Geo | Eng | Rus
სარეკლამო ადგილი - 3
570 x 120
იტალია და ესპანეთი ისევ ერთ გზაზე – ფარული ფინალი?
2016-06-27 10:23 | ნახვები: 10457
1234567891011
სარეკლამო ადგილი - 10
710 x 106

დღეს ევრო 2016-ის მერვედფინალური ეტაპი დასრულდება. თუმცა მანამდე, ცენტრალური მატჩია მათ შორის, რაც კი აქამდე გამართულა. იტალიის ნაკრები ესპანეთის წინააღმდეგ. ეს თამაში 4 წლის წინანდელ ევროპის ჩემპიონატზე ფინალში შედგა, მაგრამ ახლა განგებამ მათი შეხვედრა გაცილებით ნაადრევ ეტაპზე ისურვა.

ლეგენდარულმა ესპანელმა ფეხბურთელმა ჩავი ერნანდესმა იტალიურ მედიასთან ინტერვიუში სწორედ ამაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ იტალია-ესპანეთი უფრო საფინალო თამაშია და ცუდია ახლა რომ ვნახავთ მათ დაპირისპირებასო. ორივე ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ფავორიტთა შორისაა და ორივემ ჯგუფურ ეტაპზე ერთნაირი შედეგი აჩვენა – 6-6 ქულა. ოღონდ იმ განსხვავებით, რომ “სკუადრა აძურა” ჯგუფში პირველი იყო, ხოლო ესპანეთი – მეორეა. საერთოდ, ხორვატიასთან ესპანეთის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე 14 მატჩიანი წაუგებელი და ამასთან, მშრალი სერია შეწყივტა. “ფურიე როხას” ბოლოს წაგებული 2004 წელს პორტუგალიასთან ჰქონდა, ხოლო გოლი ნიკოლა კალინიჩამდე მის კარში იტალიელმა ანტონიო დი ნატალემ გაიტანა 2012 წელს.

სხვათა შორის, იტალია და ესპანეთი ზედიზედ მესამე ევრო პირველობაა ერთმანეთს ხვდებიან, თანაც მეოთხედ. 2008-ში (0:0) პირინელებმა პენალტების სერიაში იმარჯვეს, 2012 წლის ფინალი კი ადვილად 4:0 მოიგეს. იმავე ტურნირის სასტარტო მატჩი კი, ამ გუნდთა შორის ფრედ 1:1 დასრულდა. აღსანიშნავია, რომ “აძურას” ესპანეთი ოფიციალურ მატჩებში 1994 წლის მუნდიალის მერე არ დაუმარცხებია. აშშ-ში იტალიამ დინო და რობერტო ბაჯოს გოლებით სძლია მეტოქეს. ისიც ვთქვათ, რომ მაშინ ესპანელთა წინააღმდეგ იტალიელთა ამჟამინდელი მთავარი მწვრთნელი ანტონიო კონტე თამაშობდა. ისე კი, ბოლოს 2011 წელს იმარჯვა – 2:1. სხვათა შორის, ასევე ამხანაგურად, 24 მარტს შეხვდნენ ისინი ერთმანეთს და გაამრჯვებული არც იქ გამოვლენილა (1:1).

უშუალოდ დღევანდელ მატჩს რაც შეეხება – ესპანეთი სრული შემადგენლობით ხვდება მას, ხოლო ანტონიო კონტეს ბანაკში სერიოზული დანაკლისია ანტონიო კანდრევას სახით, რომელიც ტრავმის გამო ვერ ითამაშებს. აღსანიშნავია, რომ პლეი-ოფში გასულ გუნდთაგან ყვითელი ბარათებით იტალია ყველაზე მეტადაა დატვირთული (10), ხოლო ესპანეთი – ნაკლებად (1). შესაბამისად, “სკუადრა აძურას” ფრთხილად თამაში მოუწევს. სხვა მხრივ, პრობლემები არც იტალიელთა ბანაკშია. შემადგენლობაშიც სიურპრიზები მოსალოდნელი არაა, ერთი ეგაა, ზემოხსენებულ კანდრევას ნაცვლად სასტარტოში მატეო დარმიანი იქნება.

აღსანიშნავია, რომ დღეს ანტონიო კონტესთვის ან ვისენტე დელ ბოსკესთვის ნაკრებში ბოლო მატჩი იქნება. მოგეხსენებათ, ორივე ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ ნაკრებს დატოვებს და ვნახოთ, ვისთვის გამოდგება სენ დენიზე გასამართი შეხვედრა გედის სიმღერა.

ასევე საინტერესო იქნება ესპანელთა და ევროპის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირის, ალვარო მორატას დაპირისპირება ყოფილ თანაგუნდელებთან. მოგეხსენებათ, ალვარომ “იუვენტუსი” უკვე დატოვა და მას დაპირისპირება ჯიჯი ბუფონთან, ანდრეა ბარძალისთან, ლეონარდო ბონუჩისთან და ჯორჯო კიელინისთან მოუწევს. მორატამ თამაშამდე მეგობრები აქო და ადიდა. მისი თქმით, ბი-ბი-სი (ბარძალი, ბონუჩი, კიელინის ტრიოს მეტსახელი) მსოფლიოში საუკეთესოა და მათი დაჯაბნა რთული იქნება. თავის მხრივ, მატჩისწინა პრესკონფერენციაზე მორატა ჯანლუიჯი ბუფონმაც შეაქო და აღნიშნა, რომ მას სეზონის დასაწყისში მცირე პრობლემები ჰქონდა, მაგრამ მერე ყველაფერი დაალაგა და დიდიებული ფორვარდიაო.

ანტონიო კონტე (იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი): “ესპანეთს უდიდეს პატივს ვცემთ – ის მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია. ჩვენ გავუკეთეთ ანალიზი ხორვატიასთან ესპანელთა მარცხს. უცნაური თამაში იყო, რადგან პირინელებს პირველივე ტაიმში შეეძლოთ ყველაფრის გადაწყვეტა. ესპანეთს მოედანზე ყველაფრის გაკეთება შეუძლია და გასაოცარი ფეხბურთელები ჰყავს.

ესპანეთი აქამდე ჩვენსავით ერთი მარცხით მოვიდა და წაგება ყოველთვის იწვევს უფრო მეტ კონცენტრაციას. ვფიქრობ, დაუმარცხებელი მეტოქე არ არსებობს და მითუემეტეს ასეთ ტურნირზე, სადაც პასუხიმგებლობა ყოველთვის დიდია. ჩვენ ბევრი ვიშრომეთ და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ დადებითი შედეგი ვაჩვენოთ”.

ჯანლუიჯი ბუფონი (იტალიის ნაკრების ფეხბურთელი): “ესპანეთთან ბოლო 4 თამაშიდან ერთადერთხელ წავაგეთ და მაშინ ფიზიკურად ძალიან გადაღლილები ვიყავით. დანარჩენი სამ შეხვედრიდან, ორჯერ 120 წუთი, ხოლო ერთხელ 90 წუთი ფრედ დასრულდა. მსოფლიოს საუკეთესო ნაკრებს პრობლემები ბევრჯერ შევუქმენით. ესპანეთი უძლიერესია და ვფიქრობ, იტალია ერთადერთი გუნდია, რომელსაც მისი შეჩერება შეუძლია.

ჩემი აზრით, მომდევნო ორი წელი მაღალ დონეზე თამაში შემიძლია. თუ ჩემი თამაში მწვრთნელს მოეწონება, მსოფლიოს ჩემპიონატზეც ვითამაშებ და ამით ძალიან ბედნიერი ვიქნები.

ვისენტე დელ ბოსკე (ესპანეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი): “ვეთამაშებით ძალიან ძლიერ გუნდს დაცვაში. ამასთან, შეტევაშიც სახიფათო გუნდია. ჩემი აზრით, ჩვენს შორის დიდი განსხვავება არაა. მათ თავიანთი დამახასიათებელი სათამაშო სტილი აქვთ. ჩვენ კი, ჩვენს სტილში ვეცდებით, რომ ვითამაშოთ.

დავიდ სილვა გუნდთან ერთად ვარჯიშობდა ჩემს გუნდში მყოფ 23 ფეხბურთელიდან ფიზიკური პრობლემები არავის აქვს. ბედნიერი ვარ, ჩემმი ქვეყნის ნაკრების მთავარი მწვრთნელობით და ასეთ განსაკუთრებულ ფეხბურთელებთან მუშაობით.

ჩემი მომავალი ესპანეთის ნაკრებში? – ამ მომენტში მხოლოდ იტალიასთან მატჩზე ვფიქრობ. ფეხბურთში ერთადერთი მომავალი მხოლოდ “ხვალინდელი თამაშია”.

ალვარო მორატა (ესპანეთის ნაკრების ფეხბურთელი): “მოვისმინე ჩემი ყოფილი თანაგუნდელებისგან ბევრი თბილი სიტყვა და ძალიან მიხარია. ისინი ტურინში ძალიან დამეხმარნენ და მადლობელი ვარ მათი. თუმცა, ფეხბურთი ასეთია და ახლა მხოლოდ წინ ვიყურები. ტაქტიკურად ბარძალი, ბონუჩი და კიელინი წარმოუდგენლად ძლიერები არიან და მათთვის გოლის გატანა ნამდვილად ურთულესია”.

ჩესკ ფაბრეგასი (ესპანეთის ნაკრების ფეხბურთელი): “ჩვენ შესანიშნავი ჯგუფი ვართ, რომელიც დაკოპლექტებულია ვეტერანი და ახალგაზრდა ფეხბურთელებითაა. დღეს მხოლოდ გამარჯვებაზე ვფიქრობთ – 2012 წლის ფინალი? – ეს არ იყო მხოლოდ ლამაზი ფინალი, ბრწყინვალე გახლდათ. ის თამაში წარმოუდგენელი და შესნაიშნავი იყო, ამაზე უკეთესს ფეხბურთელი ვერ ინატრებს. თუმცა, არ ვფიქრობთ, რომ დღესაც ასე იქნება, პირიქით რთული მატჩი უნდა გამოვიდეს, მიზანი კი მხოლოდ მეოთხედფინალში გასვლაა”.

სავარაუდო შემადგენლობა

იტალია – ესპანეთი

სენ დენი, “სტად დე ფრანსი”

27 ივნისი, 20:00 საათი

იტალია (3-5-2): ბუფონი; ბარძალი, ბონუჩი, კიელინი; ფლორენცი, პაროლო, დე როსი, ჯაკერინი, დარმიანი; პელე, ედერი

მწვრთნელი: ანტონიო კონტე

ესპანეთი (4-3-3): დე ხეა; ხუანფრანი, რამოსი, პიკე, ალბა; ბუკსეტსი, ფაბრეგასი, ინიესტა; სილვა, მორატა, ნოლიტო

მწვრთნელი: ვისენტე დელ ბოსკე

მსაჯი: ჩუნეთ ჩაქირი (თურქეთი)

პირისპირ

ეს ორი ნაკრები ერთმანეთს 35-ჯერ შეხვედრილან. აქამდე აბსოლუტური თანაფარდობაა – 10-10 მოგება და 15 ფრე. ევროპის ჩემპიონატზე კი, ბოლო ოთხი თამაშიდან სამი ფრედ დასრულდა, ერთი ესპანეთმა მოიგო. რაც შეეხება ბოლო მატჩს – 24 მარტს უდინეში გამართული სპარინგ თამაში ფრედ, 1:1 დასრულდა. გოლები ლორენცო ინისნიემ და არიც ადურისმა გაიტანეს.

იტალია და ესპანეთი ზედიზედ მესამე ევროპის ჩემპიონატზე უპირისპირდებიან ერთმანეთს. ევრო 2008-ის მეოთხედფინალში ძირითადი და დამატებითი დრო 0:0 დასრულდა, ხოლო პენალტების სერიაში პირინელებმა 4:2 იმარჯვეს. ევრო 2012-ის პირველ ტურში ასევე ფრე დაფიქსირდა (1:1), ხოლო იმავე ტურნირის ფინალში ესპანელებმა ადვილად მოიგეს 4:0.

ესპანეთს იტალიასთან უკვე 5 თამაშია არ წაუგია. “სკუადრა აძურამ” “ფურიე როხა” ბოლოს 2011 წლის აგვისტოში, ბარიში გამართულ ამხანაგურ მატჩში დაამარცხა 2:1. ოფიციალურ მატჩებშიც ესპანეთი უკვე მიჯრით სამჯერ არ დამარცხებულა (1 მოგება, 2 ფრე). ხოლო იტალიამ ბოლოს 1994 წლის მუნდიალის მეოთხედფინალში იმძლავრა 2:1.

დღევანდელი მეტოქეები მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ერთ ქვეჯგუფში არიან. მათი პირველი დაპირისპირება 6 ოქტომბერს, ტურინში გაიმართება.

ევრო სტატისტიკა – იტალია

ირლანდიასთან მარცხით იტალიის ნაკრებმა ზედიზედ 4 მატჩიანი მოგებების სერია შეწყვიტა, სადაც მას ერთი გოლიც არ გაეშვა.

ეს იტალიისთვის მეცხრე ევროპის ჩემპიონატია და აქედან ზედიზედ მეექვსე მას შემდგომ, რაც 1992 წელს შვედეთში გასვლა ვერ შეძლო. 1996 და 2004 წლებში ჯგუფში ჩარჩა.

იტალიის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონობა აქამდე ერთადერთხელ მოახერხა, შორეულ 1968 წელს, ხოლო 2000 და 2012 წლებში ფინალში დამარცხდა.

იტალიამ საკვალიფიკაციო ეტაპი წაუგებლად განვლო 7 მოგება, 3 ფრე. ასეთივე შედეგი მხოლოდ ინგლისმა, ავსტრიამ და რუმინეთმა აჩვენეს შესარჩევში. ისე კი, საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები “აძურას” უკვე 30 შეხვედრაა არ წაუგია.

იტალიამ აქამდე “სტად დე ფრანსზე” 3 მატჩი ჩაატარა (1 მოგება, 1 ფრე, 1 წაგება). აპენინელებმა 1998 წლის მუნდიალის ჯგუფში ავსტრიას 2:1 მოუგეს, ხოლო შემდეგ მეოთხედფინალში საფრანგეთთან (0:0) პენალტების სერიაში წააგეს. ბოლოჯერ “აძურა” სენ დენს 2006 წლის სექტემბერში ეწვია და საფრანგეთთან 1:3 წააგო.

ევრო სტატისტიკა – ესპანეთი

ხორვატიასთან წაგებით ესპანეთმა ევროპის ჩემპიონატზე 14 მატჩიანი წაუგებელი სერია დაასრულა (11 მოგება, 3 ფრე). ბოლოს მას 2004 წელს ლისაბონში, პორტუგალიასთან წაეგო. ხოლო ხორვატებთან მატჩამდე მიჯრით 7 თამაში გოლს არ უშვებდა. მანამდე ესპანელთა კარი ევრო 2012-ის პირველ ტურში იტალიელმა ანტონიო დი ნატალემ დალაშქრა.

ესპანეთს “სტად დე ფრანსზე” ერთადერთხელ უთამაშია, როცა 1998 წლის იანვარში საფრანგეთთან 0:1 წააგო.

ეს ესპანეთისთვის ზედიზედ მეექვსე ევროპის ჩემპიონატია და შანსი აქვს, მიჯრით მესამედ გახდეს ჩემპიონი. აქვე იმასაც გეტყვით, რომ ესპანეთი ერთადერთი ნაკრებია, რომელმაც ზედიზედ ორჯერ იჩემპიონა.

ესპანეთს გერმანიასთან ერთად ყველაზე მეტჯერ აქვს კონტინენტის პირველობა მოგებული – სამჯერ.

ფეხბურთელები და მწვრთნელები

მატეო დარმიანი და დავიდ დე ხეა “მანჩესტერში” თანაგუნდელები არიან.

ტიაგო მოტა და ანდრეს ინიესტა “ბარსელონაში” 2001-2007 წლებში თამაშობდნენ.

ჩირო იმობილე და სერხიო რიკო გასულ სეზონში “სევილიაში” თანაგუნდელები იყვნენ.

ალვარო მორატამ ბოლო ორი წელი “იუვენტუსში” ჯანლუიჯი ბუფონის, ჯორჯო კიელინის, სტეფანო სტურაროს, სიმონე ძაძას, ანდრეა ბარძალისა და ლეონარდო ბონუჩის გვერდით გაატარა.

ანტონიო კონტე ევროპის ჩემპიონატის შემდეგ “ჩელსის” ჩაიბარებს, სადაც მისი შეგირდები პედრო როდრიგესი, სესარ ასპილიკუეტა და ჩესკ ფაბრეგასი იქნებიან.

იცით თუ არა, რომ?

ჯგუფურ ეტაპზე იტალიის ნაკრებმა ყველაზე მეტი დისტანცია დაფარა 337.179 მეტრი, ხოლო ესპანეთმა მხოლოდ 320.492

პლეი-ოფში გასული ნაკრებებიდან ყველაზე მეტი ყვითელი ბარათი იტალიის ნაკრებს აქვს მიღებული (10), ყველაზე ცოტა კი, ესპანეთს (1).

ბელგია-იტალიის მატჩში მარკო პაროლომ 12 კილომეტრზე მეტი ირბინა, რაც მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ერთ შეხვედრაში საუკეთესო მაჩვენებელია.

ესპანეთს საშუალოდ თამაშში ბურთის ფლობა 61% აქვს და ეს მეორე შედეგია გერმანიის მერე. “ფურიე როხას” მსგავსი სტატისტიკა ჰქონდა ჯგუფში პორტუგალიას.

ესპანეთის ნაკრების მიერ გაკეთებული პასების 93% ზუსტი იყო, რაც პირველი შედეგია ამ ტურნირზე.

იტალიის ნაკრები ჯგუფურ ეტაპზე ერთ-ერთი ყველაზე უხეში გუნდი გახლდათ. “სკუადრა აძურამ” თამაში წესი 43-ჯერ დაარღვია და ამ მაჩვენებლით მხოლოდ პოლონეთს (46) და თურქეთს (45) ჩამორჩა. იტალიის მსგავსი შედეგი კი ალბანეთსა და პორტუგალიას ჰქონდათ.

იტალიის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მატჩი 2008 წლის მერე პირველად წააგო. ჰოლანდიასთან მარცხსი შემდეგ “აძურამ” 4 მატჩი მოიგო ჯგუფში და სამი ფრედ დაასრულა.

ევრო 2000-ის ფინალის შემდეგ ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ირლანდიასთან მატჩი პირველი იყო, როდესაც იტალიელთა კარს ჯანლუიჯი ბუფონი არ იცავდა.

ესპანეთის ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე ხორვატიასთან მატჩამდე გოლი ბოლოს გაშვებული 2012 წელს, სწორედ იტალიასთან ჰქონდა. მაშინ იკერ კასილიასს ანტონიო დი ნატალემ აჯობა.

ანტონიო კონტემ ჯგუფურ ეტაპზე თამაშის საშუალება 23 ფეხბურთელიდან 22-ს მისცა. ერთადერთი ვინც მოედანზე არ გასულა, მესამე მეკარე ფედერიკო მარკეტია. ისიც აღსანიშნავია, რომ აპენინელთა სასტარტოში განვლილ სამ მატჩში 20 სხვადასხვა ფეხბურთელი იყო. ძირითადში თამაშის დაწყების პატივი ჯერ მარკეტის, ლორენცო ინსინიესა და სტეფან ელ შაარავის არ რგებიათ.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
ჯგუფი A
თ.ქ.
საფრანგეთი 37
შვეიცარია 35
ალბანეთი 33
რუმინეთი 31
ჯგუფი B
თ.ქ.
უელსი 36
ინგლისი 35
სლოვაკეთი 34
რუსეთი 31
ჯგუფი C
თ.ქ.
გერმანია 37
პოლონეთი 37
ჩრდ.ირლანდია 33
უკრაინა 30
ჯგუფი D
თ.ქ.
ხორვატია 37
ესპანეთი 36
თურქეთი 33
ჩეხეთი 31
ჯგუფი E
თ.ქ.
იტალია 36
ბელგია 36
ირლანდია 34
შვედეთი 31
ჯგუფი F
თ.ქ.
უნგრეთი 35
ისლანდია 35
პორტუგალია 33
ავსტრია 31
სარეკლამო ადგილი - 5
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
250 x 250
0.045352