Geo | Eng | Rus
სარეკლამო ადგილი - 3
570 x 120
ევრო 2016-ის მონაწილეთა წარდგენა – ჩეხეთი
2016-06-04 16:42 | ნახვები: 6145
1
სარეკლამო ადგილი - 10
710 x 106

ჩეხეთის ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატს არ დაკლებია მას შემდგომ, რაც დამოუკიდებლობა მოიპოვა. 1996 წელს, სადებიუტო ფორუმი ყველაზე წარმატებული გამოუვიდა – ჩეხეთი ფინალში გავიდა, სადაც დამატებით დროში წააგო გერმანიასთან. ჯერჯერობით ეს ჩეხეთისთვის საუკეთესო შედეგია, თუ რა თქმა უნდა, მხედველობაში არ მივიღებთ 1976 წელს, როცა ჩეხოსლოვაკეთის ნაკრებმა ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

პაველ ვრბას გუნდმა საკვალიფიკაციო ეტაპი დიდებულად განვლო, რასაც ბევრი არ მოელოდა. აღმოსავლეთ ევროპელებმა შესარჩევ ქვეჯგუფში ჩატარებული 10 თამაშიდან შვიდი გამარჯვებით დაასრულეს და იპირველეს. მის უკან კი, ისლანდიის, თურქეთისა და თვით ჰოლანდიის ნაკრები აღმოჩნდა. რა შანსი აქვს მოახლოებულ ევროფორუმზე ჩეხეთს რთული სათქმელია, მაგრამ როგორც წესი ასეთ ტურნირებს ეს ნაკრები ცუდად არ ატარებს.

მთავარი მწვრთნელი - პაველ ვრბა

52 წლის ვრბა ჩეხეთს სათავეში 2013 წლის დეკემბერში ჩაუდგა და გუნდს პირველივე მცდელობაზე საკვალიფიკაციო ეტაპი გადაალახინა. მისი ხელმძღვანელობით ჩეხეთმა დღემდე 21 თამაში ჩაატარა – 10 მოგება, 4 ფრე, 7 წაგება (47.62% მოგება). გადასარევი შედეგი არაა, მაგრამ ფაქტია ეს გუნდი ოფიციალურ თამაშებში უკეთ გამოიყურება.

მანამდე ვრბა ძირითადად სამშობლოში მუშაობდა, 2008-2013 წლებში პლზენის “ვიქტორიას” წვრთნიდა და ძალზე წარმატებითაც. გუნდი ორჯერ აჩემპიონა ჩეხეთში და 2011-2012 წლების სეზონში ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზეც ათამაშა. რაც შეეხება სანაკრებო კარიერას, ჩეხეთის ნაკრებამდე იგი სლოვაკეთის ნაკრებში (2006-2008 წლებში) მთავარი მწვრთნელის ასისტენტი გახლდათ.

შემადგენლობა

მეკარეები:1. პიტერ ჩეხი ("არსენალი"), 16. ტომაშ ვაცლიკი ("ბაზელი"), 23. ტომაშ კოუბეკი ("სლოვანი" ლიბერეცი)

მცველები: 4. თეოდორ გებრე სელასიე ("ვერდერი"), 5. რომან გუბნიკი ("ვიქტორია", პლზენი), 2. პაველ კადერაბეკი ("ჰოფენჰაიმი"), 3. მიხალ კადლეცი ("ფენერბაჰჩე"), 8. დავიდ ლიმბერსკი ("ვიქტორია" პლზენი), 11. დანიელ პუდილი ("შეფილდ უენსდი"), 17. მარეკ სუხი ("ბაზელი"), 6. ტომაშ სივოკი ("ბურსასფორი")

ნახევრმცველები:22. ვლადიმირ დარიდა ("ჰერტა"), 9. ბორჟეკ დოჩკალი ("სპარტა", პრაღა), 14. დანიელ კოლარი ("ვიქტორია", პლზენი), 19. ლადისლავ კრეიჩი ("სპარტა"), 15. დავიდ პაველკა ("ქასიმფაშა"), 13. იაროსლავ პლაშილი ("ბორდო"), 10. ტომაშ როსიცკი ("არსენალი"), 20. ირჟი სკალაკი ("ბრაიტონ-ენდ-ჰოუბი"), 18. იოსიფ შურალი ("სპარტა", პრაღა).

თავდამსხმელები:21. დავიდ ლაფატა ("სპარტა", პრაღა), 7. ტომაშ ნეციდი ("ბურსასფორი"), 12. მილან შკოდა ("სლავია", პრაღა)

სავარაუდო შემადგენლობა: (4-2-3-1): ჩეხი; გებრე სელასიე, სუხი, კადლეცი, ლიმბერსკი; დარიდა, პლასილი; დოცკალი, როსიცკი, კრეიჩი; ლაფატა

პაველ ვრბას ნაკრებში ყველა ის ფეხბურთელი ჰყავს, რომელიც დღევანდელი ჩეხეთის ნაკრების ბირთვად მიიჩნევა და რომელმაც საფრანგეთის საგზური მოიპოვა. გუნდშია სამი ვეტერანი – იაროსლავ პლასილი, პეტერ ჩეხი და ტომაშ როსიცკი, რომელთათვისაც ეს ბოლო დიდი ფორუმი იქნება და ბუნებრივია, მათ სურთ, რომ თავიანთ სამშობლოს წინაშე ვალი კიდევ ერთხელ კეთილსინდისიერად მოიხადონ.

მთავარი ვარსკვლავი: პეტერ ჩეხი – ლონდონის “ჩელსიში” ერთი წლის წინ სათადარიგო იყო, რის გამოც ლეგენდარული კიპერი ბევრმა ჩამოწერა, მაგრამ “არსენალში” გადასვლის შემდეგ კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ის უდიდესი მეკარეა. “მეთოფეთა” რიგებში ვეტერან პეტერს დიდებული სეზონი ჰქონდა და ისევ საფუძვლიანად ითვლება მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო მეკარედ. ჩეხი ნაკრების კაპიტანია და საერთოდ ამ გუნდში ყველაზე გამოცდილია. მანვე, ახლახან რეკორდი დაამყარა: ჩეხეთის ნაკრების ღირსება მასზე ბევრჯერ არავის დაუცავს.

მთავარი იმედი: ლადისლავ კრეიჩი – 23 წლის შემტევი ნახევარმცველი პრაღის “სპარტას” წევრია. მან შესარჩევ ციკლში 9 თამაში ჩაატარა და თავისიანებს ერთი გოლით შეეწია. მანამდე ლადისლავი 21-წლამდე ნაკრების ლიდერი იყო და ეროვნულ ნაკრებთან შერწყმა არ გასჭირვებია. ვნახოთ, რას გვიჩვენებს იმედისმომცემი ნახევარმცველი მისთვის სადებიუტო ევროპის ჩემპიონატზე.

ევროპის ჩემპიონატების ისტორია

საუკეთესო შედეგი 1976 წელს მოგებული ტიტულია, თუმცა ეს არ იყო მხოლოდ ჩეხეთის სახელით, არამედ ჩეხოსლოვაკეთის სახელით. თუ მხედველობაში დამოუკიდებელ ჩეხეთს მივიღებთ, მაშინ საუკეთესო მაჩვენებელი ევროპის ვიცე-ჩემპიონობაა 1996 წელს ინგლისში. მაშინ ჩეხეთს შესანიშნავი თაობა ჰყავდა – კარელ პობორჟსკი, ვლადიმირ შმიცერი, პაველ ნედვედი და სხვანი. ფინალამდე ჩეხებმა ჩინებულად იარეს, გადამწყვეტ მატჩსაც იგებდნენ კარგა ხანს, მაგრამ მერე ოლივერ ბორჰოფი გამოვიდა მოედანზე და ყველაფერი შეიცვალა. გერმანელმა ფორვარდმა ჯერ გაათანაბრა, ხოლო დამატებით დროში ოქროს გოლით თავისიანები აჩემპიონა.

ოთხი წლის მერე ჩეხეთი ჯგუფში ჩარჩა, სამაგიეროდ, 2004 წელს ისევ ჩინებული ნაკრებით წარსდგა ფეხბურთის მოყვარულთა წინაშე. პორტუგალიაში კარელ ბრიუკნერის გუნდი ყველაზე გამართულ ფეხბურთს აჩვენებდა და ბევრის აზრით, ჩემპიონობას ყველაზე მეტად იმსახურებდა, მაგრამ ნახევარფინალში საბერძნეთთან ნედვედი და კომპანია დამარცხდა (0:1). გადამწყვეტი ტრაიანოს დელასის გოლი გამოდგა 105-ე წუთზე. 2008 წელს ჩეხეთმა წარმატებით ვერ ითამაშა, ოთხი წლის წინ კი, ჯგუფიდან გავიდა, მაგრამ პლეი-ოფის პირველ სტადიაზე პორტუგალიასთან იწვნია მარცხი.

კალენდარი ევრო 2016-ზე

ესპანეთი – ჩეხეთი

13 ივნისი, 17:00 საათი. ტულუზა, “სტად დე ტულუზა”

ჩეხესლოვაკეთის ნაკრების შედეგების გათვალისწინებით ჩეხეთს ესპანეთის ნაკრებთან სრული თანაფარდობა გააჩნია: 7 მოგება, 2 ფრე, 7 წაგება, მაგრამ ცალკე ჩეხეთის სახელით ჯერჯერობით მოუგებელია – 1 ფრე, 3 წაგება. მოკლედ, პაველ ვრბას შანსი აქვს დამოუკიდებელი ჩეხეთის სახელით ესპანეთის ნაკრებს პირველად აჯობოს.

ჩეხეთი – ხორვატია

17 ივნისი, 20:00 საათი. სენტ ეტიენი, “სტად ჟოფრი გიშარი”

ჩეხეთისა და ხორვატიის ნაკრებები აქამდე ოფიციალურ მატჩებში ერთმანეთს არ შეხვედრიან. მოკლედ, სენტ ეტიენში ამ მხრივ მათთვის სადებიუტო თამაში გაიმართება. ისე კი, მათი ისტორია ორ ამხანაგურ მატჩს კი იტევს. ჩეხეთს უარყოფით ბალანსი გააჩნია: 1 ფრე, 1 წაგება, 3:5-თან ბურთების შეფარდება.

ჩეხეთი – თურქეთი

21 ივნისი, 23:00 საათი. ლანსი, “სტად ბოლარ დელელისი”

ჩეხეთი ჯგუფურ ეტაპს თურქეთთან თამაშით დაასრულებს. ნაკრებთან, რომელთან ერთადაც ამავე ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში იყო. მაშინ გუნდებმა თითო თამაში მოიგეს. სტამბულში სტუმრებმა იძალეს (2:1, უმუტ ბულუტი, სივოკი, დოცკალი), ხოლო პრაღაში ჩვენმა მეზობელმა მოიგო (2:0, სელჩუკ ინანი, ჩალჰანოღლუ).

მანამდე, ევრო 2008-ის ჯგუფშიც შეხვდნენ ერთმანეთს და მართლაც დაუვიწყარი და დრამატული თამაში გამართეს. ჩეხეთი იან კოლერისა და იაროსლავ პლასილის გოლებით 62-ე წუთისთვის 2:0 იგებდა, მაგრამ 75-ე, 87-ე, 89-ე წუთებზე არდა თურანმა და ნიჰათ კაჰვეჩმა (დუბლი) თურქეთს მოუტანეს 3 ქულა. ჯამში კი ჩეხეთი თურქეთთან აქამდე ასე თამაშობდა: 19 მატჩი, 12 მოგება, 3 ფრე, 4 წაგება.

თამაში ისტორიიდან

ევრო 2004, ჯგუფური ეტაპი – 20 ივნისი, 2004. ავეირუ, “მუნისიპალი”

ჰოლანდია – ჩეხეთი 2:3

გოლები: 1:0 ბუმა (4), 2:0 ვანნისტელროი (19), 2:1 კოლერი (23), 2:2 ბაროში (71), 2:3 შმიცერი (88)

საუკეთესო შედეგი: ჩემპიონი (როგორც ჩეხოსლოვაკეთი) – 1976, ვიცე-ჩემპიონი (როგორც ჩეხეთი) – 1996

ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი: იან კოლერი (55 გოლი) – ამჟამად გუნდის საუკეთესო გოლეადორი: ტომაშ როსიცკი (22 გოლი)

ყველაზე მეტი მატჩი: პეტერ ჩეხი (118 თამაში)


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
ჯგუფი A
თ.ქ.
საფრანგეთი 37
შვეიცარია 35
ალბანეთი 33
რუმინეთი 31
ჯგუფი B
თ.ქ.
უელსი 36
ინგლისი 35
სლოვაკეთი 34
რუსეთი 31
ჯგუფი C
თ.ქ.
გერმანია 37
პოლონეთი 37
ჩრდ.ირლანდია 33
უკრაინა 30
ჯგუფი D
თ.ქ.
ხორვატია 37
ესპანეთი 36
თურქეთი 33
ჩეხეთი 31
ჯგუფი E
თ.ქ.
იტალია 36
ბელგია 36
ირლანდია 34
შვედეთი 31
ჯგუფი F
თ.ქ.
უნგრეთი 35
ისლანდია 35
პორტუგალია 33
ავსტრია 31
სარეკლამო ადგილი - 5
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
250 x 250
0.044544