|
სენ დენიდან ევრო 2016 იწყება – საფრანგეთი VS რუმინეთი
2016-06-10 10:00 | ნახვები: 7688
12345678910111213141516
დღეს, თბილისის დროით 23:00 საათზე, საფრანგეთის დედაქალაქ პარიზის გარეუბან სენ დენიში ოთხწლიანი მოლოდინი დასრულდება და ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის ფინალური ეტაპი დაიწყება. “სტად დე ფრანსზე” მასპინძელი საფრანგეთი რუმინეთს ეთამაშება. აღსანიშნავია, რომ რუმინეთს საფრანგეთი ოფიციალურ მატჩებში არასდროს დაუმარცხებია. მოკლედ, ვლახებს ჩინებული შანსი აქვთ, მათთვის უსიამოვნო ტრადიცია დაარღვიონ. თუმცა, რამდენად მოახერხებს ანგელ იორდანესკუს გუნდი “სტად დე ფრანსზე” მასპინძელთა ძლევას, ძნელი სათქმელია. ორივე გუნდმა მოსამზადებელი ეტაპი ნაყოფიერად განვლო. საფრანგეთის ნაკრებს უკვე ზედიზედ 4 მოგებული მატჩი დაუგროვდა, მაგრამ ისიც სათქმელია, რომ “მამლებმა” ხსენებულ ოთხ შეხვედრაში 6 გოლი გაუშვეს, რაც დაცვაში არცთუ კარგ თამაშზე მეტყველებს. ისე კი, ფრანგთა მთავარი გუნდი წელს წაუგებელია. ბოლოს გალებმა ნოემბერში ინგლისთან წააგეს. სხვათა შორის, დიდიე დეშამმა მატჩისწინა პრესკონფერენციაზე დაიწუწუნა, ორი წელია ასეთი რანგის თამაში არ გვითამაშაო და ვერც გავამტყუნებთ. ბოლო ინფორმაციით, თამაშს შეძლებს კინგსლი კომანი, რომელსაც მცირე ტრავმა აწუხებდა, მაგრამ ახალგაზრდა შემტევი თამაშს ძირითადში სავარაუდოდ მაინც არ დაიწყებს. რუმინელთა შორის კი, საეჭვოა სტელიანო ფილიპისა და ფლორინ ანდონეს თამაში, რომელთაც მცირე ტრავმები აწუხებთ. რუმინელთა თავკაცი ანგელ იორდანესკუ კი ამაღლებულ განწყობაზეა და გაიძახის, ჯგუფიდან უნდა გავიდეთ, კარგი გუნდი მყავსო. არადა, ვლახებმა მოსამზადებელ ეტაპზე სამი თამაში გამართეს და ოდენ ერთი მოიგეს, საქართველოსთან 5:1. აღსანიშნავია, რომ რუმინელებს ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე უკვე ოთხი თამაშია არ მოუგიათ (ორი ფრე, ორი წაგება). ისიც დასამატებელია, რომ რუმინეთის ნაკრებს ევრო 1996-ზე და ევრო 2008-ზე პირველ ტურში სწორედ საფრანგეთთან მოუწია თამაში და ერთხელ წააგო, ერთხელაც ფრეს გამორჩა. ისიც სათქმელია, რომ ევრო 1996-ზე ამ გუნდთა მატჩი სწორედ 10 ივნისს გაიმართა. თავის მხრივ აქამდე გახსნით მატჩში რუმინელებს არ უთამაშიათ და შესაბამისად, მათთვის ერთგვარი დებიუტი იქნება, ხოლო საფრანგეთს ევროპის ჩემპიონატის სასტარტო მატჩში ორჯერ უთამაშია (წაგება-მოგება), ხოლო მუნდიალის პირველ შეხვედრაში “მამლებმა” სამჯერ ითამაშეს და ორჯერ მოიგეს. ბოლოს, 2002 წელს სენეგალთან ხმაურიანად წააგეს. დიდიე დეშამი (საფრანგეთის ნაკრების მწვრთნელი): “ამ თამაშისთვის ჩვენ ორი წელი ვემზადებოდით და ძალზე მნიშვნელოვანია დიდ ტურნირზე დაბრუნება. უმაღლეს დონეზე ჩვენი ბოლო თამაში 2014 წლის მუნდიალზე გერმანიის ნაკრებთან იყო და ამის შემდეგ მხოლოდ ამხანაგური მატჩები ვითამაშეთ. “სტად დე ფრანსზე” გახსნით შეხვედრაში ასპარეზობა კი განსაკუთრებული მოვლენაა. ყველაფერი უნდა გავიღოთ წარმატების მისაღწევად მთელი ტურნირის განმავლობაში. რა თქმა უნდა, საკუთარ მოედანზე დღეს ფავორიტები ვართ, მაგრამ რუმინეთს ამ მატჩში არ ეძინება და დადებითი შედეგის მისაღწევად ყველაფერს გააკეთებს. მაგრამ თუ მოგება სურთ, მხოლოდ დაცვაზე არ უნდა იფიქრონ. მე ვუყურე მათ თამაშებს და ძალიან გაიზარდნენ, როგორც გუნდი. ველოდები დაძაბულ მატჩს და 90 წუთის განმავლობაში ნამდვილი ბრძოლა იქნება”. ანგელ იორდანესკუ (რუმინეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი): “ამ თამაშით იწყება დიდი ტურნირი, ჩვენს კონტინენტზე ყველაზე დიდი – ევროპის ჩემპიონატი. იმედია და მჯერა, რომ ჩემი ფეხბურთელები მთელი თამაშის განმავლობაში არაფერს დაიშურებენ. ჩვენ კარგი გუნდი გვყავს და დამაჯერებელი თამაშებიც ჩავატარეთ. მიზანი? – ჯგუფიდან გასვლა”. სავარაუდო შემადგენლობა: 10 ივნისი, 23:00 საათი სენ დენი, “სტად დე ფრანსი” საფრანგეთი (4-3-3): ლორისი; სანია, რამი, კოშელნი, ევრა; პოგბა, კანტე, მატუიდი; გრზიმანი, ჟირუ, პაიე მწვრთნელი: დიდიე დეშამი რუმინეთი (4-2-3-1): ტატარუშანუ; საპუნარუ, ჩირიკეში, გრიგორიე, რაცი; ჰობანი, პინცილი; პოპა, სტანკუ, სტანჩუ; კეშერუ მწვრთნელი: ანგელ იორდანესკუ მსაჯი: ვიქტორ კაშაი (უნგრეთი) პრეცედენტი ბოლო ხუთი მატჩიდან ოთხი ფრედ დასრულდა. ერთადერთი შემთხვევა, როცა გამარჯვებული გამოვლინდა ევრო 2012-ის შესარჩევ ციკლში იყო. 2010 წლის ოქტომბერში ლორან ბლანის გუნდმა შინ 2:0 იმარჯვა. იმავე “სტად დე ფრანსზე”, სადაც გუნდები დღეს ითამაშებენ, 2009 წლის სექტემბერში ფრე (1:1) დაფიქსირდა. მაშინ შეხვედრა მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის სტატუსს ატარებდა. პირველად ეს ორი ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე 1996 წლის 10 ივნისს შეხვდნენ. მაშინ “მამლების” რიგებში დღევანდელი მწვრთნელი დიდიე დეშამი თამაშობდა, ხოლო ვლახებს მაშინაც ანგელ იორდანესკუ თავკაცობდა. ნიუკასლში გამართული მატჩი კი, ფრანგებმა კრისტოფ დიუგარის გოლით მოიგეს. ანგელ იორდანესკუს საფრანგეთის ნაკრები არასდროს დაუმარცხებია – 1 ფრე, 3 წაგება. ბოლოს საფრანგეთი და რუმინეთი ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე 2008 წელს შეხვდნენ. პირველ ტურში გამართულ მატჩში გოლი არ გასულა. მაშინ მოედნზე შემდეგი ფეხბურთელები იყვნენ: ციურიხი, 9 ივნისი, 2008 წელი. რუმინეთი: ლობონცი; კონტრა, რაცი, ტამაში, კივუ, რადოი (დიკა 90), კოჩიში (კოდრეა 64), გოიანი, ნიკოლიცა, დ. ნიკულაე, მუტუ (მ. ნიკულაე 78) საფრანგეთი: კუპე, ტურამი, სანიოლი, აბიდალი, გალასი, მაკელელე, ტულალანი, რიბერი, მალუდა, ანელკა (გომისი 72), ბენზემა (ნასრი 78) საფრანგეთი და რუმინეთი შეხვდნენ ერთმანეთს ბუქარესტის ეროვნული სტადიონის გახსნით მატჩში. შეხვედრა ასევე ევრო 2012-ის შესარჩევის ეგიდით იმართებოდა. 2011 წლის 6 სექტემბერს, გოლი არ გასულა. ევრო სტატისტიკა – საფრანგეთი საფრანგეთს ევროპის ჩემპიონატის გახსნით მატჩში აქამდე ორჯერ უთამაშია და ერთხელ მოიგო, ერთხელაც დამარცხდა – 1984 წელს დანიას 1:0 მოუგო, ხოლო 1960 წელს იუგოსლავიასთან 4:5 წააგო. აქამდე მასპინძლებს გახსნის მატჩში 17-ჯერ უთამაშიათ და სტატისტიკა მათ სასარგებლოდ არ მეტყველებს: 5 მოგება, 6 ფრე, 6 წაგება. შესაბამისად, ამ მხრივ საფრანგეთი თავს ვერ დაიმშივიდებს. სხვათა შორის, “მამლებს” სამჯერ მუნდიალის პირველ მატჩშიც უთამაშიათ – თუ 1938 წელს ბელგიას მოუგეს, ხოლო 1998 წელს სამხრეთ აფრიკას, 2002-ში მოულოდნელად სენეგალთან წააგეს. საფრანგეთი ერთ-ერთია იმ სამ ქვეყანას შორის, რომელსაც ევროპის ჩემპიონატი საკუთარ კედლებში მოუგია. ფრანგთა გარდა იგივეს გაკეთება იტალიამ და ესპანეთმა მოახერხეს. “სტად დე ფრანსზე” საფრანგეთის ნაკრების მაჩვენებელი ოფიციალურ მატჩებში ასეთია: 21 მოგება, 8 ფრე, 3 წაგება. წაგებებს რაც შეეხება, ესპანეთთან (0:1, 2013), ბელორუსთან (0:1, 2010) და რუსეთთან (2:3, 1999). ევრო სტატისტიკა – რუმინეთი რუმინეთის ნაკრებს ევროპის ჩემპიონატის გახსნით შეხვედრაში არასდროს უთამაშია. ნაკრებები, რომელთაც ევროფორუმის საწყის თამაშში მასპინძლები დაუმარცხებიათ და მერე ტურნირი მოუგიათ, სულ ორია – ამის გაკეთება 2004 წელს საბერძნეთმა შეძლო (2:1 პორტუგალიასთან) და გფრ-მ 1972 წელს (2:1 ბელგიასთან) შეძლეს. რუმინეთს ევროპის ჩემპიონატის პირველ ტურში აქამდე არ მოუგია. მისი სტატისტიკა შემდეგნაირია: 0:1 საფრანგეთთან 1996 წელს, 1:1 გერმანიასთან 2000 წელს და 0:0 საფრანგეთთან 2008 წელს. რუმინეთი მონაწილეობას იღებდა საფრანგეთში ბოლოს ჩატარებულ დიდ ტურნირზე – 1998 წლის მუნდიალზე ვლახები ჯგუფიდან დაუმარცხებლად გავიდნენ, მაგრამ მერვედფინალში ხორვატიასთან (0:1) წააგეს ბორდოში. რუმინელებს ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე 2000 წლის მერე აღარ მოუგიათ. ბოლოს მათ შარლერუაში ინგლისის ნაკრებს მოუგეს (3:2), იმის შემდგომ კი 4 მატჩში 2-2 მარცხსა და ფრეს გამორჩნენ. ფეხბურთელები და მწვრთნელები ვინც ერთად თამაშობდნენ უგო ლორისი და ვლად ჩირიკეში “ტოტენჰემში” (2013-2015) ელიაკიმ მანგალა და კრისტიან საპუნარუ “პორტუში” (2011-2012) კლაუდიუ კეშერუ და დიმიტრი პაიე “ნანტში” (2005-2007) კლაუდიუ კეშერუ და ოლივიე ჟირუ “ტურში” (2008-2009) აღსანიშნავია, რომ კეშერუს საფრანგეთში ათი წელი უთამაშია. 2003-2013 წლებში მან “ნანტის”, “ლიბურნის”, “ტურის”, “ანჟერისა” და “ბასტიას” რიგებში იასპარეზა. დრაგოს გრიგორიე 2014 წელს “ტულუზაში” გადავიდა, მაგრამ მალევე ყატარულ “ალ საილიაში” გაანათხოვრეს. ვიორელ მოლდოვნს (მთავარი მწვრთნელის ასისტენტი) “ნანტის” შემადგენლობაში 2001 წელს საფრანგეთის ჩემპიონატი მოუგია, ერთი წლით ადრე თასსაც დაეუფლა. |
|
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია