ბლოგი

13:28 | 11.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

ჰერ ოლივერ!

იმჟამად, როდესაც შენთვის ესოდენ მშობლიური “რეკორდმაისტერის“კარში მძლავრი ფეხებით იდექი, ხელათმანიან ხელებს ნერვიულად ურტყამდი ერთურთს და მეტოქის ყოველი შემოტევისას მზად იყავი თავგანწირული ნახტომით გასწორებულიყავი ჰაერში, ალბათ არ ფიქრობდი და არც გექნებოდა იმაზე ფიქრის დრო, რომ დადგებოდა ჟამი, როდესაც დარდიანი მზერით და ცრემლიანი თვალებით მიადევნებდი თამაშს თვალს, გადაირეოდი ფრანგების ერთმანეთზე სახიფათო შეტევების ცქერით და ყველაზე ცუდი და გულისგამპობი კი ის იყო, რომ არაფერის, საერთოდ არაფრის შეცვლა აღარ შეგეძლო.

არადა, მეხსიერება დიდებული რამაა და ვისაც შენი გარჯა გვინახავს აბა რა დაგვავიწყებს თამაშებს, როდესაც პირადად შენ გადაარჩინე გუნდი მარცხს. პირადად შენ იწყებდი და კარიდან ხელმძღვანელობდი მიუნხენელების შეტევებს რომ აღარაფერი ვთქვათ დაცვაზე, რომელიც სწორედ შენი კარნახით მოქმედებდა და სწორედ ამ თვისებების გამო გაგიკეთეს მხარზე სამკლაური ჯერ კლუბში და შემდეგ უკვე ნაკრებშიც.

ამქვეყნად ვერავის დაამტკიცებს, რომ 7 აპრილს “პსჟ“-სთან თამაშის დროს “ბაიერნის“ კარში მანუელ ნოიერის ნაცვლად შენ რომ მდგარიყავი შედეგი გერმანელთათვის ანალოგიური ან უარესი არ იქნებოდა. არც იმის მტკიცება ღირს, რომ დღეს ევროპულ საკლუბო ფეხბურთში ბევრი რამ ხდება წარმოუდგენელი და არც ბავარიელთა ან პარიზელთა შესაძლებებლობების გადაჭარბებით წარმოდგენა გვსურს. თუმცა იმის კი ნამდვილად მჯერა, რომ აგერ ამდენი წელი გავიდა და ნათლად ჩანს რომ მიუნჰენის “ბაიერნი“ სულ სხვა გუნდი იყო როდესაც კარში ოლივერ კანი იდგა და სულ სხვაა ახლა, როდესაც კანი არანაკლებ ნიჭიერმა (ბევრის აზრით კანზე უკეთესმაც - კი) მანუელ ნოიერმა შეცვალა.

ეს ყოველივე შეიძლება იმითაა ნაკარნახევი, რომ ჩვენ, ვისაც გასული საუკუნის 80-90-იანი წლების ფეხბურთი გვინახავს, რაღაცნაირი უცნაური ნოსტალგიით ვართ შეპყრობილი და ვცდილობთ დღევანდელ და მაშინდელ ფეხბურთს შორის ბზარები და სხვაობა ვიპოვოთ (არადა, როგორ გინდა რომ არ იპოვო?!). შეიძლება ისმის ბრალიცაა, რომ უბრალოდ როდესაც ადამიანს წლები იმატება, თავის ბავშვობას მისტირის და მაშინდელი ყველაფერი ძველი, კარგი და გასაოცარი ჰქონია. შეიძლება ისიც იყოს, რომ ახლა ფეხბურთი მართლა ძალიან შეიცვალა და სუპერ-სიჩქარებზე ორიენტირებულ თამაშს აკლია ის გულმისავალი უბრალოება, რაც ადრე ჰქონდა.

ერთი სიტყვით, მიზეზები ბევრი შეიძლება იყოს იმის, რომ შენ მოგტიროდეთ ჰერ ოლივერ, მაგრამ რას ვიზამთ, როცა თვალნათლივ ჩანს, რომ ფეხბურთში პიროვნებების როლი თანდათან იკარგება და მათ ადგილს საოცრად მომზადებული, დაპროგრამებული, მაღალ დონეზე გაწვრთნილი ათლეტები იკავებენ, რომლებსაც მე მგონი პირადი ცხოვრებაც კი ერთნაირი აქვთ.

და განა მხოლოდ შენ მოგტირით ჰერ ოლივერ?! ჩვენ, ვინც ათწეულების წინ ფეხბურთის გამო ვკამათობდით და ვჩუბობდით, დღეს იტალიის, ინგლისის, არგენტინის, ბრაზილიის, გერმანიისა და თუ სხვა ქვეყნის გუნდების ქომაგები უკვე ერთნაირი დარდით და სიყვარულით ვიხსენებთ ალესანდრო დელ პიეროსა და პატრიკ კლუივერტს, გაბრიელ ბატისტუტასა და ალან შირერს, შტეფან ეფენბერგსა და პაოლო მალდინის, რაულ გონსალეს ბლანკოსა და ლუის ნაზარიო დე ლიმა რონალდოს. ჩვენ ფეხბურთის გამო უკვედიდი ხანია აღარ ვჩხუბობთ, რადგან წლების შემდეგ აღმოვაჩინეთ, რომ ოლივერ კანი და მისი თაობა ყველას ერთნაირად გვიყვარს და უკვე დიდად აღარ დავეძებთ მათ წარმოშობასა და მაისურის ფერს.

მგონი მართლა ვბერდებით...

0.117978