|
უსახურ მატჩში პორტუგალიას გაუმართლა
2016-06-26 02:30 | ნახვები: 6736
1
“სტად ბოლერ-დელიზე” გამართული 1/8 ფინალური ეტაპის მატჩი მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ერთ-ერთი ყველაზე უსახური გამოდგა. ხორვატიისა და პორტუგალიის ნაკრებებმა 117 წუთის განმალობაში კარის მიმართულებით ზუსტად ვერ დაარტყეს, ხოლო ბოლოს “ლუზიტანებს” გაუმართლათ და 1/4 ფინალში გავიდნენ. ანტე ჩაჩიჩმა ის შემადგენლობა აირჩია, რომელიც ნავარაუდები გახლდათ. ფერნანდუ სანტუშმა კი, უნგრეთთან მოთამაშე თერთმეტეულიდან 4 მოთამაშე შეცვალა: რიკარდო კარვალიო, ელიზეუ, ვეირინია და მოუტინიო - ფონტემ, გერეირომ, სოარეშმა და ადრიან სილვამ ჩაანაცვლეს. რა შეიძლება შეხვედრაზე ითქვას? ის რომ მისგან მაყურებელი ბევრს მოელოდა, თუმცა ძალიან მოსაწყენი გამოდგა და ალბათ, მიმდინარე გათამაშების ყველაზე უსახური დაპირისპირება გახლდათ. გუნდები ძალიან ხშირად ჯარიმდებოდნენ, ბრძოლა უმეტესად მოედნის ცენტრთან მიმდინარეობდა და გააზრებული შეტევები თითქმის არ იქმნებოდა. 90 წუთის განმალობაში გუნდებს მეტოქის კარის მიმართულებით ზუსტად არ დაურტყამთ და მხოლოდ რამდენიმე ნახევარეპიზოდი შეექმნათ. შესაბამისად, გასაკვირი არაა, რომ ძირითადი დრო უგოლოდ დასრულდა და შეხვედრა დამატებით დროში გადავიდა. მოვლენები ყველაზე საინტერესოდ მეორე დამატებული დროის ბოლოს განვითარდა. 116-ე წუთზე ივან პერიშიჩმა ახლო მანძილიდან თავური დარტყმით ბურთი ძელს გაარტყა. გამოუყენებელი მომენტის გამო, ხორვატები უმალ დაისაჯნენ – ცვლილებაზე შემოსულმა რენატო სანჩესმა, რომელიც უეფამ მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელა, სწრაფად წამოიღო ბურთი და ნანის გადააწოდა, რომელმაც ჩინებული გადაცემით კრიშტიანო რონალდუ დასარტყმელ პოზიციაზე გაიყვანა. მადრიდის “რეალის” ლიდერს სუბაშიჩმა ახლო მანძილიდან აუღო, მაგრამ დამატებაზე ასევე ცვლილებაზე შემოსული რიკარდო კვარეზმა გაჩნდა და ბურთი ცარიელ კარში შეაგდო – 0:1. პორტუგალიას გაუმართლა და 1/4 ფინალში გავიდა, სადაც პოლონეთის ნაკრებთან მოუწევს დაპირისპირება. ხორვატია – პორტუგალია 0:0 დ.დ. 0:1 ლანსი, “სტად ბოლერ-დელი” ხორვატია (4-2-3-1): სუბაშიჩი, ვიდა, ჩორლუკა (კრამარიჩი 120), სრნა, სტრინიჩი, ბადელი, მოდრიჩი, პერიშიჩი, რაკიტიჩი (პიაცა 110), ბროზოვიჩი, მანძუკიჩი (კალინიჩი 88). პორტუგალია (4-4-2): პატრისიო, პეპე, ფონტე, სოარეში, გერეირო, უ.კარვალიო, ა.სილვა (დ.პერეირა 108), გომეში (სანჩესი 50), მარიო (კვარეზმა 87), ნანი, რონალდუ. გოლი: კვარეზმა (117) |
|
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია