Geo | Eng | Rus
სარეკლამო ადგილი - 3
570 x 120
ევრო 2016 მონაწილეთა წარდგენა – გერმანია
2016-06-04 16:19 | ნახვები: 4539
1
სარეკლამო ადგილი - 10
710 x 106

გერმანიის ეროვნული ნაკრები დამდეგი ევროფორუმის ერთ-ერთი მთავარი ფაოვორიტია. იოაჰიმ ლიოვის განკარგულებაში ჩინებული კონტიგენტია და ამასთან მოქმედი მსოფლიოს ჩემპიონის სტატუსით ჩავა საფრანგეთში. და მაინც, ბოლო პერიოდში “ბენდესნაკრების” თამაში ქომაგებში აშკარად შიშს იწვევს. ლიოვის გუნდმა უკანასკნელი 6 თამაშიდან მხოლოდ ორის მოგება მოახერხა და ოთხჯერ დამარცხდა – ირლანდიასთან, საფრანგეთთან, ინგლისთან და სლოვაკეთთან. ხოლო საქართველოსა და იტალიას სძლია.

გერმანიამ შესარჩევი ციკლი დამაჯერებლად განვლო, მიუხედავად იმისა, რომ საკვალიფიკაციო ტურნირზე ორჯერ დამარცხდა, ეჭვი საფრანგეთის საგზურთან დაკავშირებით მაინც არ გაჩენილა. რაც შეეხება უშუალოდ ფინალურ ეტაპს – “ბუნდესგუნდი” ოქროს მედალს უკვე 20 წელია დანატრებულია: ბოლოს გერმანელებმა კონტინეტნის ჩემპიონობა ინგლისში 1996 წელს იზეიმეს.

მთავარი მწვრთნელი - იოაჰიმ ლიოვი

56 წლის სპეციალისტი გერმანიის ნაკრებს 2006 წლიდან მოყოლებული უდგას სათავეში და მის ხელში გუნდის თამაში აშკარა პროგრესს განიცდის. რაც მთავარია, ლიოვს შედეგი აქვს ნაკრებში: მსოფლიოს ჩემპიონობასთან ერთად, მის ხელში ნაკრები ერთხელ ევროპის ჩემპიონატის ფინალში გავიდა, ხოლო თითოჯერ მუნდიალისა და ასევე ევრო ფორუმის ნახევარფინალს უწია. გერმანიის ნაკრების მთავარ მწვრთნელობამდე იგი იურგენ კლინსმანის ასისტენტი იყო 2004-2006 წლებში, ხოლო მანამდე ვენის “აუსტრიაში”, “კარლსრუეში”, “შტუტგარტსა” და თურქულ გუნდებში უმუშავია.

აქამდე ლიოვმა გერმანიის ნაკრებს 130 შეხვედრაში უხელმძღვანელა და მისი მაჩვენებელი ასეთია: 86 მოგება, 22 ფრე, 22 წაგება (ჩატარებული მატჩების 66.15% მოიგო).

შემადგენლობა

მეკარეები:1. მანუელ ნოიერი (“ბაიერნი”), 22. მარკ-ანდრე ტერ შტეგენი (“ბარსელონა”, ესპანეთი), 12. ბერნდ ლენო (“ლევერკუზენი”)

მცველები:2. შოკოდრან მუსტაფი (“ვალენსია”, ესპანეთი), 3. იონას ჰექტორი (“კიოლნი”), 4. ბენედიქტ ჰიოვედესი (“შალკე”), 5. მატს ჰუმელსი (“დორტმუნდი”), 14. ემრე ჩანი (“ლივერპული”, ინგლისი), 17. ჟერომ ბოატენგი (“ბაიერნი”), 16. ანტონიო რუდიგერი (“რომა”, იტალია)

ნახევარმცველები:6. სამი ხედირა (“იუვენტუსი”, იტალია), 7. ბასტიან შვაინშტაიგერი (“მანჩესტერი”, ინგლისი), 8. მესუტ იოზილი (“არსენალი”, ინგლისი), 9. ანდრე შურლე (“ვოლფსბურგი”), 18. ტონი კროოსი (“რეალი”, ესპანეთი), 19. მარიო გიოტცე (“ბაიერნი”), 11. იულიან დრაქსლერი (“ვოლფსბურგი”), 21. ჯოშუა კიმიხი (“ბაიერნი”), 15. იულიან ვეიგლი (“დორტმუნდი”)

თავდამსხმელები:13. ტომას მიულერი (“ბაიერნი”), 23. მარიო გომესი (“ბეშიქთაში”, თურქეთი), 10. ლუკას პოდოლსკი (“გალათასარაი”, თურქეთი), 20. ლეროი სანე („შალკე“)

სავარაუდო შემადგენლობა: (4-2-3-1):ნოიერი; ჩანი, ჰუმელსი, ბოატენგი, ჰექტორი; კროოსი, ხედირა; მიულერი, იოზილი, გიოტცე; გომესი

გერმანიის ნაკრების 23 კაციან განაცხადში ვერ მოხვდა მარკო როისი – ეს ამ გუნდის მთავარი დანაკლისი იქნება. როისი საფრანგეთში ტრავმის გამო ვერ მიემგზავრება. ასე იყო 2 წლის წინაც ბრაზილიის მუნდიალის დროს. გარდა როისისა, ტრავმის გამო ნაკრებში არაა “დორტმუნდის” კიდევ ერთი ლიდერი ილქაი გუნდოგანი. ამის შესახებ კარგა ხანია ცნობილია და წესით იოაჰიმს მისი შეცვლა არ უნდა გაუჭირდეს. სხვა მხრივ, ლიოვის განკარგულებაში თითქმის ყველა ის ფეხბურთელია, რომლის ხილვა მას სურდა. მათ შორის ბასტიან შვაინშტაიგერიც, თუმცა ნაკლებ სავარაუდოა, არცთუ სახარბიელო ფორმაში მყოფი “ბასტი” ძირითადი შემადგენლობის წევრად მოიაზროს. ისევ გუნდშია ლუკას პოდოსლკი, რომელიც როგორც წესი ნაკრებში ყოველთვის ნაყოფიერად ირჯება. და საერთოდ, ლუკსი ამ გუნდში ყველაზე გამოცდილია. მას ყველაზე მეტჯერ აქვს ნათამაშები ნაკრებში და ყველაზე მეტი გოლიც გაუტანია. ასევე მარიო გომესი, ვისაც სტამბულის “ბეშიქთაშში” ჩინებული სეზონი ჰქონდა და თურქეთის ჩემპიონიც გახდა.

მთავარი პრობლემა მაინც დაცვის მარჯვენა ფლანგია, სადაც ფილიპ ლამის წასვლის მერე ლიოვი შემცვლელის ძიებაშია. ვეტერან ფეხბურთელს ალბათ “ლივერპულის” წევრი ემრე ჩანი ჩაანაცვლებს, თუმცა არც ბენედიქტ ჰიოვედესი უნდა დავივიწყოთ.

ლიოვს საფრანგეთში ორი დებიუტანტიც მიჰყავს – “ბაიერნის” იმედისმოცმემი მცველი ჯოშუა კიმიხი და “შალკეს” შემტევი ლეროი სანე.

მთავარი ვარსკვლავი: ტომას მიულერი– მიუნხენის “ბაიერნის” შემტევი გერმანიის ნაკრების უპირობო ლიდერია. ტომასი მიუხედავად ასაკისა შესაშური შედეგიანობით გამოირჩევა და ალბათ, ორი წლის მერე მსოფლიოს ჩემპიონატის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირობისთვის გაიწევს. ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში კი, იგი საკუთარი გუნდი საუკეთესო ბომბარდირი გახდა 9 გატანილი გოლით.

მიულერი “ბუნდესნაკრებისთვის” ცალსახად შეუცვლელი ფიგურაა, რასაც პრინციპში სხვა მოთამაშეებზე ვერ ვიტყვით.

მთავარი იმედი: მესუტ იოზილი– ლონდონის “არსენალში” თურქული ფესვების მქონე შემტევს დიდებული სეზონი გამოუვიდა. 20 საგოლე გადაცემა პრემიერლიგაში ამთავითვე ცხადჰყოფს, რომ იოზილი გერმანიის ნაკრების ტვინი და მამოძრავებელი ძალა იქნება. მიულერის მერე ალბათ, პირველია, ვისი შეცვლაც იოაჰიმ ლიოვს ამ ფორმაციის ნაკრებში გაუძნელდება.

ევროპის ჩემპიონატების ისტორია

გერმანია სამგზის ევროპის ჩემპიონია, რაც ესპანეთთან ერთად საუკეთესო მაჩვენებელია. 1972 და 1980 წელს, როგორც დასავლეთ გერმანიის ნაკრებმა იჩემპიონა, ხოლო 1996 წელს, უკვე გაერთიანებული გერმანიის სახელით. თუმცა, ინგლისში ჩემპიონობის მერე “ბუნდესნაკრებს” მიჯრით ორი ევრო ფორუმი ჩაუვარდა – 2000 და 2004 წელს გერმანია ჯგუფში ჩარჩა. სიტუაცია გამოსწორდა ლიოვის ხელში: 2008 წელს, გერმანელთა მთავარი გუნდი ფინალში ესპანეთთან დამარცხდა, ხოლო 4 წლის წინ ნახევარფინალში იტალიასთან დარჩა წაგებული. მთლიანობაში კი, თამამად შეიძლება ითქვას, რომ გერმანია ერთ-ერთი ყველაზე სტაბილური გუნდია ევროპაში.

კალენდარი ევრო 2016-ზე

გერმანია – უკრაინა

12 ივნისი, 23:00 საათი, ლილი, “სტად პიერ მორო”

გერმანელები ევრო 2016-ზე თამაშს უკრაინის ნაკრებთან მატჩით 12 ივნისს, ლილში დაიწყებენ. გერმანია უკრაინასთან ურთიერთშეხვედრებში უპირატესობას ფლობს: 4 თამაში, 2 მოგება, 2 ფრე. 1998 წლის მუნდიალის შესარჩევ ციკლში “ბუნდესნაკრებმა” ბრემენში ოლივერ ბირჰოფისა და მარიო ბასლერის გოლებით იმარჯვა, ხოლო კიევში გოლი არ გასულა.

რაც შეეხება ბოლო დაპირისპირებას: იგი 2001 წლით თარიღდება, როცა ისინი მსოფლიოს 2002 წლის ჩემპიონატის პლეი-ოფში გადაეყარნენ ერთმანეთს – კიევში გუნდებმა გოლები გაცვალეს (ზუბოვი და ბალაკი), ხოლო დორტმუნდში მასპინძლებმა იძალეს – 4:1 (ბალაკი ორჯერ, ნოივილი, რემერი – შევჩენკო) და ფინალურ ეტაპზე გავიდნენ, სადაც საბოლოოდ ვერცხლის მედლები მოიპოვეს.

გერმანია – პოლონეთი

16 ივნისი, 23:00 საათი. სენ დენი, “სტად დე ფრანსი”

მეორე თამაშს გერმანია ძველ ნაცნობ პოლონეთთან “სტად დე ფრანსზე” გამართავს. პოლონეთთან ალემანებს გაცილებით დიდი ისტორია აკავშირებთ – 20 თამაში, 13 მოგება, 6 ფრე, 1 წაგება. როგორც ხედავთ, გერმანია საგრძობად სჯაბნის მეტოქეს. აღნიშნული 20 თამაშიდან 12 ამხანაგური იყო, ხოლო დნაარჩენი რვა ოფიციალური.

ისინი კარს მომდგარი ევროპირველობის შესარჩევ ჯგუფშიც ერთად იყვნენ და ვარშავაში მასპინძლებმა იმარჯვეს (2:0), ხოლო ფრანკფურტში ალემანებმა – 3:1. ღაც შეეხება უშუალოდ ფინალურ ეტაპებს: 2008 წლის ევროპის ჩემპიონატზე ჯგუფში გერმანიამ პოლონური წამროშობის ლუკას პოდოლსკის დუბლით მოიგო, ხოლო 2006 წლის მუნდიალის ჯგუფურ ეტაპზე ოლივერ ნოივილმა ბოლო წუთზე გაიტანა ერთადერთი გოლი.

ისინი ერთ ქვეჯგუფში იყვნენ 1978 და 1974 წლის მსოფლიოს ჩემპიონატებზეც: არგენტინაში ნულოვანი ფრე დაფიქსირდა, გერმანიაში კი ოთხი წლით ადრე, მასპინძლებმა იმარჯვეს - 1:0.

ჩრდილოეთ ირლანდია – გერმანია

21 ივნისი, 20:00 საათი, პარიზი, “პარკ დე პრენსი”

იოაჰიმ ლიოვის გუნდი ჯგუფურ ეტაპზე ჩრდილოეთ ირლანდიასთან მატჩით დაასრულებს. 14 თამაში, 8 მოგება, 4 ფრე, 2 წაგება – ასეთია ბალანსია. როგორც ხედავთ, ჩრდილოეთ ირლანდიის კვალობაზე, არცთუ შთამბეჭდავი ციფრებია. თუმცა მათი ბოლო ჯახი 17 წლის წინ შედგა. მაშინ ევრო 2000-ის შესარჩევ ჯგუფში იყვნენ ერთად და გერმანიამ ორივე თამაში ადვილად მოიგო – 4:0, 3:0.

თამაში ისტორიიდან

მსოფლიო ჩემპიონატი, ნახევარფინალი – 8 ივლისი, 2014. რიო დე ჟანეირო, “მარაკანა”

ბრაზილია – გერმანია 1:7

გოლები:0:1 მიულერი (11), 0:2 კლოზე (23), 0:3 კროოსი (24), 0:4 კროოსი (26), 0:5 ხედირა (29), 0:6 შურლე (69), 0:7 შურლე (79), 1:7 ოსკარი (90)




საუკეთესო შედეგი:ჩემპიონი სამჯერ (1972, 1980, 1996)

ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი:მიროსლავ კლოზე (71 გოლი) –ამჟამად გუნდში საუკეთესო გოლეადორი:ლუკას პოდოლსკი (48 გოლი)

ყველაზე მეტი მატჩი:ლოთარ მათეუსი (150 თამაში) –ამჟამად ყველაზე გამოცდილი:ლუკას პოდოლსკი (126 თამაში)


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
ჯგუფი A
თ.ქ.
საფრანგეთი 37
შვეიცარია 35
ალბანეთი 33
რუმინეთი 31
ჯგუფი B
თ.ქ.
უელსი 36
ინგლისი 35
სლოვაკეთი 34
რუსეთი 31
ჯგუფი C
თ.ქ.
გერმანია 37
პოლონეთი 37
ჩრდ.ირლანდია 33
უკრაინა 30
ჯგუფი D
თ.ქ.
ხორვატია 37
ესპანეთი 36
თურქეთი 33
ჩეხეთი 31
ჯგუფი E
თ.ქ.
იტალია 36
ბელგია 36
ირლანდია 34
შვედეთი 31
ჯგუფი F
თ.ქ.
უნგრეთი 35
ისლანდია 35
პორტუგალია 33
ავსტრია 31
სარეკლამო ადგილი - 5
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
250 x 250
0.045171