|
ფინალის წინ: ევრო 2016-ის აფრიკული არომატი
2016-07-10 14:26 | ნახვები: 20514
12345678
ფარია რიველინოს შეგვიძლია ვაპატიოთ. ევრო 2016-ის ფინალში ის ორივე ნაკრებს - საფრანგეთის და პორტუგალიისასაც უგულშემატკივრებს. ”პარი სენ - ჟერმენის” ნახევარმცველის, ბლეზ მატიუდის მამა მეუღლე ელიზთან ერთად ტულუზაში 80-იან წლებში ჩავიდა. ისინი ანგოლიდან სამოქალაქო ომს გამოექცნენ. პორტუგალიის ყოფილი კოლონია ამ დაპირისპირებამ მიწასთან გაასწორა. კონფლიქტი 2002 წლამდე გაგრძელდა, მას დაახლოებით ნახევარი მილიონი ადამიანი შეეწირა. მატიუდი პარიზის გარეუბან ფონტენე სუ ბუაში გაიზარდა ოთხ ძმასთან ერთად. ისინი ფრანგულად და პორტუგალიურად თავისუფლად საუბრობენ. ორივე ქვეყანას სამშობლოდ მიიჩნევენ და ამიტომ იყო ბლეზისთვის რთული, როცა შესთავაზეს - მამის მშობლიურ ნაკრებში ხომ არ ითამაშებდიო. “ძნელი არჩევანი უნდა გამეკეთებინა საფრანგეთის ნაკრების სასარგებლოდ, - ამბობს მატიუდი, - ანგოლური ფესვები არასოდეს დამვიწყებია, იქაურობას დიდ მნიშვნელობას ვანიჭებდი, რადგან იქ ბევრი ნათესავი მყავს. ანგოლაში 2010 წელს ჩავედი, აფრიკის თასის გათამაშების დროს. გაოცებული დავრჩი იქაურების ყურადღებით. ისინი ჩემი კარიერით ამაყობდნენ და ეს ძალიან მსიამოვნებდა. მაშინ დავრწმუნდი, რომ ჩემი ფესვები სწორედ იქ არის.” მატიუდის გარდა ორივე ფინალისტის რიგებში უამრავი წარმოშობით აფრიკელია, “მეორე თაობის ხალხი” ყოფილი კოლონიებიდან (Сhildren of second generation Africans), რომელთა მშობლები გაჭირვებისა თუ სხვა მიზეზთა გამო აღმოჩდნენ ევროპაში. როცა ფრანგებმა 1998 წელს შინ მოიგეს მსოფლიო ჩემპიონატი, მათ მეტსახელი “Black, Blanc, Beur...” უწოდეს, რაც შავს, თეთრს და არაბს ნიშნავს (ეს - Beur განსაკუთრებით საინტერესო სიტყვაა. ასე საფრანგეთში დაბადებულ მაშრიყ-მაღრიბელებს მოიხსენიებენ ზიდანის თამადობით). დღევანდელი საფრანგეთის ნაკრების 23 კაციან განაცხადში 11, პორტუგალიისაში კი – 6 ეთნიკური აფრიკელია. ევროზე მონაწილე 24 ნაკრებიდან, ნახევარზე მეტს ერთი და მეტი აფრიკელი ჰყავდა შემადგენლობაში. ეს ფაქტი კარგად მიანიშნებს ბოლო წლებში ევროპაში მიმდინარე მიგრაციულ პროცესზე. დღევანდელი მსოფლიო სულ სხვაგვარია. აფრიკაც ხომ ძალიან ფერადია და გამოუცნობი, თავისი ზიზილ-პიპილოებით, სულიერი შამანებითა და ნაირგვარი ღმერთებით. ვის როგორო და, ცხადია, ასეთი სტატისტიკა ზოგს არ მოსწონს. მაგალითად, საფრანგეთის ულტრამემარჯვენე ნაციონალური ფრონტის პრეზიდენტმა მარინ ლე პენმა კარიმ ბენზემას ევროზე არწაყვანა სათავისოდ გამოიყენა და მამამისის, ჟან-მარის დროს დაწყებულ დებატებს მიუბრუნდა. შეგახსენებთ, ჟან-მარი ლე პენი საფრანგეთში იმიგრაციის შეზღუდვის მოთხოვნით გამოდიოდა. 1998-ში კი, როცა “სამფეროვნები” მსოფლიო ჩემპიონები გახდნენ, ამბობდა: საფრანგეთის ნაკრები არ არის ფრანგული გუნდი, მწვრთნელმა ძალიან ბევრი შავკანიანი ფეხბურთელი წაიყვანა მუნდიალზეო. 2011 წელს ჯერ საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაცია, შემდეგ კი ნაკრების მაშინდელი თავკაცი, ლორან ბლანი მკაცრად გააკრიტიკეს და ურჩიეს, ქვეყნის მთავარ გუნდში ეთნიკური უმცირესობების რიცხვი შეემცირებინა და მათი ადგილები “სუფთა” ფრანგებით შეევსო. თუმცა, ეს მხოლოდ ფრანგების პრობლემა არ არის. აფრიკელი ფეხბურთელების მომრავლებით სხვა ქვეყნებშიც უკმაყოფილონი არიან. მაგალითად, საფრანგეთ – ისლანდიის მეოთხედფინალური მატჩის წინ, დანიურმა ულტრამემარჯვენე პარტიამ განცხადება გაავრცელა, სადაც ფეისბუქზე ატვირთულ ერთ ფოტოს აკრიტიკებდა. სურათზე პოლ პოგბა (რომლის მშობლები გვინეიდან წასული ემიგრანტები არიან) და სენეგალში დაბადებული პატრის ევრა ისლანდიის ნაკრების კაპიტან არონ გუნარსონთან ერთად არიან აღბეჭდილნი. “თუ არ ფიქრობთ, რომ ევროპა და დანია აფრიკელების მოსამსახურე უნდა გახდეს, მაშინ ამა და ამ საიტზე თანხმობის ნიშნად თქვენი ელექტრონული შეტყობინება დატოვეთ და ჩვენი პარტია საპარლამენტო არჩევნებში ჩაებმება.” აი, ასე!… ამ განცხადებას ისლანდიის საფეხბურთო ასოციაციამ მკაცრი წერილით უპასუხა რომლის საერთო პათოსი ასეთი იყო: ფეხბურთი იმიტომ გვიყვარს, რომ ადამიანებს აერთიანებს. ამიტომ რაიმე ნიშნის მიხედვით მათი დაყოფა დაუშვებელიაო. ტურნირის წინ ლეგენდარულმა ერიკ კანტონამ ფრანგთა მწვრთნელი დიდიე დეშამი ბენზემას მიმართ რასიზმში დაადანაშაულა, თუმცა, დეშამი საქმით ამტკიცებს, რომ აფრიკული წარმოშობის ფეხბურთელებთან პრობლემა არ აქვს. მატიუდის, პოგბასა და ევრას გარდა მას განაცხადში ჰყავს წარმოშობით კონგოელები “კრისტალ პალასის” მეკარე სტივ მანდანდა და “მანჩესტერ სიტის” მცველი ელიაკიმ მანგალა. უკანახაზელი ადილ რამი კორსიკაზე დაბადებული მაროკოელი და ამისდაკვალად, გუნდში ერთადერთი ჩრდილოაფრიკელია. მცველი სამუელ იუმიტი, რომელიც გასულ თვეში “ლიონიდან” “ბასელონაში” გადაბარგდა, კამერუნის დედაქალაქ იაუნდეშია დაბადებული. მშობლებმა ის ორი წლისა ჩაიყვანეს საფრანგეთში. მუსა სისოკო და ნგოლო კანტე მალელები გახლავან. ბავარიელ კინგსლი კომანს გვინეური ფესვები აქვს, “სიტის” ბაქარი სანიას – სენეგალური. კიდევ არიან ჭაბუკი კარიბელი ანტონი მარსიალი და რეიუნიონში (კუნძული ინდოეთის ოკეანეში, საფრანგეთის ზღვისიქითა დეპარტამენტი) დაბადებული დიმიტრი პაიე. თუმცა, ამათ დანარჩენებს ვერ მივათვლით. თუკი საფრანგეთის ძველი იმპერიიდან წამოსული ადამიანების ამბავი ყოველთვის აინტერესებდათ, პორტუგალიაში ამას ნაკლები ყურადღება ექცეოდა. არადა, 50-იან წლებში, როცა ფრანგთა ნაკრები ოდენ ფრანგებით იყო დაკომპლექტებული, პორტუგალიელებმა ყოფილი კოლონიიდან რამდენიმე ნატურალიზებული მოთამაშე დაიმატეს. თავიდან ესენი მოზამბიკელები იყვნენ: მატატეუ და დიდებული მარიო კოლუნა, “ბენფიკასა” და პორტუგალიის ნაკრების კაპიტანი. ჩემპიონთა თასის ორჯერ მომგები. შემდეგ ილარიუ, რომელმაც 1964 წელს ლისაბონის “სპორტინგთან” ერთად თასების მფლობელთა თასი მოიპოვა. 1961 წელს კი პორუგალიელთა შორის 19 წლის, ლეგენდარული ეუსებიო გამოჩნდა, რომელიც მსოფლოს ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელად ითვლება. თუ მაშინ მოზამბიკელების ეპოქა იყო, დღევანდელ ნაკრებში არაპორტუგალიელთაგან მწვანეკონცხელები, ანუ კაბოვერდელები სჭარბობენ. არქიპელაგიდან არიან ნანი, ელიზეუ და 18 წლის ამომავალი ვარსკვლავი, რენატო სანჩესი, რომელიც ორი თვის წინათ, “ბენფიკადან” “ბაიერნში” გადავიდა. ტრანსფერის თანხამ 35 მილიონი ევრო შეადგინა. რენატომ მეოთხედფინალში პოლონეთის ნაკრებს გაუტანა და შვეიცარიელი იოჰან ფონლანტენისა და ინგლისელი უეინ რუნის შემდეგ მესამე ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა, ვისაც ევროპის ჩემპიონატების ფინალური ეტაპის ისტორიაში გოლი გაუტანია. ანგოლაშია დაბადებული “სპორტინგის” უილიამ კარვალიო. გვინეა - ბისაუში მოევლინენ ქვეყანას “პორტუს” დანილო და “ლილის” ედერი. ასეთია დღევანდელი ევროპა. წინ კი ძალიან საინტერესო ფინალია. დღეს, თბილისის დროით 23 საათზე, სენ დენიში, “სტად დე ფრანსზე” მასპინძელი საფრანგეთი პორტუგალიის წინააღმდეგ წარსდგება. |
|
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
Warning: preg_replace(): The /e modifier is no longer supported, use preg_replace_callback instead in /home/admin/domains/worldcup.worldsport.ge/public_html/fblogin2.php on line 222
Deprecated: str_replace(): Passing null to parameter #3 ($subject) of type array|string is deprecated in /home/admin/domains/worldcup.worldsport.ge/public_html/fblogin2.php on line 196
Warning: preg_replace(): The /e modifier is no longer supported, use preg_replace_callback instead in /home/admin/domains/worldcup.worldsport.ge/public_html/fblogin2.php on line 222
Deprecated: str_replace(): Passing null to parameter #3 ($subject) of type array|string is deprecated in /home/admin/domains/worldcup.worldsport.ge/public_html/fblogin2.php on line 196
Warning: preg_replace(): The /e modifier is no longer supported, use preg_replace_callback instead in /home/admin/domains/worldcup.worldsport.ge/public_html/fblogin2.php on line 222
Deprecated: str_replace(): Passing null to parameter #3 ($subject) of type array|string is deprecated in /home/admin/domains/worldcup.worldsport.ge/public_html/fblogin2.php on line 196