|
F ჯგუფი პრინციპული ჯახით გაიხსნება
2016-06-14 11:35 | ნახვები: 5851
1
ევროპის ჩემპიონატზე უკანასკნელნი F ჯგუფის წარმომადგენლები ჩაერთვებიან და ამ ოთხეულის გახსნითი შეხვედრა “სტად დე ბორდოზე” გაიმართება, სადაც ერთმანეთს ავსტრიისა და უნგრეთის ნაკრებები დაუპირისპირდებიან. ფეხბურთის უბრალო მოყვარულმა გუნდების დონეს და სახელს რომ შეხედოს, შესაძლოა იფიქროს, რომ ჩვეულებრივი შეხვედრაა, რომელშიც მთავარი საფიქრალი მხოლოდ 3 ქულაა. კი ბატონო, გამარჯვება მართლაც ყველაზე ფასეულია, მაგრამ დღევანდელ ჯახს გაცილებით მეტი მნიშვნელობა აქვს ორივე ქვეყნისთვის... დავიწყოთ ცოტა შორიდან და შესავალში გავცდეთ საფეხბურთო მოვლენებს. საქმე ისაა, რომ ას წელზე ნაკლების წინ, ისინი ერთი სახელმწიფოს, უფრო სწორად, იმპერიის შემადგენლობაში შედიოდნენ. ავსტრია-უნგრეთის იმპერიას საფუძველი 1868 წლის 14 ნოემბერს ჩაეყარა და 50 წლის განმალობაში არსებობდა. მე-19 საუკუნის ბოლოსა და მე-20 საუკუნის განმალობაში მთელი მსოფლიოს მასშტაბით ანგარიშგასაწევი ძალა გახლდათ და პირველ მსოფლიო ომში გერმანიის მოკავშირე გახლდათ. მას შემდგომ, რაც მოკავშირეები “ანტანტის” წინააღმდეგ ბრძოლაში დამარცხდნენ, ავსტრია-უნგრეთის იმპერია დაიშალა, ცალკე სახელმწიფოებად ჩამოყალიბდა და უკვე 98 წელია, რაც დამოუკიდებლად ცხოვრობენ, თუმცა მეზობელი ქვეყნები არიან. როგორც მკითხველი ხედავს, დღევანდელი დაპირისპირება მხოლოდ სპორტული მოვლენა არაა და ორივე ერისთვის გამარჯვებას 3 ქულაზე ბევრად ფასეული მნიშვნელობა აქვს. რაც შეეხება უშუალოდ საფეხბურთო დღევანდელობას. შესანიშნავი ისტორიის მქონე უნგრეთის ნაკრებს საუკეთესო პერიოდი ნამდვილად არ უდგას და 1972 წლის შემდეგ პირველად მოხვდა კონტინენტის პირველობაზე. “მაგიარები” ამჟამად ფიფას რეიტინგში მე-20 ადგილზე იმყოფებიან და ამაზე უკეთესი მაჩვენებელი (არ ითვლება ელოს რეიტინგი, რომელიც ადრე აქვეყნებდა აღნიშნულ რეიტინგებს) მხოლოდ 2 თვის წინ ჰქონდათ (მე-18 ადგილი). უნგრელებს ვარსკვლავური შემადგენლობა ნამდვილად არ ჰყავთ და ყველაზე ცნობილი მოთამაშე, ალბათ “ბურსას” ნახევარმცველი ბალაშ ჯუჯაკია, რომელიც ნაკრების კაპიტანია. ორი მოთამაშე ბუნდესლიგურ კლუბებში ასპარეზობს, ამდენივე მოთამაშე მეორე ბუნდესლიგაში ირჯება, ოთხი მოთამაშე პოლონეთში თამაშობს, ხოლო თითო სლოვაკეთსა და ყატარში. დანარჩენი 12 მოთამაშე ადგილობრივ ჩემპიონატში გამოდის. როგორც ვხედავთ, უნგრელებს ძლიერ კლუბებში მოთამაშეები აღარ ჰყავთ. აღსანიშნავია, რომ უნგრეთის განაცხადში ტურნირის ყველაზე მხცოვანი მოთამაშე გაბორ კირალია, რომელიც თუ ითამაშებს, ევროპის ჩემპიონატის რეკორდს დაამყარებს. კირალი 40 წლისაა, ხოლო ლოთარ მათეუსი 39 წლის, 2 თვისა და 30 დღის გახლდათ, როდესაც ევრო 2000-ზე ითამაშა და კონტინენტის პირველობის რეკორდი დაამყარა, რომელიც 16 წელია ხელუხლებელია. განსხვავებული მდგომარეობაა ავსტრიულ ფეხბურთში, რომელიც ყოველწლიურად პროგრესირებს და უფროდაუფრო კარგ შედეგს აჩვენებს. ავსტრიელები ევროპის ჩემპიონატზე პირველად ითამაშებენ და სპორტული მიზეზით ეს პირველად მოხდება (ევრო 2008-ზე როგორც მასპინძელი ისე თამაშობდა). ამჟამად მარსელ კოლერის კრებული ფიფას რეიტინგში მე-10 ადგილს იკავებს და ამაზე უკეთესი შედეგი არასდროს არ ჰქონიათ. უნგრელებისგან განსხვავებით,ავსტრიელებს დავიდ ალაბას სახით მსოფლიო დონის მოთამაშე ჰყავთ, ხოლო ფეხბურთელების აბსოლუტური უმრავლესობა წამყვან ევროპულ ჩემპიონატში ირჯება (12 მოთამაშე ბუნდესლიგაში, 4 პრემიერლიგაში), რომელთაგან გამოსარჩევი კრისტიან ფუჩსია, რომელიც “ლესტერისთვის” შეუცვლელი მოთამაშე გახლდათ და “მელიებთან” ერთად პრემიერლიგის მოგება მოახერხა. ავსტრიის ჩემპიონატიდან ერთადერთი მოთამაშე მეკარე რობერტ ალმერია გამოძახებული, დანარჩენი 22 მოთამაშე ლეგიონერია. იმპერიის დაშლის შემდეგ ქვეყნებს 15-ჯერ მოუწიათ ერთმანეთთან დაპირისპირება. ავსტრიელებმა პირველივე მატჩში 1934 წელს 2:1 იმარჯვეს და მას შემდეგ აღარ მოუგიათ. 14 მატჩიდან უნგრელებმა 10 მოიგეს და 4 ფრედ ითამაშეს. ბურთების შეფარდება: 27-8 უნგრელთა სასარგებლოდ. ბოლოს მათი ჯახი 2006 წელს შედგა (ამხანაგური მატჩი), რომელიც უნგრეთის გამარჯვებით 2:1 დასრულდა. თუმცა, ეს მხოლოდ ციფრები და სტატასტიკაა, რომელიც არაფერს წყვეტს, რადგან დღეს სულ სხვა რეალობაა, რომელშიცავსტრიას აშკარად უფრო ძლიერი ნაკრები ჰყავს და დღევანდელ მატჩში ფავორიტადაც ითვლება. ავსტრიის უკანასკნელი მატჩები: 04.06.2016 ავსტრია – ჰოლანდია 0:2 უნგრეთის უკანასკნელი მატჩები: 04.06.2016 გერმანია – უნგრეთი 2:0 ავსტრია - უნგრეთი 14 ივნისი, 20:00 ბორდო, “სტად დე ბორდო” სავარაუდო შემადგელობები ავსტრია (4-2-3-1): ალმერი, ჰინტერეგერი, დრაგოვიჩი, კლეინი, ფუჩსი, ალაბა, იუნუზოვიჩი, ჰარნიკი, ბაუმგარტლინგერი, არნაუტოვიჩი, იანკო. უნგრეთი (4-2-3-1): კირალი, გუზმიცსი, ლანგი, კადარი, ფიოლა, ნაგი, გერა, კლეინჰეისლერი, ჯუჯაკი, ნემეტი, შალაი. მსაჯი: კლემენტ ტურპინი (საფრანგეთი)
|
|
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია