|
რუსები დილემის წინაშე
2016-06-20 11:30 | ნახვები: 8440
1234
ბოლო ტურის წინ B ჯგუფში ერთობ დაძაბული ვითარებაა. საქმე ისეა, რომ ოთხივე გუნდს აქვს პლეი ოფში გასვლის შანსი. ამიტომ, ბრძოლა უკომპრომისო იქნება. რუსეთის ნაკრებს აუცილებლად გამარჯვება სჭირდება. წინააღმდეგ შემთხვევაში, შინ ნაადრევად მოუწევს გამგზავრება.უელსელებს უკეთესი მდგომარეობა აქვთ, თუმცა მარცხი მათაც ძალიან გაურთულებთ ცხოვრებას. ბოლო ინფორმაციით, ბრიტანელთა ბანაკში ყველა ჯანმრთელადაა, რუსებს კი “ზენიტის” ნახევარმცველის, ოლეგ შატოვის მდგომარეობა აწუხებთ, რომელიც გუშინ ფიზიოთერაპევტთან ერთად ინდივიდუალურად ვარჯიშობდა. მისი თამაშის ამბავი მატჩისწინ გაირკვევა. ამათ ერთმანეთში ცხრაჯერ უთამაშიათ, ხუთჯერ რუსებმა მოიგეს, ერთხელ უელსელებმა, სამი მატჩი ფრედ დამთავრდა. ევრო 2004-ზე რუსეთი მას შემდეგ მოხვდა, რაც გადასასვლელ პლეი ოფში უელსი დაამარხცა. 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ჯგუფში სლავებმა ორივე მატჩი მოუგეს ბრიტანელებს. კრის კოულმენი (უელსის ნაკრების მთავარი მწვრთნელი): “სხვა გუნდის მდგომარეობაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ. რუსეთმა თავად უნდა იპოვნოს საკუთარი თამაში. მათ კარგი გუნდი ჰყავთ, წინააღმდეგ შემთხვევაში ამ ტურნირზე არ იქნებოდნენ. ჩვენ საკუთარ პრობლემებს უნდა მივხედოთ. რთულ მატჩს ველით. გულშემატკივრებს მინდა მივმართო: მოდით სტადიონზე, გვიქომაგეთ და ისიამოვნეთ ფეხბურთით. ინგლისელებთან მარცხი კარგად გავააანალიზეთ და ნანახით გაწბილებულები დავრჩით. აღმოჩნდა, რომ ბურთს ხეირიანად ვერ ვაკონტროლებდით, ორთაბრძოლებს ვაგებდით. სლოვაკებთან გაცილებით კარგად ვითამაშეთ, ორი გავიტანეთ და კიდევ შეგვეძლო თავის გამოჩენა. ყველაფრის მიუხედავად, კარგი სატურნირო მდგომარეობა გვაქვს. მსგავსს არავინ ელოდა. თუმცა, არ გავჩერდებით, გასაკეთებელს გავაკეთებთ და შემდგომ ეტაპზე გავალთ. ამას ჩვენი ფეხბურთელები იმსახურებენ. რუსთა დამრიგებელმა, ლეონიდ სლუცკიმ პრესკონფერენცია ხუმრობით დაიწყო: “უელსმა ინგლისთან წააგო (1:2), ჩვენ კი ფრედ ვეთამაშეთ (1:1), ამ ლოგიკით მომავალი თამაშის ფავორიტები ჩვენ ვართ. სერიოზულად კი, ყოველი დღე და თამაში, ეს ახლიდან დაწერილი წიგნია. ვითარება ისეთია, რომ აუცილებლად მოგება გვჭირდება, თუმცა იოლი ამოცანა არც მეტოქეს აქვს, მათაც არავითარ შემთხვევაში არ უნდა წააგონ. უელსელებს კარგად ვიცნობთ, მათ ორი მსოფლიო კლასის ფეხბურთელი ჰყავთ, თუმცა დანარჩენებიც საკმაოდ კარგად არიან განსწავლულინი. ვფიქრობ, ჩვენი ფეხბურთელების ინდივიდუალურმა შესაძლებლობებმა უნდა მოგვაგებინოს.” რუსეთი – უელსი 20 ივნისი. ტულუზა. “სტადიომ-დე-ტულუზი.” 23:00 სავარაუდო შემადგელობები რუსეთი: აკინფეევი, სმოლნიკოვი, ვ. ბერეზუცკი, იგნაშევიჩი, შჩენნიკოვი, გოლოვინი, ნოიშტადტერი, კოკორინი, შატოვი, სმოლოვი, ძიუბა მწვრთნელი: ლეონიდ სლუცკი უელსი: ჰენესი, ჩესტერი, ეშლი უილიამსი, დევისი, განტერი, ლედლი, ალენი, ტეილორი, რემზი, ბეილი, რობსონ-კანუ მწვრთნელი: კრის კოულმენი მსაჯი: იუნას ერიკსონი (შვედეთი) B ჯგუფი ბოლო ტურის წინ: 1. ინგლისი 2 1 1 0 3:2 4 2. უელსი 2 1 0 1 3:3 3 3. სლოვაკეთი 2 1 0 1 3:3 3 4. რუსეთი 2 0 1 1 2:3 1 |
|
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია