Geo | Eng | Rus
სარეკლამო ადგილი - 3
570 x 120
ირლანდიის ფინალი და იტალიის სპარინგი ესპანეთამდე
2016-06-22 11:32 | ნახვები: 7174
123456789101112131415
სარეკლამო ადგილი - 10
710 x 106


დღეს ევროპის ჩემპიონატზე ჯგუფური ტურნირი დასრულდება. კერძოდ, E ჯგუფის მატჩებით. ლილში, “პიერ მოროს” სტადიონზე იტალიის ნაკრები ირლანდიას ხვდება. აღსანიშნავია, რომ “სკუადრა აძურასთვის დღევანდელ მატჩს არსებითი მნიშვნელობა არ აქვს და რომც წააგოს, ჯგუფიდან გასულია, თანაც პირველი ადგილით. ირლანდიის ნაკრები კი პირიქით – მოედანზე მხოლოდ 3 ქულისთვის უნდა გავიდეს, რადგან სხვა შედეგი “მწვანეებს” ხელს არ აძლევთ.

გამოსარჩევია, რომ იტალის ნაკრებს დიდ ტურნირებზე ბოლო ტურის წინ პლეი-ოფში თამაში განაღდებული 2000 წლის მერე არ ჰქონია, მაგრამ ახლა კონტეს ნაკრებმა ორ ტურში იმდენი შეძლო, არათუ მერვედფინალის საგზური, არამედ პირველი ადგილიც გაინაღდა. ეგ კი არა, “აძურას” მეტოქეცაა უკვე ცნობილი - იტალია მერევდფინალში კიდევ ერთ ფავორიტ ესპანეთს დაუპირისპირდება. აღნიშნული მატჩი 27 ივნისს, “სტად დე ფრანსზე” თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.

ანტონიო კონტემ მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ვრცლად ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისი გუნდი არაფერს დათმობს, თუმცა ფაქტია, რომ დღეს აპენინელთა შემადგენლობა მთლიანად სახეშეცვლილი იქნება – ძირითადში მხოლოდ ანდრეა ბარძალი და ალესანდრო ფლორენცი მოისაზრებიან. მათ შორის თადარიგში დარჩება კაპიტანი ჯიჯი ბუფონი, რომელსაც ყვითელი ბარათი აქვს და ამასთან ბოლო დღეებში გაციებული გახლდათ და ვარჯიში მხოლოდ გუშინ განაახლა. ისე, იტალიელ ფეხბურთელებს, რომელთაც აქამდე თავის გამოჩენის შანსი დიდად არ მისცემიათ, ახლა ჩინებული შესაძლებლობა აქვთ, მთავარ მწვრთნელს თავი მოაწონონ.

მარტინ ონილის განცხადებით კი, შემადგენლობაში ცვლილებები დიდად მოსალოდნელი არაა. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ირლანდიის ნაკრებს უკან დასახევი გზა მოჭრილი აქვს – ახლა ონილის გუნდს მხოლოდ ქულა აქვს და ვერ მოგების შემთხვევაში არანაირი შანსი არ რჩება, რომ საუკეთესო მესამეადგილოსნებს შორის მოხვდეს. მოკლედ, ირლანდიის ნაკრები რთული ამოცანის წინაშე დგას მიუხედავად იმისა, რომ იტალია აბსოლუტურად უმოტივაციოა სატურნირო ცხრილის თვალსაზრისით.

ირლანდიის ნაკრებისთვის იტალია ძალზე უხერხული მეტოქეა – 13 თამაში, 8 მოგება, 3 ფრე, 2 წაგება – ასეთია სტატისტიკა “სკუადრა აძურას” სასარგებლოდ. ბოლოს ეს ნაკრებები ერთმანეთს 2014 წელს, ლონდონში საკონტროლო მატჩში შეხვდნენ და გოლი არ გასულა. რაც შეეხება ოფიციალურ მატჩებს – იტალია და ირლანდია ევრო 2012-ის ჯგუფშიც ერთად იყვნენ და მაშინაც ერთმანეთს ბოლო ტურში დაუპირისპირდნენ: აპენინელებმა ოთხი წლის წინ 2:0 იმარჯვეს. სამაგიეროდ, ირლანდიელებს იტალიის ნაკრები მსოფლიოს 1994 წლის ჯგუფურ ეტაპზე ჰყავს დამარცხებული.

ანტონიო კონტე (იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი): “ევროპის ჩემპიონატის მოგება? – თავდამბლობა ჩემი აზრით, ყველაზე კარგი თვისებაა. არ უნდა დაგვავიწყდეს საიდან მოვედით და სად ვართ, ეს შეცდომა იქნება. ჩვენ უკვე მერვედფინალში ვიმყოფებით, მაგრამ ეს არაფერს ცვლის. ველოდები ფიზიკურად რთულ მატჩს და იტალია მოედანზე მოსაგებად გავა.

აქ ყველა ერთად ვაღწევთ გამარჯვებას და ყველა ერთად მარცხდება, ჩემი ჩათვლით. ბევრი ცვლილება? – წინა მატჩებთან შედარებით იდეა შევიცვალე, უფრო სწორად შვედეთთან თამაშის დასრულებისთანავე. ძირითად შემადგენლობაში კი შვიდი-ცხრა ახალი ფეხბურთელი იქნება.

ფედერიკო ბერნარდესკი? – ერთ-ერთზე იგი ძალიან ძლიერია და მეტოქის მოტყუება შეუძლია. მას დიდი პოტენციალი გააჩნია და თუ ამ გუნდთან ერთად მუშაობას გააგრძელებს კარგი იქნება. რაც შეეხება ანტონიო კანდრევას ტრავმას, დიდი იმედი მაქვს, რომ მერვედფინალისთვის ჯანმრთელად იქნება და ალბათ, მართლაც შეძლებს პლეი-ოფში თამაშს”.

მარტინ ონილი (ირლანდიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი): “ექვსი თვის წინ ვინმეს რომ ეთქვა, ბოლო ტურში მოგების შემთხვევაში გახვალთო, წარმატებად მივიჩნევდი. იტალია მხოლოდ საკუთარ თავზე იფიქრებს. მათ ორი თამაში მოიგეს ჯგუფში და ჩვენთან დაპირისპირება მათთვის არაფერს ცვლის. ეს იდეალური სიტუაციია, რადგან საშუალება აქვთ ფეხბურთელები დაასვენონ.

თუმცა, ვინც ითამაშებს ისინი ძალიან მოტივირებულნი დაგვიპირისპირდებიან, რადგან დაუმტკიცონ მწვრთნელს, რომ ძირითადში მოხვედრას იმსახურებენ. მე კი, ალბათ იგივე შემადგენლობას დავაყანებ რაც აქამდე, მიუხედავად იმისა, რომ მეცხრე დღეში მესამე თამაშია”.

სავარაუდო შემადგენლობა

იტალია - ბელგია

ლილი, “სტად პიერ მორო”

22 ივნისი, 23:00 საათი

იტალია (3-5-2): სირიგუ; დარმიანი, ბარძალი, ოგბონა; ბერნარდესკი, ფლორენცი, ტიაგო მოტა, სტურარო, ელ შაარავი; ძაძა, იმობილე

მწვრთნელი: ანტონიო კონტე

ირლანდია (4-4-2): რენდოლფი; კოულმენი, ოში, დაფი, ბრეიდი; ჰენდრიკი, უელანი, ქუინი, ჰულეჰანი; მერფი, ლონგი

მწვრთნელი: მარტინ ონილი

მსაჯი: ოვიდიუ ჰატეგანი (რუმინეთი)

პირისპირ

აქამდე იტალია და ირლანდია 13-ჯერ შეხვედრილან ერთმანეთს და აპენინელები დიდ უპირატესობას ფლობენ: 8 მოგება, 3 ფრე, 2 წაგება (ოფიციალურ მატჩებში: 4 მოგება, 2 ფრე, 1 წაგება).

ევრო 2012-ის ჯგუფურ ეტაპზე ჩეზარე პრანდელის გუნდმა ჯოვანი ტრაპატონის ირლანდიას ანტონიო კასანოსა და მარიო ბალოტელისა გოლებით მოუგო. ოთხი წლის წინ, 18 ივნისს გუნდებმა ასეთი შემადგენლობებით ითამაშეს:

იტალია: ბუფონი, კიელინი (ბონუჩი 57), ტიაგო მოტა, ბალძარეტი, აბატე, მარკიზიო, კასანო (დიამანტი 63), დი ნატალე (ბალოტელი 74), ბარძალი, დე როსი, პირლო

ირლანდია: გივენი, სტ ლეჯერი, უორდი, ოში, დანი, უელანი, მაკგიდი (ლონგი 65), ენდრიუსი, დოილი (უოლტერსი 76), კინი (კოქსი 86), დაფი

ეს იყო მეოთხე თამაში ჯოვანი ტრაპატონის ხელმძღვანელობით ირლანდიის ნაკრების მიერ იტალიელთა წინააღმდეგ. მანამდე ირლანდიელები “ტრაპის” სამშობლოსთან 2010 წლის მუნდიალზე ორჯერ დაზავდნენ, ხოლო 2011 წელს ამხანაგურ მატჩში მოუგეს.

სალვატორე სკილაჩის ერთადერთი გოლის წყალობით რომში 1990 წლის მუნდიალზე იტალიამ ირლანდიას მოუგო და ნახევარფინალში გავიდა. ოთხი წლის შემდეგ ირლანდიამ აშშ-ში ჯგუფურ ეტაპზე იმარჯვა ასევე 1:0. გოლი კი, რეი ჰაუტონმა გაიტანა.

იტალია და ირლანდია ევროპის 1972 წლის შესარჩევშიც დაუპირისპირდნენ და აპენინზე მასპინძლებმა 3:0 მოიგეს, ხოლო სტუმრად 2:1 რობერტო ბონინსენიასა და პიერინო პრატის გოლებით.

მარტინ ონილის ირლანდია ჩეზარე პრანდელის იტალიას 2014 წლის მაისში, ლონდონში შეხვდა და მატჩი ფრედ, 0:0 დასრულდა.

ევრო სტატისტიკა – იტალია

იტალია ევროპის ჩემპიონატზე მეცხრედ თამაშობს და აქედან მეექვსედ ზედიზედ. ერთადერთი ტურნირი, რომელიც ბოლო პერიოდში აპენინელებს გაუცდათ, 1992 წელს შვედეთში ჩატარდა. “სკუადრა აძურამ” ჯგუფიდან გასვლა მხოლოდ ორჯერ ვერ შეძლო – 1996 და 2004 წლებში.

იტალია ევროპის ჩემპიონი 1968 წელს სამშობლოში გახდა, ხოლო 2000 და 2012 წლებში ფინალი წააგო.

იტალიის ნაკრებმა საკვალიფიკაციო ეტაპი მარცხის გარეშე დაასრულა (7 მოგება, 3 ფრე) და ინგლისთან, ავსტრიასთან და რუმინეთთან ერთად ევრო 2016-ის საგზური დაუმარცხებელმა მოიპოვა.

იტალიურ გუნდებს ლილში ხუთჯერ უთამაშიათ – 2 მოგება, 1 ფრე, 2 წაგება. ბოლოს ამ ქალაქში მილანის “ინტერმა” ითამაშა 2011 წელს და 1:0 იმარჯვა.

ევრო სტატისტიკა – ირლანდია

ირლანდია ევროპის ჩემპიონატზე მესამედ თამაშობს, მაგრამ ჯგუფიდან არასდროს გასულა. 2012 წელს კი ქვეჯგუფში სამიდან სამი მატჩი წააგო.

მათ ყველაზე კარგი შედეგი მსოფლიოს 1990 წლის ჩემპიონატზე აჩვენეს – მეოთხედფინალი. სხვათა შორის, იმ ტურნირს იტალიამ უმასპინძლა.

ერთადერთი ირლანდიური კლუბი, რომელსაც ლილში უთამაშია “შელბურნია”, რომელიც “ლილმა” 2004-2005 წლების უეფას თასზე 2:0 დაამარცხა.

ფეხბურთელები და მწვრთნელები

გრაციანო პელე და შეინ ლონგი “საუთჰემპტონში” თანაგუნდელები არიან.

ემანუელე ჯაკერინი, ჯონ ოში და კეირან ვესტვუდი 2013-2014 წლებში ერთად “სანდერლენდში” თამაშობდნენ.

ჯოვანი ტრაპატონი იტალიის ნაკრებს 2000-2004, ხოლო ირლანდიის ნაკრებს 2008-2013 წლებში წვრთნიდა.

იცით თუ არა, რომ? – დანიელე დე როსი იტალიის ნაკრებსა და “რომაში” 16 ნომრიანი მაისურით ლეგენდარული ირლანდიელი ფეხბურთელის, როი კინის საპატივცემულოდ თამაშობს.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
ჯგუფი A
თ.ქ.
საფრანგეთი 37
შვეიცარია 35
ალბანეთი 33
რუმინეთი 31
ჯგუფი B
თ.ქ.
უელსი 36
ინგლისი 35
სლოვაკეთი 34
რუსეთი 31
ჯგუფი C
თ.ქ.
გერმანია 37
პოლონეთი 37
ჩრდ.ირლანდია 33
უკრაინა 30
ჯგუფი D
თ.ქ.
ხორვატია 37
ესპანეთი 36
თურქეთი 33
ჩეხეთი 31
ჯგუფი E
თ.ქ.
იტალია 36
ბელგია 36
ირლანდია 34
შვედეთი 31
ჯგუფი F
თ.ქ.
უნგრეთი 35
ისლანდია 35
პორტუგალია 33
ავსტრია 31
სარეკლამო ადგილი - 5
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
250 x 250
0.043346