის აქტივში 3 ქულაა, უკრაინა კი 0 ქულით ბოლო ადგილზეა.
“სტად დე ფრანსი” (პარიზი). 73 648 მაყურებელი გერმანია – პოლონეთი 0:0 გერმანია (4-2-3-1): ნოიერი, ჰუმელსი, ბოატენგი, ჰიოვედესი, ჰექტორი, მიულერი, ხედირა, კროოსი, დრაქსლერი (გომესი, 72), ოზილი, გოეტცე (შურლე, 66). მწვრთნელი: იოახიმ ლიოვი. პოლონეთი (4-4-2): ფაბიანსკი, იედრჟეიჩიკი, პაზდანი, გლიკი, პიშჩეკი, მაჩინსკი (იოდლოვეცი, 76), კრიხოვიაკი, ბლაშჩიკოვსკი (კაპუსტკა, 80), გროსიცკი (პეშკო, 87), მილიკი, ლევანდოვსკი. მწვრთნელი: ადამ ნავალკა. გაფრთხილება: ხედირა (4), ოზილი (34), მაჩინსკი (45), გროსიცკი (56), ბოატენგი (67), პეშკო (90). მსაჯი: ბიორნ კუიპერსი (ჰოლანდია). |
|
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია