Geo | Eng | Rus
სარეკლამო ადგილი - 3
570 x 120
იტალიელთა დიდი სიხარული, ბელგიელთა დარდი და ფეხბურთის გამარჯვება! (სპეციალური რეპორტაჟი)
2016-06-14 10:52 | ნახვები: 151989
1234567
სარეკლამო ადგილი - 10
710 x 106

იტალია-ბელგიის მატჩის წინ, მთელი ლიონი (ძირითადად ქალაქის ძველი ნაწილი) ლუდით გვარიანად გამობრუჟული ქომაგებით გაივსო. მატჩის სანახავად ჩამოსული გულშემატკივრების აბსოლუტური უმრავლესობა ბელგიელი იყო და მათ ფონზე იტალიელ ქომაგთა მცირე ჯგუფების ხმა და მხიარულება ფერმკრთალად მოსჩანდა. ბელგიელები თავს პრაქტიკულად სამშობლოში გრძნობდნენ და ისე იქცეოდნენ, როგორც შინაურებს შეეფერებათ.

ლიონის ბარებში, კაფეებში თუ ტურისტთა შესატყუებლად მოკვარახჭინებულ სხვა კოხტა ალაგებში, ბელგიელთა სიმღერას და ხმის ჩახლეჩვამდე ყვირილს ქალაქის გარეუბნებშიც კი გაიგებდით. ტრადიციულად აქტიურები და ხმაურიანები იყვნენ იტალიელებიც, მაგრამ ქომაგთა ამ ორივე ჯგუფის სასახელოდ უნდა ითქვას,რომ ვერსად ნახავდით არათუ ჩხუბსა და გაწევ-გამოწევას, არამედ მცირე წალაპარაკებასაც კი. პირიქით, ბევრი ბელგიელი და იტალიელი ქომაგი ერთად ისხდა ბარში და მხარზე მეგობრულად ხელის ტყაპუნის მეტი, “ძალადობრივი“ არაფერი უქნიათ. ეს მაშინ, როდესაც ამ ჩემპიონატზე ბევრი სხვა თამაშშის დროს და მატჩის წინ, ქომაგები ერთმანეთს საწუხაროდ მუშტი-კრივით უსწორდებოდნენ.

იმის გამო, რომ ლიონის სტადიონი ქალაქიდან გვარიანად მოშორებითაა, ადგილობრივმა მერიამ საკმაოდ კარგად და მაღალპროფესიონალურად იზრუნა იმაზე, რომ ქომაგები ტრამვაითა თუ ავტობუსით უპრობლემოდ მისულიყვნენ სტადიონამდე. ავტომობილებს სტადიონიდან დაახლოებით 15 კილომეტრის რადიუსში არ უშვებდნენ და ამის გამო, არც საცობი გვინახავს სადმე და არც ავტომობილის მძღოლთა ჭეშმარიტად თბილისური გინება მოგვისმენია - გადააყენე მანქანა მე უნდა გავიაროო.

სიმღერა - ეს გახლავთ ერთადერთი „იარაღი“, რასაც გულშემატკივრები ორივე მხრიდან მთელი დღის განმავლობაში იყენებდნენ და თუკი ნამეტნავად გადამთვრალმა ბელგიელმა ქომაგმა ტრამვაიში მის წინ მდგომ იტალიელ ტიფოზებს ირონიულად „სპაგეტი“ - დაუყვირა, აქაოდა, თქვე მაკარონის მსვლეპავებოო, საპასუხოდ აგრესიის ნაცვლად სიცილი მიიღი და არც იტალიელს დავიწყებია იმის შეხსენება, რომ „ბელგიას ფეხბურთზე კარგად შოკოლადის წარმოება გამოსდის“.

ჩვენი ლიონში ყოფნის განმავლობაში ამინდის პროგნოზის მიხედვით ყოველდღე წვიმა უნდა ყოფილიყო, თუმცა იტალია-ბელგის მატჩამდე წვიმა კი არა, წვეთი არ ჩამოვარდნილა ციდან. მაგრამ ბედი არ გინდა? სწორედ მაშინ, როდესაც სტადიონთან მივედით და შესასვლელ დიდ რიგში დავდექით, ისეთი წვიმა დაუშვა, აჭარელსაც კი რომ იშვიათად უნახავს. ბოლომდე და “საფუძვლიანად“ დასველდნენ ქომაგებიცა და სტიუარტებიც, სტადიონის მომსახურე პერსონალიცა და პოლიციელებიც, რომელთა სიმრავლეც ლიონში და მთელს საფრანგეთში ყოველ ფეხის ნაბიჯზე იგრძნობა. ტერორიზმის საფრთხე ხომ ამ ქვეყანაში სამწუხროდ ძალიან დიდია და შიშს კი მოგეხსენებათ დიდი თვალები აქვს.

თუმცა, მიუხედავად საქვეყნოდ გაცხადებული ტერორიზმის საფრთხისა და ძალოვანების მიერ მიღებული კონტროლის ნორმებისა, ნამდვილად ვერ ვიტყვით, რომ ლიონის სტადიონზე რაიმე რეალური უსაფრთხოების ნორმები გვინახავს. წესიერად არც კი გაუჩხეკიათ გულშემატკივრები პოლიციელებს და ბომბის ან რაიმე სხვა მსგავსი უბედურების სტადიონზე შეტანის მოსურნეს, სამწუხაროდ ეს ავი საქმე ალბათ გამოუვდოდა კიდეც. არადა, ტელევიზიით ყველას მუდმივად ზომების გაკაცრებაზე გვესმოდა. შეიძლება ჩვენ ვცდებით და იქაურ პოლიციას კონტროლის სხვა და სრულიად ახალი მექანიზმები გააჩნია, მაგრამ რომ გვეეჭვება რა ვქნათ?...

წვიმას და გალუმპვას ქომაგების განწყობაზე დიდი გავლენა ნამდვილად არ მოუხდენია და როდესაც ყველა გულშემატკივარმა თავისი კუთვნილი ადგილი დაიკავა, აღარავის ახსოვდა არც დასველება, არც ტერორიზმის საფრთხე და ყველას ყურადღება სტადიონისკენ იყო მიმართული, სადაც სულ მალე უზარმაზარი დროშები გაიშალა და ინგლისელი მსაჯის სასტვენს, რამაც მატჩის დაწყება გვამცნო, ყველა ისეთი ხმაურით შეხვდა, თავიდანვე აშკარა იყო დიდი ამბები გველოდა.

მატჩი ყველამ ნახეთ და მის პერიპეტიებზე საუბრით თავს არ შეგაწყენთ. ზანზარებდა და ქოთქოთებდა ბელგიელებით გავსებული ორი ტრიბუნა, ხმის ჩახლეჩვამდე ხაოდა ჩვენს გვერდით მჯდარი იტალიელი ქომაგი, რომელიც მავანი ქართვველი ქომაგივით ყველას და ყველაფერს აგინებდა და სულაც არ იყო საჭირო იტალიური ენის ცოდნა, რომ მის ავყიობას ჩავმწვდარიყავით. მას ჩემმა მეგობარმა რეზო ამაშუკელი დაარქვა და ვფიქრობ, იმ იტალიელ ტიფოზზე შემდეგში ცალკე ბლოგი მექნება დასაწერი.

რასაკვირველია ჩვეულებრივი მოვლენა იყო სტადიონზე ქალი ქომაგების სიმრავლე. ეს გახლავთ თანამედროვე ევროპული და არამხოლოდ ევროპული ფეხბურთის განსაკუთრებული წარმატება, რადგან ქალი გულშემატკივრები ჯერ ერთი რომ პასუხს სცემენ კითხვას, თუ რატომ ვართ ჩვენ თანასწორნი და მეორეც - სადაც ქალი გულშემატკივრების სიმრავლეა, იქ ნაკლებია ცემა-ტყეპისა და მუშტთაკვეთების შანსი. თუმცა, ჩვენს უკან ისეთი ბელგიელი ქალბატონი იჯდა, მასთან ჩხუბს ნამდვილად არავის ვურჩევდი.

მატჩის დასრულების შემდეგ, სახეჩამომტირალობისა და დაღვრემის მიუხედავად, ბელგიელი გულშემატკივრები მაინც იღიმოდნენ. ბევრს ხელში ტიფოზებთნ გაცვლილი იტალიის დროშა ეჭირა. იტალიელები კი დიდი ზეიმით ტოვებდნენ სტადიონს და განახლებული წვიმის მიუხედავად, მათ მხიარულება შემდეგ ლიონის ქუჩებშიც გაგრძელდა. არაფერი ჯობდა იმის ნახვას, სტადიონიდან გამოსული და ბარში ღვინის დალევის მომსწრები ახალგაზრდა იტალიელი ბიჭი როგორ ეხუტებოდა ბელგიელ გოგონას, რომელიც მის მოცილებას არცთუ წარმატებულად ცდილობდა. წვერმოშვებულ, ხანში შესულ ბელგიელ ქომაგს კი სახეზე წასმული ბელგიის დროშის ფერების საღებავი წვიმისა თუ სხვა რამის გამო ჩამოდღაბნოდა და ეს ფერები მის თეთრ წვერზე ბოდრიარტული ნახატივით გადასულიყო.

დაბოლოს, იცით რომელ საათზე ამთავრებს ლიონში საზოგადოებრივი ტრანსპორტი მუშაობას? ღამის პირველ საათზე! ამ დროს ამთავრებს და დილის ხუთი საათიდან იწყებს! თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, ფოთში, ზუგდიდში,თელავში, გორში და ჩვენი ქვეყნის სხვა ქალაქებში მცხოვრებო მოქალაქეებო, აბა ეგებ ისიც გაიხსენოთ, საღამოს 11 საათიდან არის თუ არა თქვენს ქალაქებში საზოგადოებრივ ტრანსპორტში ჩაჯდომის იმედი? ნამდვილი ევროპა და მოსახლეობაზე ზრუნვის მაგალითი გნებავთ? ინებეთ!

ლევან სეფისკვერაძე სპეციალურად worldsport.ge-სთვის ლიონიდან


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
ჯგუფი A
თ.ქ.
საფრანგეთი 37
შვეიცარია 35
ალბანეთი 33
რუმინეთი 31
ჯგუფი B
თ.ქ.
უელსი 36
ინგლისი 35
სლოვაკეთი 34
რუსეთი 31
ჯგუფი C
თ.ქ.
გერმანია 37
პოლონეთი 37
ჩრდ.ირლანდია 33
უკრაინა 30
ჯგუფი D
თ.ქ.
ხორვატია 37
ესპანეთი 36
თურქეთი 33
ჩეხეთი 31
ჯგუფი E
თ.ქ.
იტალია 36
ბელგია 36
ირლანდია 34
შვედეთი 31
ჯგუფი F
თ.ქ.
უნგრეთი 35
ისლანდია 35
პორტუგალია 33
ავსტრია 31
სარეკლამო ადგილი - 5
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
250 x 250
0.04422