Geo | Eng | Rus
სარეკლამო ადგილი - 3
570 x 120
არავითარი სახელები და სატრანსფერო ფასები
2016-06-15 16:37 | ნახვები: 6529
12345
სარეკლამო ადგილი - 10
710 x 106

როგორც იტყვიან, ეს ჯერ ჟურნალია, კინო მერე იქნება. ჯერ ფრთხილი და მეტწილად არწაგებაზე გათვლილი. ევრო-2016-ს ვგულისხმობთ…

დასრულდა პირველი ტური, ყველა ნაკრები ვნახეთ და გარკვეული დასკვნის გამოტანა შეიძლება, თუმცა ფავორიტ-აუტსაიდერობაზე საუბარი ნაადრევია. ძალიან შორს არ წავალთ და გავიხსენოთ 2010 წლის მუნდიალის პირველი ტური, ესპანეთმა შვეიცარიასთან წააგო, მაგრამ მერე?..

გოლი ცოტა გადის, 12 მატჩში 22, ანუ საშუალოდ ერთ მატჩში 2 გოლიც კი ვერ გროვდება. მარტო სიფრთხილის ბრალი არაა, უფრო ის ჩანს, რომ ბოლო დროს ევროპულ ფეხბურთში იკლო სუპერფორვარდების რაოდენობამ. თანაც, მკვეთრად იკლო. სხვა ნაკრებებზე რაღა ვთქვათ, როცა ეს პრობლემა გერმანიასა და ესპანეთსაც კი აქვთ.

მარიო გიოტცე მატყუარა 9 ნომერია, გოლეადორული თვისებები არასოდეს ჰქონია, ის საჯარიმოს სიახლოვეს უფრო ეფექტურია. იოაჰიმ ლიოვს დღეს ნახევარკლინსმანი რომ ჰყავდეს, რა უნდა გიოტცეს თავდასხმაში?

ესპანეთმა წინ ალვარო მორატათი დაიწყო, მერე კი არიც ადურისი შეიყვანა, მაგრამ არც ერთია დავიდ ვილია და არც მეორე – ფერნანდო ტორესი.

არც მეკარეების კარგი თამაში, ეპიზოდურად კი ფანტასტიკური სეივები დავივიწყოთ. უგო ლორისი რუმინეთთან, იან ზომერი ალბანეთთან, იგორ აკინფეევი ინგლისთან, მანუელ ნოიერი უკრაინასთან, ჰალდორსონი პორტუგალიასთან და რა თქმა უნდა, ბუფონი ყოველთვის ბუფონია – მათ ერთ-ერთი გადამწყვეტი როლი შეასრულეს პირველ ტურში.

ჩანს, ფეხბურთი კიდევ უფრო გუნდური გახდა, ვიდრე წინა წლებში იყო. თითქმის ავტომატიზმამდეა აყვანილი. დააკვირდებოდით, როგორც კი ბურთი იკარგება, რა სწრაფად და გუნდურად მიდის ართმევაზე თამაში. სივრცეების შეზღუდვა და მეტოქის ნახევარზე პრესინგი – ვისაც ეს უკეთ გამოუვიდა, იმან მოიგო, ან მინიმუმ არ წააგო.

ისლანდიის მოსახლეობა 350 ათასია, კრიშტიანუ რონალდუს ფეისბუქ-გვერდი კი 43 მილიონ ადამიანს აქვს მოწონებული, თუმცა პორტუგალია-ისლანდია 1:1 დასრულდა. კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ გუნდური ფეხბურთი ბატონობს და ეს ტენდენცია წლიდან წლამდე გრძელდება. სახელები და სატრანსფერო ფასები არ თამაშობენ, თორემ ასე რომ იყოს, უნგრეთი ვერ მოუგებდა ავსტრიას. უნგრელებს 24 ნაკრებიდან ყველაზე “ღარიბი” ფეხბურთელები ჰყავთ.

და სიფრთხილე, რომელიც თავშივე ვახსენეთ, ნებისმიერ მატჩში მეტ-ნაკლებად შეინიშნება. გუნდები თავიდან ერიდებიან შეტევებში წასვლას, ამითაც აიხსნება პირველ ტაიმში გოლების ძალიან მცირე რაოდენობა.

გამოსარჩევი მომენტები მაინც საკმაოდ ვნახეთ. ბონუჩის თუნდაც ის ერთი პასი რად ღირდა, ჯაკერინიმ რომ დაუფასა და ბელგიას გაუტანა. ანდრეა პირლო არაა ევროპაზე, მაგრამ ბონუჩის შეუთავსებია პირლოობა, კიდევ რამდენი ასეთი “ქოლგა” პასები აკეთა.

იტალია სხვა ფენომენია. იტალიას სულ არ ედარდება ავტორიტეტები, დაყენებული თამაში უჩვენა ბელგიას, თითოეულმა ფეხბურთელმა იცოდა, რა უნდა გაეკეთებინა და ქება და ქება ანტონიო კონტეს.

იტალიას ვარსკვლავი ფორვარდი არ ჰყავს, მაგრამ არც სალვატორე სკილაჩი ვარსკვლავობდა 1990 წლის მუნდიალამდე. მაშინ ექვსი თავდამსხმელი ჰყავდა”სკუადრა აძურას” წაყვანილი და სკილაჩის არათუ გოლები, თამაშიც კი ვერავის წარმოედგინა. ამით იმის თქმა გვსურს, რომ ნებისმიერ დროს შეიძლება აფეთქდეს რომელიმე იტალიელი და გოლები გოლებზე მიაწყოს...

აი, ბელგიელთა მწვრთნელ მარკ ვილმოტსს კი, გარდა იმისა, რომ კონტეობამდე სხვა მხრივაც ბევრი უკლია, არაფრის მაქნის კევინ დე ბრუინს შეცვლა ვერ გაუბედა. დე ბრუინის თამაში ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებდა, თუმცა არც ედენ აზარი “ჩამორჩა”. საერთოდ, ბელგია მხოლოდ ცალკეული ფეხბურთელების გაბრწყინების იმედად იყო მინდორზე.

ესპანელთა ლიდერი კვლავაც ანდრეს ინიესტაა, რომლის თამაშსაც უნდა უყურო და დატკბე. ჩეხებმა ლამის გულშემატკივრებიც კარში დააყენეს, ჩეხი ჩეხობდა, მაგრამ ცხრაკლიტული ბოლოს მაინც გატყდა.

ისე, ზოგიერთი წაგებული გუნდიც იმსახურებს სიმპათიას. ყველაზე მეტად ეს ითქმის რუმინეთსა და უკრაინაზე. ორივემ არაერთი მომენტი შეუქმნა გრანდებს. ალბანეთიც, მიუხედავად იმისა, რომ 10 კაცით დარჩა შვეიცარიასთან, ჯიქურად იწევდა გასატანად და ცოტაღა დააკლდა. აი, ავსტრია და ჩრდილოეთ ირლანდია კი ყველაზე სუსტებად გამოიყურებოდნენ. ჩრდილოეთ ირლანდია ისედაც აუტსაიდერია ჯგუფში, აი, ავსტრია კი ფავორიტად მიიჩნეოდა უნგრეთთან, მაგრამ რასაც მინდორზე აკეთებდნენ, თამაში არ ერქვა – დემორალიზებულნი იყვნენ, დავიდ ალაბაც მხოლოდ თავიდან აქტიურობდა.

არაფერი გვითქვამს ხორვატიაზე, რომელმაც პირწმინდად დაჩაგრა თურქეთი. შესაძლოა ვცდებით, მაგრამ მიროსლავ ბლაჟევიჩის გუნდის მერე, ხორვატიას ასეთი გუნდი არ ჰყოლია. რა ბედნიერებაა, როცა ლუკა მოდრიჩი გყავს და გვერდს ივან რაკიტიჩი უმშვენებს – ფაქტობრივად, თამაშის აწყობის გარანტია ეს ორი კაცი. თავბრუდამხვევი შეტევები იყო, თურქთა მცველებსა და მეკარე ვოლქან ბაბაჯანს მძიმე დღე ჰქონდათ.

რაც შეეხება აღმოჩენას, უპირველესად დიმიტრი პაიე უნდა ვახსენოთ. არა, “ვესტ ჰემშიც” მაგარია და “მარსელშიც” ბევრს ამწარებდა, მაგრამ დაგვეთანხმებით, ევროპის ჩემპიონატზე თავის გამოჩენას სხვა გემო აქვს.

ვნახოთ მეორე ტური. იმედია, გოლებიც მეტი იქნება და დასამახსოვრებელი მომენტებიც, აი, წლების მერეც რომ ისაუბრებენ, ისეთი.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
ჯგუფი A
თ.ქ.
საფრანგეთი 37
შვეიცარია 35
ალბანეთი 33
რუმინეთი 31
ჯგუფი B
თ.ქ.
უელსი 36
ინგლისი 35
სლოვაკეთი 34
რუსეთი 31
ჯგუფი C
თ.ქ.
გერმანია 37
პოლონეთი 37
ჩრდ.ირლანდია 33
უკრაინა 30
ჯგუფი D
თ.ქ.
ხორვატია 37
ესპანეთი 36
თურქეთი 33
ჩეხეთი 31
ჯგუფი E
თ.ქ.
იტალია 36
ბელგია 36
ირლანდია 34
შვედეთი 31
ჯგუფი F
თ.ქ.
უნგრეთი 35
ისლანდია 35
პორტუგალია 33
ავსტრია 31
სარეკლამო ადგილი - 5
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
250 x 250
0.035747