|
II ტური - მეტი პრაგმატიზმი, ნაკლები სანახაობა
2016-06-19 18:10 | ნახვები: 6313
1
მაშ ასე, ევროპის მიმდინარე ჩემპიონატზე უკვე II ტური მილიია და გამოიკვეთა რაღაც კონტურები, თუმცა, ახლა მაინც რთული და ნაადრევია შორსმჭვრეტელი პროგნოზების გაკეთება. და მაინც, რა ვნახეთ მეორე ტურში? – მეტი პრაგმატულობა, გათვლა შედეგზე და ნაკლები სანახაობა. ევროფორუმის ახალი ფორმატიდან გამომდინარე ბოლო ტურის წინ პლეი-ოფში გასვლის შანსი ერთი ქულის მქონე გუნდებსაც კი აქვთ. შესაბამისად, II ტურში ბევრ მათგანს თავი მაინცდამაინც არ მოუკლავს. პირველ ტურთან შედარებით გაცილებით სანახაობრივი და ლაღი იყო ესპანეთის ნაკრების თამაში, რომელმაც მთლიანობაში მეორე ტურში ყველაზე კარგი შთაბეჭდილება დატოვა. სხვა თემაა, რომ ვისენტე დელ ბოსკეს ნაკრებს საკმაოდ სუსტად მოთამაშე თურქეთი ჰყავდა მეტოქედ – გუნდი, რომელსაც ორ ტურში 0 ქულა აქვს და მერვედფინალში მხოლოდ მესამე ადგილით თუ გავა, ესეც ძალიან სათუოა. “ფურიე როხამ” მეტოქეს თითქმის ცალი ფეხით, ოფლის დაუღვრელად აჯობა და დაამტკიცა, რომ ევროპის ჩემპიონატის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტია. როგორც იქნა, ჩვეული თამაში აჩვენა ალვარო მორატამაც, ვინც დუბლი გაიფორმა და ახლა გოლებზე უფრო დაგეშილი იქნება. პრინციპში იგივეს თქმა შეგვიძლია ბელგიის ნაკრებზეც. მარკ ვილმოტსის ვარსკვლავებით გადავსებულ გუნდს იტალიასთან მარცხის მერე კრიტიკა არ მოჰკლებია, მაგრამ ირლანდიის ნაკრებთან სულ სხვა ბელგია იყო მოედნაზე. ეს, შესაძლოა, ირლანდიელთა სისუსტესაც მივაწეროთ, მაგრამ ვფიქრობ, უფრო ბელგიის სიძლიერეს – “წითელმა ეშმაკებმა” ლაღად იბურთავეს, ლამაზი გოლებიც შეყარეს და თავდაჯერებულობაც დაიბრუნეს. კარგი იყო ედენ აზარი, კევინ დე ბრუინი და განსაკუთრებით რომელუ ლუკაკუ და აქსელ ვიტსელი. საერთოდ, “ევერტონის” ფორვარდმა ძალზე მნიშვნელოვანი გოლები გაიტანა და მორატას შემთხვევის არ იყოს, მადა აწი უფრო უნდა გაეხსნას. პირველი ტურივით შთამბეჭდავად არ გაოიყურებოდა იტალიის ნაკრები. თუმცა, ეს მოსალოდნელიც იყო – “სკუადრა აძურას” არ სჩვევია განსაკუთრებით ფეერიული ფეხბურთის ჩვენება და მითუფრო ზედიზედ ორ მატჩში. თანაც, იტალიას შვედეთთან შეხვედრაში ფრეც სავსებით დააკმაყოფილებდა და ანტონიო კონტეს გუნდი რისკზე არ წასულა. საბოლოო ჯამში იტალიამ მაინც მოიგო და ჯგუფში პირველი ადგილი გაინაღდა. ისე, პირველს ვინ ჩივის, აპენინელებს ევრო 2000-ის მერე პლეი-ოფის საგზური დიდ ტურნირებზე ბოლო ტურის წინ განაღდებული არ ჰქონიათ. მოკლედ, “აძურამ” დამაჯერებლად დაიწყო და ვნახოთ რა გაგრძელება ექნება. ისე, საკითხავია, იტალიას რა უფრო აწყობდა პირველ თუ მეორე ადგილზე გასვლა. ახლა, იტალიის ნაკრებს მერვედფინალში ესპანეთის, ხორვატიის ანაც ჩეხეთის ნაკრებთან მოუწევს თამაში, გააჩნია როგორ დასრულდება D ჯგუფის დასკვნითი ტურის მატჩები. მეორე ტურში უფერული იყო კიდევ ორი ფავორიტი საფრანგეთი და გერმანია – მასპინძლებმა ალბანეთის წინააღმდეგობა მხოლოდ ბოლოში დაძლიეს და ადგილობრივი მედიის კრიტიკის ქარცეცხლში მოხვდნენ. “მამლებისთვის” ქვეჯგუფიდან პირველი ადგილით გასვლა ძალზე მნიშვნელოვანია, რადგან პლეი-ოფში ასე გაცილებით მარტივი გზა აქვთ. მათ შორის, საუკეთესო ისევ დიმიტრი პაიე იყო, რომელმაც მორიგი დამაჯერებელი თამაში ჩაატარა. გერმანიის ნაკრებმა პოლონეთთან უფერული ფეხბურთი აჩვენა. თუმცა, ეს “ბუნდესნაკრების” შანსს არამც და არამც ამცირებს. გერმანიას ოფიციალურად ჯერ პლეი-ოფის საგზური არ გაუნაღდებია, რადგან თუ ჩრდილოეთ ირლანდიასთან წააგებს მესამე ადგილზე დაქვეითდება, მაგრამ ამის შანსი რამდენად არსებობს, თქვენთვის მოგვინდია. როი ჰოჯსონი კი თავის შეცდომებს მიხვდა და ინგლისმაც მოიგო. არადა, უელსთან ალბიონელთა თამაში ისევ მძიმე სანახავი იყო და განსაკუთრებით პირველ ტაიმში. მეორე ნახევარში კი, მოედანზე დანიელ სტარიჯი და ჯეიმი ვარდი შეიყვანა ჰოჯსონმა და სწორედ მათ მოუტანეს “ლომებს” პირველი სამი ქულა მიმდინარე ტურნირზე. მთლიანობაში ინგლისის ნაკრების თამაში მაინც უკეთესის სურვილს ტოვებს, რადგან პლეი-ოფში უელსზე და რუსეთზე გაცილბით ძლიერი ნაკრებები შეხვდებიან. პირველი ტურის ანალოგიურად კარგი გახლდათ ხორვატიის ნაკრებიც. უბრალოდ, უბრალოდ, ხორვატმა გულშემატკივრებმა კიდევ ერთხელ გამოამჟღავნეს უსაქციელობა და შეიძლება ითქვას საკუთარ გუნდს ორი ქულა დააკარგვინეს. არადა, ბალკანელები 2:0 იგებდნენ. ხოლო, როცა ხორვატებმა მოედანზე პეტარდების გადაყრა დაიწყეს უკვე 2:1 იყო, მაგრამ თამაშის დასრულებას არაფერი აკლდა. მოგეხსენებათ, იგივე საქციელის გამო ხორვატიის ნაკრებს შესარჩევში იტალიასთან თამაში ცარიელი ტრიბუნების ფონზე მოუწია. ანტე ჩაჩიჩის შეგირდებს შესაძლოა ეს ორი ქულა ძვირად დაუჯდეთ და ჯგუფში საერთოდ მესამე ადგილზე გავიდნენ. ეს, იმ შემთხვევაში მოხდება თუ ხორვატია ესპანეთთან დამარცხდება, ხოლო ჩეხეთი თურქეთს მოუგებს, რისი ალბათობაც სხვათა შორის, საკმაოდ დიდია. ისევ ისეთი იყო ისლანდია როგორც პირველ ტურში და შედეგიც იგივე მიიღო – ფრე. ლარს ლაგერბაკის ბიჭებმა უნგრეთთან ორი წუთი ვერ გაძლეს თორემ ახლა პლეი-ოფთან ერთ ნაბიჯში იქნებოდნენ. ისე, სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ უნგრეთის ნაკრებიც არ იმსახურებდა წაგებას და ფრე ალბათ, უფრო ლოგიკური შედეგი გახლდათ. საერთოდ, ამ ჯგუფში ბოლო ტურის წინ შანსი ყველას აქვს – პორტუგალიის ნაკრები და კრიშტიანუ რონალდუ კი საკუთარ თავებს არ გვანან და ორი ტურის წინ მხოლოდ ორი ფრით იწონებენ თავს. მოკლედ, ლუზიტანელებს ბოლო ტურში უნგრეთთან უსათუოდ მოსაგები აქვთ, თორემ დიდი შანსია ჯგუფში ჩარჩნენ. II ტურის სიმბოლური ნაკრები Worldsport.ge-ს ვერსიით: მეკარე: რობერტ ალმერი (ავსტრია) მცველები: ტომას მუნიე (ბელგია), ჟერომ ბოატენგი (გერმანია), მიხალ პაზდანი (პოლონეთი), მარტინ ფუხსი (ავსტრია) ნახევარმცველები: ანდრეს ინიესტა (ესპანეთი), ივან რაკიტიჩი (ხორვატია), მარეკ ჰამშიკი (სლოვაკეთი) თავდამსხმელები: ალვარო მორატა (ესპანეთი), რომელუ ლუკაკუ (ბელგია), ედერი (იტალია) მწვრთნელი: მაიკლ ონილი (ჩრდილოეთ ირლანდია) დღეს, ჯგუფური ეტაპის დასკვნითი, III ტური დაიწყება. პირველი A ჯგუფში გაირკვევა ადგილების ბედი. ლილში საფრანგეთი შვეიცარიას ხვდება, ხოლო ლიონში რუმინეთი ალბანეთს. ჩვენ კი, იმედი დავიტოვოთ, რომ მესამე ტურში გაცილებით მეტი იქნება მინდორზე ფეხბურთისთვის დამახასიათებელი ლამაზი ეპიზოდები და ნაკლები იქნება ტაქტიკური გათვლები... ტეგები:
ევრო 2016 |
|
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია