|
დარდიანი დაბრუნება
2016-06-27 12:33 | ნახვები: 7822
1
ყოველთვის მეცინებოდა იმ ხალხზე, რომლებსაც ევროპაში წასვლიდან რამდენიმე თვის შემდეგ ქართული “ავიწყდებოდათ” და გამოთქმებში ვითომ ქართული“სიტყვები” ეშლებოდათ. საფრანგეთიდან თბილისში დაბრუნების დროს რამდენიმე სწორედ ასეთი თანამემამულე შეგვხვდა, რომლებმაც ვერაფრით გაიხსენეს სიტყვა “ფეხბურთი” და სულ გერმანულ “ფუსბალს” ეძახდნენ. ეს ის შემთხვევაა, როდესაც ფრაზა იმ დალოცვილი ფილმიდან ”როცა მამამ პეტერბურგში ცამიგო, კარტული სულ დაგავიცკდა” – გახსენდება. პარიზიდან იმ დროს თბილისში გამოფრენა, როდესაც ევროპის ჩემპიონატი დასკვნით ფაზაში შედის – ცოტა რთული ამბავია და ბუნებრივია გულისწყვეტებიც ბლომად იქნება, მაგრამ ყველაფერი რა თქმა უნდა ადრე თუ გვიან სრულდება და პირში სულ ბელგიური შოკოლადისა და ფრანგული კონიაკის გემოც რომ გქონდეს, ყველაფერს ბოლოს მაინც წარსულის ლანდი გადაეფარება. ჩვენთან ერთად სამშობლოში ბრუნდებოდნენ უკრაინელი ქომაგებიც, რომლებიც რასაკვირველია მეტად ფინთ გუნებაზედ იყვნენ, რადგან მათი ქვეყნის ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე იმაზე ბევრად უარესად გამოვიდა, ვიდრე ჩვენ გვსურდა და ვვარაუდობდით. დროშები დაეკეცათ, თავები ჩაექინდრათ და უჩუმრისპირად გადიოდნენ აეროპორტის გასასვლელში. სამაგიეროდ, გამოსასვლელიდან ესპანელი ქომაგების რიგი იდგა, რომლებიც ქართველების მსგავსად აშკარად ვერ არიან მთლად კარგად კანონებთან და წესრიგთან. ესპანელები გასასვლელში ერთმანეთს მუჯლუგუნებს ურტყამდნენ. ესპანეთის დროშისგამოსახულებიან მაისურებით მალიმალ იწმენდნენ ოფლს და ხანდახან წაიმღერებდნენ კიდეც – “ვივა ესპანია, ვივა”. ეს ის ქომაგები იყვნენ, რომლებმაც საფრანგეთში ჩასვლის გადაწყვეტილება მხოლოდ მაშინ მიიღეს, როდესაც გაირკვა, რომ ესპანეთი ჯგუფიდან გავიდა და იტალიის ნაკრებს ხვდება. იტალიისა და ესპანეთის ნაკრებთა მერვედფინალური შეხვედრა საქართველოშიც ჰაი ჰაი რომ ძალიან გვაინტერესებს და ესპანეთში და აპენინებზე რა ამბები იქნება რთული წარმოსადგენი არ უნდა იყოს. ისევ საქართველოს და ჩვენებურ ვაებას რომ დავუბრუნდეთ, კურთხეულ საფრანგეთში ნანახი ქართველების ამბები მოსაყოლადაც არ ღირს, რადგან რთულია მოისმინო მათი წუწუნი, როდესაც შენ საქართველოდან ჩადიხარ და თბილისში დაბრუნებულს კიდევ უფრო მეტად გაუფასურებულ ლარს გახვედრებენ. მაგრამ, სტამბულის აეროპორტში გაგონილი ქართული ფრაზა კი ნამდვილად დასამახსოვრებელია. თბილისისაკენ მიმავალ თვითმფრინავზე ჩასხდომის წინ, ერთ-ერთი ჩვენებური ჯეელი იძახდა: “აუ, ნეტა თბილისის მაგივრად სხვა ადგილზე ჯდებოდეს თვითმფრინავი”. განა გვიკვირს ეს ამბები?! განა უცხოა მსგავსი დამოკიდებულებები?! მაგრამ, მაინც რომ გტკივა გული იმას რა უნდა უყო? იმ ძველი გამოთქმისა არ იყოს, მართლა ყველამ ხომ არ უნდა გაიგოს რაცა ვართ და რაც გვჭირს? “ეს რა ჭირის გვჭირს ტოო!”. |
|
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია