|
ორთავჯანი უელსელთა გამარჯვებით დასრულდა
2016-06-11 22:56 | ნახვები: 6294
1234567891011
დღევანდლამდე უელსის ნაკრებს დიდი ტურნირის ფინალურ ეტაპზე ბოლოს 1958 წლის 19 ივნისს ეთამაშა. მაშინ ისინი მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალში ბრაზილიელებთან დამარცხდნენ. მათ ლიდერ ჯონ ჩარლზს იუვენტუსში კვირაში 18 გირვანქას უხდიდნენ. უელსელთა დღევანდელი ვარსკვლავი გარეთ ბეილი კი მადრიდის “რეალში” კვირაში 300 ათას გირვანქას იღებს. ეს ისე, პატარა შედარება ძველ დროსა და ვარსკვლავებს შორის. ბეილი მართლაც “დრაკონების” ნაღდი ლიდერია და ეს სლოვაკებთანაც კარგად გამოჩნდა. ორივე გუნდი ოპტიმალური შემადგენლობებით წარსდგა მაყურებლის წინაშე. თუ არ ჩავთვლით უელსელთა მეკარე უეინ ჰენესის არყოფნას, რომელმაც ვარჯიშზე ზურგის ტრავმა მიიღო და ის ლივერპულელმა დენი უორდმა შეცვალა. მე-3 წუთზე ჰამშიკმა ბეილს აართვა ბურთი, გზად კიდევ ორი უელსელი ჩამოიცილა და დაახლოებით 13 მეტრიდან უორდს მიღმა დაარტყა. გოლი გარდაუვალი ჩანდა, მაგრამ ტოტენჰემელმა ბენ დევისმა სასწაული მოახდინა, ვარდნაში კარის ხაზიდან გამოიტანა ბურთი. მე-10 წუთზე კი გარეტ ბეილმა თავისი საფირმო გოლი გაიტანა ჯარიმიდან. დაახლოებით 23 მეტრიდან მადრიდის “რეალის” თავდამსხმელმა ცაციათი უნაკლოდ დაარტყა. ამ ეპიზოდში სლოვაკთა მეკარე მატუშ კოზაჩიკმა პოზიცია “დაკარგა” და შედეგად შეცდომა დაუშვა. თუმცა ამით ბეილის ოსტატობა არაფრით ფერმკრთალდება. სხვათა შორის, უელსელების არ იყოს, კოზაჩიკიც არ არის სლოვაკთა მთავრი მეკარე. ვეტერან იან მუხას ტრავმა აწუხებს და “ვიქტორიას” კიპერიც ამად დგას კარში. ეს იყო და, პირველ ტაიმში სახიფათო მომენტები აღარ შექმნილა. ბრიტანელებმა სივრცეები ჩაუკეტეს სლოვაკებს, კომპაქტურად ეთამაშებოდნენ და მოწინააღმდეგეს შეტევაში არაფერი გამოსდიოდა. აი, მეორე ნახევარი კი უფრო ცოცხალი გამოდგა. ჯერ ბეილს შეეძლო დუბლის შესრულება, მაგრამ მისი თავური მეკარემ მოიგერია. მერე დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში თითქოს როლები შეცვალესო, სლოვაკები მეტოქის საჯარიმოს აღარ შორდებოდნენ, უელსელები კი მხოლოდ იგერიებდნენ ბურთს. კოზაკმა მინდორზე პროშოვსკის ნაცვლად დუდა გაიყვანა და გაუმართლა. დუდა სულ რამდენიმე წამის ჩართული იყო თამაშში როცა უელსელთა დაცვის შეცდომით ისარგებლა და ანგარიში გაათანაბრა. ბოლოსკენ ბრიტანელები ისევ გააქტიურდნენ და მათაც შეცვლაზე შესულმა რობსონ-კანუმ მოაგებინა. მოკლედ, მწვრთნელებს შეცვლებმა გაუმართლა, უელსმა კი მართლაც უკეთესი შთაბეჭდილება დატოვა და დამსახურებულად გაიმარჯვა. უელსი – სლოვაკეთი 2:1 (1:0) 11 ივნისი. ბორდო. “სტად დე ბორდო.” 37 831 უელსი (3-5-2): უორდი, განტერი, ტეილორი, ეშლი უილიამსი, ჩესტერი, დევისი, ბეილი, ედუარდსი (ლედლი 69), ალენი, რემზი (რიჩარდსი 88), ჯონათან უილიამსი (რობსონ-კანუ 71) მწვრთნელი: კრის კოულმენი სლოვაკეთი (4-3-3): კოზაჩიკი, შკრტელი, პეკარიკი, დიურიცა, შვენტო, ჰამშიკი, კუცკა, ჰროშოვსკი (დუდა 60), დიურიში (ნემეცი 60), ვაისი (სტოხი 81), მაკი მწვრთნელი: იან კოზაკი გოლები: 1:0 ბეილი (10), 1:1 დუდა (61), 2:1 რობსონ-კანუ (81) გაფრთხილება: ჰროშოვსკი (31), მაკი (78), ვაისი (80), კუცკა (83), შკრტელი (90+2) მსაჯი: სვენ უდვარ მუენი (ნორვეგია) ბურთის ფლობა: 46%-52%, კარისკენ დარტყმა: 6-2, კუთხური: 2-3, თამაშგარე: 0-3 |
|
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია