|
აუტსაიდერთა ჯახი ლიონში
2016-06-16 10:33 | ნახვები: 6278
12345678910
ევროპის ჩემპიონატის C ჯგუფში პირველი ტურის შემდეგ ისეთი ვითარება შეიქმნა, რომ დღეს საღამოს ლიდერები ერთმანეთს შეხვდებიან, მანამდე კი აუტსაიდერთა ჯახია. არასახარბიელო მდგომარეობაში უკრაინა და ჩრდილოეთ ირლანდია არიან, რომელთაც ქულათა გრაფაში ნული უწერიათ, კიდევ ერთი წარუმატებლობა კი მათ იმედებს, ალბათ, საბოლოოდ, დაასამარებს. სხვა საქმეა, რომ ლიონის “სტად დე ლუმიეზე” დაგეგმილ შეხვედრას აშკარა ფავორიტი ჰყავს. ყველა თანხმდება, რომ თუკი ბრიტანელებმა პოლონეთთან მატჩი უშანსოდ დათმეს, უკრაინა მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონ გერმანიასთან ჯახში ცუდად არ გამოიყურებოდა და მომენტები რომ გამოეყენებინა, უქულოდ ნამდვილად არ დარჩებოდა. მიხაილო ფომენკოს გუნდს ზურგს სტატისტიკაც უმაგრებს. უკრაინელებს ჩრდილოეთ ირლანდიასთან 4-ჯერ უთამაშიათ და მარცხის გემო ჯერაც არ შეუგრძვნიათ: 2 მოგება, 2 ფრე. 1998 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში უკრაინამ ბელფასტში 1:0 მოიგო, კიევში კი – 2:1. მაშინ, გამარჯვების მომტანი გოლები, შესაბამისად, სერგეი რებროვმა და ანდრეი შევჩენკომ გაიტანეს. საინტერესოა, რომ ბელფასტურ შეხვედრაში მოთამაშის რანგში ნაკრების ამჟამინდელი თავკაცი მაიკლ ო’ნილიც ვიხილეთ. აი, 2004 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე გამართული მატჩები კი ნაკლებად საინტერესო გამოდგა, რადგანაც ორივე უგოლო ყაიმით დასრულდა. შეგახსენებთ, რომ უკრაინის ნაკრები ევროპის პირველობის ფინალურ ეტაპზე მეორედ ასპარეზობს და თანაც ევრო-2012-ზე მასპინძლის რანგში გაისარჯა, ჩრდილოირლანდიელები კი სადებიუტო ჩემპიონატზე თამაშობენ. ბრიტანელებმა დიდ ტურნირზე საერთოდაც 1986 წლის მუნდიალის შემდეგ პირველად “გამოანათეს”, როდესაც მექსიკაში თავი ვერაფრით გამოიჩინეს და ჯგუფურ ეტაპზე ჩარჩნენ. ისიც ვთქვათ, რომ ბრიტანელი ფებურთელები დღეს მინდორზე შავი სამკლავურებით გავლენ. ამით, ჩრდილოირლანდიელები პატივს მიაგებენ 24 წლის თანამემამულის ხსოვნას, რომელიც ნიცის სანაპიროზე 8-მეტრიანი ჯებირიდან გადავარდა და ტრაგიკულად დაიღუპა. ირლანდიელთა ფეხბურთის ფედერაციამ უეფა-საც მიმართა თხოვნით, რათა უკრაინასთან მატჩის წინ, წუთიერი დუმილი იქნას გამოცხადებული. მიხაილო ფომენკო: “პირველ ტურში მარცხის მიუხედავად, არ ვთვლი, რომ ჩრდილოეთ ირლანდია ჯგუფის აუტსაიდერია. მათ მომდევნო ეტაპზე გასვლის ისეთივე შანსი აქვთ, როგორიც – ჩვენ. ირლანდიელები ტიპიურ ბრიტანულ ფეხბურთს თამაშობენ, რომელთან გამკლავებაც იოლი არავისთვისაა. საწყის ტურში ნაჩვენები შედეგებიდან გამომდინარე, შეხვედრამ დამატებითი დატვირთვა შეიძინა, ამდენად, ფსიქოლოგიურ მზადყოფნაზეც ბევრი რამ იქნება დამოკიდებული”. მაიკლ ო’ნილი: “ისევე, როგორც პოლონეთი, უკრაინა და გერმანიაც ჩვენთან ფავორიტებად მიიჩნევიან. იმის გათვალისწინებით, რომ უკრაინელებმა საწყის ტურში წააგეს, ჩვენ გაცილებით მძლავრად შემოგვიტევენ, ამდენად, დაცვაში მაქსიმალურად ყურადღებით უნდა გავისარჯოთ. უკრაინის ნაკრები ფიზიკურად კარგად არის მომზადებული, ამას დამატებული კი, მათი რამდენიმე ფეხბურთელი ინდივიდუალურადაც ძალიან ძლიერია”. “სტად დე ლუმიე” (ლიონი). C ჯგუფი. 20:00 უკრაინა – ჩრდილოეთ ირლანდია უკრაინა (4-3-3): პიატოვი, ფედეცკი, რაკიცკი, ხაჩერიდი, შევჩუკი, სიდორჩუკი, სტეპანენკო, კოვალენკო, იარმოლენკო, ზოზულია, კონოპლიანკა. მწვრთნელი: მიხაილო ფომენკო. ჩრდილოეთ ირლანდია (4-4-2): მაკგოვერნი, მაკოლი, მაკლაფლინი, კატკარტი, ევანსი, დევისი, დალასი, ფერგუსონი, ნორვუდი, ვაშინგტონი, ლაფერტი. მწვრთნელი: მაიკლ ო’ნილი. მსაჯი: პაველ კრალოვეცი (ჩეხეთი). |
|
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია