|
ჰამშიკი!
2016-06-15 19:33 | ნახვები: 7690
12345678
ეს ის იშვიათი შემთხვევა იყო მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე, როცა კონკრეტულად ერთი-ორი ფეხბურთელის ინდივიდუალურმა ოსტატობამ მოიგო თამაში. სათითაოდ რომ აიღო, ეგებ, რუსებს სლოვაკებზე ნაკლები ფეხბურთელები არ ჰყავთ, მაგრამ არ ჰყავთ მარეკ ჰამშიკის დონის ნახევარმცველი, მარტინ შკრტელის დარი დაცვის ლიდერი და თუნდაც ვლადიმირ ვაისისნაირი ფლანგელი. კარგი იყო ონდრეი დუდაც. საუკეთესო კი ჰამშიკი იყო! “ნაპოლის” ნახევარმცველის საგოლე პასიც და გოლიც ნებისმიერ გურმანს დააკმაყოფილებდა. თავიდან ფრთხილი თამაში მიმდინარეობდა, მომენტებიც არ იქმნებოდა და აი, ამ დროს ჰამშიკმა გენიალური პასი “დაუხატა” საქართველოს ეროვნული ნაკრების თავკაცის ვაჟს. ვაის-უმცროსმაც ერთი მოძრაობით ორი მცველი მიაწვინა და იგორ აკინფეევს ზუსტად დაურტყა – 0:1. ტაიმის ბოლოს კი თავად ჰამშიკმა საჯარიმოში მიიღო ბურთი და მძლავრად დაარტყა, ბურთი ჯერ ძელს მოხვდა და მერე ბადეში გაეხვა. რუსები შოკირებულები გავიდნენ შესვენებაზე. თამაშის სურათი ნათელი იყო: რუსები ცდილობდნენ შეტევას, მაგრამ უფანტაზიოდ, გაუგებარი გადაწყვეტილებებით. 14-ჯერ დაარტყეს კარისკენ და მხოლოდ ორჯერ მოახვედრეს ჩარჩოში, ამ ორიდან კი ერთი გაიტანეს. ამაოდ იწვალა არტიომ ძიუბამ, მარტინ შკრტელი არ ახარებდა და მხოლოდ ერთხელ გამოსტყუა ჯარიმა. სლოვაკებიც აშკარად განიცდიდნენ მაღალი კლასის ფეხბურთელთა დეფიციტს, ხშირად უაზროდ კარგავდნენ ბურთს და რუსი შემტევების უნიათობა რომ არა, დაისჯებოდნენ. ბოლოს მაინც მოუწიათ ნერვიულობა, რადგან დენის გლუშაკოვმა თავით გაიტანა ოლეგ შატოვის პასით – 1:2 გახდა და წინ კიდევ იყო დრო. საერთო ჯამში, იან კოზაკის გუნდმა დამსახურებულად მოიგო და ჯგუფიდან გასვლის შანსი დაიტოვა. არც რუსეთია უშანსოდ, მაგრამ ასეთი უფანტაზიო და მხოლოდ ჯაჯგურზე აწყობილი ნაკრები გინდ ყოფილა ევროპის ჩემპიონატზე და გინდ – არა... 15ივნისი. 17:00. ლილი. ”მეტროპოლი” რუსეთი-სლოვაკეთი 1:2 (0:2) VIDEO რუსეთი: აკინფეევი, სმოლნიკოვი, იგნაშევიჩი, ვ.ბერეზუცკი, შჩენიკოვი, ნოიშტედტერი (გლუშაკოვი 46), შატოვი, კოკორინი (შიროკოვი 75), სმოლოვი, გოლოვინი (მამაევი 46), ძიუბა მწვრთნელი: ლეონიდ სლუცკი სლოვაკეთი: კოზაჩიკი, პეკარიკი, შკრტელი, დიურიცა, ჰუბოჩანი, პეჩოვსკი, კუცკა, ვაისი (სვენტო 72), დუდა (ნემეცი 67), ჰამშიკი, მაკი (დიურიში 79) მწვრთნელი: იან კოზაკი გოლები: 0:1 ვაისი (32), 0:2 ჰამშიკი (45), 1:2 გლუშაკოვი (80) გაფრთხილება: დიურიცა (46) მსაჯი: სკომინა (სლოვენია) ბურთის ფლობა %: 62-38, დარტყმა: 14 (2)-9 (3), კუთხური: 5-5, თამაშგარე: 0-5, სეივი: 1-1, ჯარიმა: 8-12 |
|
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია