|
პიკეს თავი მატჩის პიკზე
2016-06-13 19:33 | ნახვები: 6368
123456789
შეგვეცოდა ჩეხეთი, თუმცა ესპანეთიც ცოდო იქნებოდა, ამდენი სახიფათო შეტევიდან ერთი მაინც რომ ვერ ექცია გოლად. საბოლოოდ, 87-ე წუთზე ანდრეს ინიესტამ თავზე დაასვა ბურთი ჟერარდ პიკეს და პეტრ ჩეხმა ვეღარ უშველა თავისიანებს. მატჩის უმეტესი დრო ცალკარა მიმდინარეობდა. ესპანელებს კოლოსალური სათამაშო უპირატესობა ჰქონდათ, ეგაა, ვისენტე დელ ბოსკეს გუნდს აკლია რაღაც, რაც 2008-2012 წლებში ჰქონდა. აკლია სიმწვავე, აკლია ჩავი და ჩაბი ალონსო, აკლია ვილია და ტორესი. მთლიანობაში, სიმწვავე და ეფექტურობა ისეთი ვეღარაა, რაც 7 ივნისს ჩვენთვის ბედნიერ დღესაც გამოჩნდა. პირველ ნახევარში ჩეხმა ჯერ ალვარო მორატას აუღო ახლო მანძილიდან დარტყმული, მერე დავიდ სილვას (მე-100 მატჩს ატარებდა ნაკრებში) არ გაატანინა. ეს ასპროცენტიან მომენტებზე ვთქვით, თორემ ნახევარმომენტები ბევრი იყო. მეორე ტაიმი შტურმით დაიწყო და რომან ჰუბნიკი, ტომაშ სივოკი თუ სხვა მცველები უკვე თითქმის გაძლებაზე იყვნენ, ძლივს იგერიებდნენ შეტევებს. ჩეხი კი ისევ ჩეხობდა. დაახლოებით მე-60 წუთიდან იყო, ჩეხებმაც გამოაჩინეს ბრჭყალები და კარგი 5-წუთიანი მონაკვეთი ჩაატარეს: ჯერ ჰუბნიკს აუღო დავიდ დე ხეამ, მერე კი გებრე სელასის თავურის შემდეგ, სესკ ფაბრეგასმა ცარიელი კარიდან გამოიტანა ბურთი. ფაბრეგასი ამ მომენტში გამოირჩა, თორემ მთლიანობაში, აქტიური ვერ იყო. აკი შეცვალეს კიდეც. ესპანელებმა ისევ შტურმის სახე მისცეს შეტევებს და პიკეს გოლიც ლოგიკური იყო, თუმცა ბოლო წუთებში გადარჩნენ. უფრო სწორად, დე ხეამ გადაარჩინათ: ვლადიმირ დარიდა ხელსაყრელი პოზიციიდან ურტყამდა და “მანჩესტერ იუნაიტედის” მეკარემ მოიგერია. როცა ესპანეთს ეთამაშები, ბევრი შანსი ნამდვილად არ შეგექმნება და რაც გაქვს, მაქსიმალურად უნდა გამოიყენო. ჩეხებმა ეს ვერ შესძლეს. საუკეთესო ფეხბურთელის დასახელება კი არ გაგვიჭირდება: ინიესტა! წლები გადის, ინიესტას თამაშს კი ხიბლი არ აკლდება, უნდა უყურო და დატკბე. ჩეხებთან შეხვედრაშიც გუნდის სული და გული, გუნდის ტვინი იყო. 13 ივნისი. 17:00. ტულუზი. “სტად დე ტულუზი” ესპანეთი-ჩეხეთი 1:0 (0:0) ესპანეთი (4-3-3): დე ხეა; ხუანფრანი, პიკე, რამოსი, ალბა; ფაბრეგასი (ტიაგო ალკანტარა 70), ბუსკეტსი, ინიესტა; სილვა, მორატა (ადურისი 70), ნოლიტო (პედრო 82) მწვრთნელი: ვისენტე დელ ბოსკე ჩეხეთი (4-3-2-1): ჩეხი; კადერაბეკი, სივოკი, ჰუბნიკი, ლიმბერსკი; პლაშილი, დარიდა, გებრე სელასი (შურალი 86); როსიცკი (პაველკა 88), კრეიჩი; ნეციდი (ლაფატა 75) მწვრთნელი: პაველ ვრბა გოლი: 1:0 პიკე (87) გაფრთხილება: ლიმბერსკი (61) მსაჯი: მარჩინიაკი (პოლონეთი) სტატისტიკა
ბურთის ფლობა %: 67-33, დარტყმა: 17 (5) – 7 (3), კუთხური: 14-3, თამაშგარე: 7-2, სეივი: 3-4, ჯარიმა: 11-11 |
|
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია