Geo | Eng | Rus
სარეკლამო ადგილი - 3
570 x 120
ჯგუფური ეტაპის შემდეგ – სიმბოლური WORLDSPORT.GE-სგან
2016-06-24 12:46 | ნახვები: 9170
ინიესტა და მეტოქეები – ნაცნობი სიტუაცია
ივან პერიშიჩმა ესპანეთი იტალიასთან დააწყვილა
გარეტ ბეილი ულესის სიამაყეა
ჟერომ ბოატენგმა რობერტ ლევანდოვსკი მოედნიდან გააქრო
ბონუჩი ჯაკერინის ულამაზესი კომბინაცია გოლით დაგვირგვინდა
ბირკირ ბიარნასონი ისლანდიის ისტორიაში ჩაეწერა
ჰანეს ჰალდორსონი ჯგუფურ ტურნირზე შეუდარებელი იყო
დიმიტრი პაიე საფრანგეთის მთავარი იმედია
ანტონიო კონტემ ბელგიასთან მასტერკლასი აჩვენა
ლუკა მოდრიჩმა თურქეთს ულამაზესი გოლი გაუტანა
ალვარო მორატამ ჯგუფში შედეგიანი თამაში აჩვენა
ჟორდი ალბამ ეს-ესაა მორატას საგოლე გადაცემა გაუკეთა
ზლატან იბრაჰიმოვიჩი ნაკრებიდან უფერულად წავიდა
რონალდუმ კრიტიკოსები დაადუმა
1234567891011121314
სარეკლამო ადგილი - 10
710 x 106

ჰანეს ჰალდორსონი (ისლანდია), დარიო სრნა (ხორვატია), ლეონარდო ბონუჩი (იტალია), ჟერომ ბოატენგი (გერმანია), ჟორდი ალბა (ესპანეთი), დიმიტრი პაიე (საფრანგეთი), ანდრეს ინიესტა (ესპანეთი), ლუკა მოდრიჩი (ხორვატია), ივან პერიშიჩი (ხორვატია), ალვარო მორატა (ესპანეთი), გარეტ ბეილი (უელსი)

მწვრთნელი: ანტონიო კონტე (იტალია)

საუკეთესო გოლი: კრიშტიანუ რონალდუ (პორტუგალია)

საუკეთესო საგოლე პასი: ლეონარდო ბონუჩი (იტალია)

საუკეთესო ფეხბურთელი: ივან პერიშიჩი (ხორვატია)

აღმოჩენა: ბირკირ ბიარნასონი (ისლანდია)

იმედგაცრუება: ზლატან იბრაჰიმოვიჩი (შვედეთი)

ჯგუფური ეტაპი ორი დღის წინ დასრულდა. Worldsport.ge მაქსიმალურად ცდილობდა, რომ 2016 წლის უმთავრესი საფეხბურთო მოვლენა რაც შეიძლება სწრაფად და ობიექტურად გაეშუქებინა. ყოველივე ამას, რაღა თქმა უნდა, ისევ გავაგრძელებთ, მაგრამ მანამდე გადავწყვიტეთ, მოკლედ შეგვეფასებინა ევრო 2016-ის განვლილი ეტაპი. სტატიის დასაწყისში მოცემული სიმბოლური ნაკრები სწორედ ჩვენს მიერაა შედგენილი, იმ ადამიანების მიერ, რომლებიც ევროპის ჩემპიონატის გარშემო ვმუშაობთ. ალბათ, არ არსებობს ისეთი სიმბოლური ნაკრები, რომელიც ყველას გემოვნებას დააკმაყოფილებს, თუმცა ჩვენ ეს მაქსიმალურად შევეცადეთ და ხმათა უმრავლესობით არჩეული ფეხბურთელები Worldpsort.ge-ს ვერსიით თქვენს წინაშეა. ახლა, უმჯობესი იქნება თითოეული მოთამაშის შესახებ ცალკე ვისაუბროთ.

მეკარე

ჰანეს ჰალდორსონი - 32 წლის კიპერი ნორვეგიული “ბოდო გლიმტიდან”. მის შესახებ ევროპის ჩემპიონატმდე ბევრმა არაფერი ვიცოდით და არცაა გასაკვირი. თუმცა, გამოცდილმა მეკარემ დიდი როლი ითამაშა იმაში, რომ ისლანდიის ნაკრები პლეი-ოფშია. ჰალდორსონმა ჯგუფურ ეტაპზე ყველაზე მეტი, 19 სეივი შეასრულა.

დაცვა

დარიო სრნა – ვეტერანი დარიო სრნას საკლუბო კარიერა განსაკუთრებული არასდროს ყოფილა, მაგრამ სტაბილურობით ნამდვილად გამოირჩევა. დარიო ხორვატიის ნაკრების კაპიტანია, ნაკრებისა, რომელშიც უამრავი ისეთი ფეხბურთელია კაპიტნის სამკლავურს რომ იმსახურებს. ხორვატმა განაპირა მცველმა თურქეთთან ჩინებული თამაში ჩაატარა, მაგრამ მერე თავს დიდი ტრაგედია დაატყდა; მამა გარდაეცვალა და სამშობლოში მოუწია დაბრუნება. სრნა ამასაც არ გაუტეხია, საფრანგეთში დაბრუნდა და უკეთ განაგრძო თამაში. მართლაც შესაშური პროფესიონალიზმია.

ლეონარდო ბონუჩი – ტურინის “იუვენტუსის” ცენტრალური მცველი უბრალოდ შეუდარებელი იყო პირველ ტურში ბელგიის წინააღმდეგ. არც შვედეთთან უთამაშია ურიგოდ, აი ირლანდიასთან კი შეცდა გოლის ეპიზოდში, მაგრამ ვინაიდან აღნიშნული მატჩი იტალიელთათვის არაფერს წყვეტდა, ბონუჩის შეცდომამაც ფასი თითქმის დაკარგა. 29 წლის მცველმა ემანუელე ჯაკერინის ისეთი საგოლე გადაცემა გაუკეთა, ყველას ერთხმად ანდრეა პირლო გაახსენა. სხვათა შორის, ამ დიდებულ პასზე ქვემოთ ცალკე ვისაუბრებთ.

ჟერომ ბოატენგი – ბოატენგს მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ახალი არაფერი უჩვენებია. ის, ზუსტად ისეთივე დამაჯერებელია, როგორც აქამდე შეგვაჩვია. განსაკუთრებულად გაუვალი იყო მეორე ტურში პოლონეთთან, როცა საკლუბო თანაგუნდელ რობერტ ლევანდოვსკის გასაქანი არ მისცა. აღსანიშნავია, რომ ამ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად სწორედ ჟერომი დასახელდა.

ჟორდი ალბა – “ბარსელონას” უკანახაზელი ესპანეთის ნაკრების დაცვის მარცხენა ფლანგზე უცვლელია. სიმართლე რომ ვთქვათ, ამ პოზიციაზე დიდი არჩევანი განვლილი სამი ტურის მერე არც გვქონია. ალბას მონაგარი ჯგუფურ ეტაპზე საგოლე გადაცემაა, რომელიც მან ალვარო მორატას თურქეთთან მატჩში გაუკეთა. სხვათა შორის, ამ გოლით ესპანელთა ჩინებული კომბინაცია ლოგიკურ დასასრულამდე მივიდა.

ნახევარდაცვა

დიმიტრი პაიე – ძნელი სათქმელია ახლა როგორ მდგომარეობაში იქნებოდა თავმოყვარე საფრანგეთის ნაკრები მის გარეშე. პაიე პირველ ორ ტურში მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს და დამსახურებულადაც. ორჯერვე ლამაზი გოლები შეაგდო, განსაკუთრებით, რუმინეთთან მატჩში, რომელიც ასევე გაცილებით ფასეულიც აღმოჩნდა. დიდიე დეშამმა შვეიცარიასთან დიმიტრის ადგილი თადარიგში მიუჩინა, თუმცა მეორე ტაიმში მოედანზე მაინც გამოიყვანა. და მაინც, რა გასაკვირია, რომ ფრეზე მოთამაშე ფრანგების თამაშში პაიემ დიდი ცვლილება ვეღარ შეიტანა.

ლუკა მოდრიჩი – ლუკა მოდრიჩის მიერ ჩატარებული ჯგუფური ეტაპი შესაძლებელია ერთი სიტყვით შევაფასოთ – შეუდარებელი! მადრიდის “რეალის” ნახევარმცველის შესაძლებლობები ყველამ კარგად ვიცით, მაგრამ ახლა მას ხორვატიის ნაკრებში განსაკუთრებულად დიდი როლი აკისრია. იგი გუნდის დირიჟორია და ყველა შეტევა მისით იწყება. მოდრიჩმა მეორე ტურში მცირე ტრავმა მიიღო და ესპანეთთან საერთოდ არ უთამაშია, მიუხედავად ამისა, ჯგუფში მაინც ბრწყინვალე იყო. ჰო, თურქეთთან ულამაზესი და გამარჯვების მომტანი გოლი შეაგდო.

ანდრეს ინიესტა – რა გვიკვირს? – ანდრეს ინიესტა ისევ ძველებურად დააბიჯებს მწვანე მინდორზე და თამაშის ტემპს კარნახობს. მასზე ბევრი საუბარი ფურცელზე უბრალოდ სისულელე იქნება, მას უნდა ვუყუროთ – უბრალოდ, გეტყვით, რომ ჟერარ პიკეს უმშვენიერესი, მისთვის დამახასიათებელი გადაცემა გაუკეთა. თურქეთის ნაკრებთან კი, მოედანზე რაც სურდა იმას აკეთებდა.

ივან პერიშიჩი – ხორვატი გარემარბი დიდ ფეხბურთში ჯერ კიდევ 5 წლის წინ გამოჩნდა, როცა დორტმუნდის “ბორუსიამ” შეიძინა, მაგრამ ივანს იქაური კარიერა მაინც და მაინც არ აეწყო. სამაგიეროდ, შანსი “ვოლფსბურგში” გამოიყენა და ახლა მილანის “ინტერშია”. პერიშიჩი ჯგუფურ ტურნირზე უბრალოდ შეუდარებელი იყო. ორი გოლი (ჩეხეთთან და ესპანეთთან). განსაკუთრებით ფასეული “ფურიე როხას” კარში გატანილი გოლია, რომელმაც ხორვატია სიკვდილის ბადეს ააცილა პლეი-ოფში. გარდა გოლებისა, პერიშიჩი მარგი ქმედების კოეფიციენტითაც გამოირჩა და საგოლე პასიც გააკეთა, როცა ნიკოლა კალინიჩს გაატანინა დავიდ დე ხეას კარში.

თავდასხმა

გარეტ ბეილი – გარეტ ბეილის გარეშე უელსის ნაკრები ვერც ევროპის ჩემპიონატზე მოხვდებოდა და მითუფრო, ვერც მერვედფინალში გავიდოდა. ბეილი ერთადერთი ფეხბურთელია 2004 წლის მერე, რომელმაც ჯგუფური ეტაპის სამივე მატჩში გაიტანა გოლი. გარდა ამისა, პირველ ორ ტურში ორი ჯარიმა შეაგდო და თომას ჰესლერისა და მიშელ პლატინის მიღწევა გაიმეორა. ახლა, უელსის ნაკრების ლიდერის წინაშე ახალი გამოწვევაა – გაცილებით შორს წასვლა და მეტის მიღწევა.

ალვარო მორატა – ესპანელმა ფორვარდმა ჩეხეთთან პირველი ტურის მატჩი ჩააგდო და კრიტიკის ქარცეცხლში მოხვდა, მაგრამ მერე ჯერ თურქეთთან დუბლი შეასრულა, ხოლო გოლი ხორვატიასაც გაუტანა. შესაბამისად, სამი გოლით გარეტ ბეილთან ერთად ბომბარდირთა დავას ლიდერობს. ისე, თავიდან არადამაჯერებელი თამაში არც იყო გასაკვირი, რადგან მის თავს სატრანსფერო ორომტრიალი იყო – საბოლოოდ, გადაწყდა, რომ ალვარო “იუვენტუსში” აღარ ითამაშებს და მშობლიურ “რეალს” დაუბრუნდება. შესაბამისად, ახლა მას ევროპის ჩემპიონატის გარდა სხვა საფიქრალი არ აქვს.

მწვრთნელი

ანტონიო კონტე – ლარს ლაგერბაკი, კრის კოულმენი, ბერნდ შტორკი – ბევრი სჯაბაასი და ფიქრი მოგვიწია რომელი, მაგრამ მცირედი უპირატესობით ანტონიო კონტემ გაიმარჯვა. იტალიელი სპეციალისტის შესაძლებლობები აქამდეც ვიცოდით, მაგრამ ის, რაც იტალიამ ჯგუფში და განსაკუთრებით პირველ ორ ტურში ანახა, ნამდვილად კონტეს დამსახურება იყო. იტალიის ნაკრებმა 2000 წლის მერე პირველად მოახერხა ჯგუფიდან გასვლა ორი ტურის შემდეგ და ეს უდაოდ უნდა აღინიშნოს. თუმცა, რა სჯობდა, პირველი ადგილით ნაადრევად გასვლა თუ იტალიისთვის დამახასიათებელი “წვალებით” გასვლა, სხვა საკითხია. ჰო კიდევ, რატომ კონტე? – ვინც ბელგია იტალიის მატჩი ნახა, ალბათ დაგვეთანხმება, რომ კონტემ ვიზავი მარკ ვილმოტსი აშკარად დაჩაგრა და სწორედ ამის ხარჯზე იმარჯვა იტალიამ პირველ ყოვლისა.

საუკეთესო გოლი

კრიშტიანუ რონალდუ – პორტუგალიელი სუპერვარსკვლავის მიმართ ყოველთვის დიდი ინტერესია და პირველ-ორ ტურში უფერული თამაშის შემდეგ მის მიმართ კრიტიკა გაიზარდა. თუმცა, რონალდუმ უნგრეთთან დიდებულად ითამაშა და დუბლს საგოლე პასი შემატა. ულამაზესი გამოდგა პირველი გოლი, რომელიც პორტუგალიელმა ქუსლით გაიტანა. მართალია, ბევრი ლამაზი გოლი ვნახეთ, თუნდაც პაიეს, მარეკ ჰამშიკის, ვლადიმირ ვაისის, ლუკა მოდრიჩის, მაგრამ საუკეთესო გოლზე დიდი დავა არ გვქონია – ერთხმად რონალდუს გოლი უნგრეთის კარში.

საუკეთესო საგოლე პასი

ლეონარდო ბონუჩი – აქ სიმართლე რომ ვთქვათ, ორი არჩევანი გვქონდა – ან ბონუჩის პარაშუტი ბელგიასთან, ანაც მარეკ ჰამშიკის დიდებული პასი რუსეთთან მატჩში. შესასრულებლად ორივე რთული იყო და სანხავადაც ორივე გადასარევი, მაგრამ ბონუჩის პასი ბევრად უფრო ლამაზი. “იუვეს” სტოპერმა ბელგიის ნაკრების დაცვას ბურთი თავზე ისე მოხდენილად გადაავლო, თითქოს მოედანზე მარტო ყოფილიყოს. საერთოდ, ბონუჩისგან მსგავსი საგოლე პასები გასაკვირი არაა - “იუვენტუსის” მაისურით თანაგუნდელებს ასე არაერთხელ გაატანინა. ამას იგი, განსაკუთრებით მაშინ აკეთებდა, როცა “ბებერ ქალბატონს” კონტე ავარჯიშებდა.

საუკეთესო ფეხბურთელი

ივან პერიშიჩი – ხორვატ ფეხბურთელზე ზემოთ საკმაოდ ვრცლად გესაუბრეთ, უბრალოდ გეტყვით, რომ ჯგუფური ეტაპის საუკეთესო ფეხბურთელად ის მივიჩნიეთ. ივანის მონაგარი ორი მშვენიერი გოლი და საგოლე პასია. თანაც ფასეული იყო და ხორვატიის ნაკრების წარმატებაში მისი წვლილი განუზომლად დიდია.

ჯგუფური ეტაპის აღმოჩენა

ბირკირ ბიარნასონი – ისლანდიის ნაკრების მებრძოლი და დაუღალავი ნახევარმცველი. ბიარნასონი 28 წლისაა, მაგრამ მასზე აქამდე ცოტა რამ თუ ვიცოდოთ. კარიერის განვლილი წლები არცთუ გამორჩეული აქვს და იგი წარმატებით იტალიას თუ დაუკავშირდება. ისიც სერია ბ-ეს, სადაც 2014-2015 წლების სეზონში “პესკარას” მაისურით 12 გოლი შეაგდო. მანამდე ორჯერ სერია ა-შიც გაეტანა. შარშანდელი სეზონი კი შვეიცარიულ “ბაზელში” გაატარა და მშვენიერი შედეგიანობაც აჩვენა – 10 გოლი. რაც შეეხება უშუალოდ ევროპის ჩემპიონატს, მან დიდი როლი ითამაშა ისლანდიელთა წარმატებაში. პორტუგალიასთან ლამაზი გოლიც გაიტანა, რომელიც ისტორიული გამოდგა. ჯერ იმიტომ, რომ ისლანდიის ისტორიაში პირველი გოლი იყო დიდ ტურნირებზე და მეორეც, ამ გოლმა მის სამშობლოს პირველი ქულა მოუტანა ევროპის ჩემპიონატზე. ბიარნასონი ურიგოდ არც უნგრეთთან გამოიყურებოდა და არც ავსტრიასთან. მოკლედ, აღმოჩენის სტატუსი უდაოდ დაიმსახურა.

ჯგუფური ეტაპის იმედგაცრუება

ზლატან იბრაჰიმოვიჩი – ზლატან იბრაჰიმოვჩმა სანაკრებო კარიერა უკვე დაასრულა და თან დააყოლა, შვედეთის ნაკრები მე ვარო. მართალია ეს კაცი, ვერ გავამტყუნებთ, მართლაც ისაა ან იყო შვედეთის ნაკრები და სწორედ ამიტომაა, რომ ახლა ეს გუნდი უკვე სამშობლოშია. ზლატანმა სამ მატჩში ღირებული ვერაფერი შექმნა, ეგ კი არა, კარის ჩარჩოში სკანდინავიელებმა პირველად მესამე ტურში დაარტყეს. ახლა, იბრას სანაკრებო კარიერა უკან დარჩა და სიმართლე რომ ვთქვათ, ცუდია ასე უფერულად რომ დასვა წერტილი, თუმცა ეს მის კარიერას და დიადობას ჩრდილს მაინც არ აყენებს.

მოკლედ ასე, ახლა ევრო 2016-ზე შესვენებაა და ტურნირი შაბათს განახლდება. წინ უფრო მეტი საიტერესო რამ გველოდება, რადგან როგორც ამბობენ, ნამდვილი ფეხბურთი პლეი-ოფებიდან იწყება...

ტეგები:
ევრო 2016

კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
ჯგუფი A
თ.ქ.
საფრანგეთი 37
შვეიცარია 35
ალბანეთი 33
რუმინეთი 31
ჯგუფი B
თ.ქ.
უელსი 36
ინგლისი 35
სლოვაკეთი 34
რუსეთი 31
ჯგუფი C
თ.ქ.
გერმანია 37
პოლონეთი 37
ჩრდ.ირლანდია 33
უკრაინა 30
ჯგუფი D
თ.ქ.
ხორვატია 37
ესპანეთი 36
თურქეთი 33
ჩეხეთი 31
ჯგუფი E
თ.ქ.
იტალია 36
ბელგია 36
ირლანდია 34
შვედეთი 31
ჯგუფი F
თ.ქ.
უნგრეთი 35
ისლანდია 35
პორტუგალია 33
ავსტრია 31
სარეკლამო ადგილი - 5
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
250 x 250
0.041561