|
ჰარი რედნაპი: “რუსეთი უელსთან თამაშის შემდეგ გავარდება”
2016-06-17 19:58 | ნახვები: 27560
1
ცნობილი ინგლისელი მწვრთნელი, ჰარი რედნაპი, რომელიც “ვესტ ჰემში,” “ტოტენჰემსა” და “ქუინზ პარკში” მუშაობით გვახსოვს, ყურადღებით უცქერს ევრო 2016-ის მატჩებს და ხუთშაბათს ინგლისელთა უელსთან გამარჯვებით (2:1) ერთობ გაუხარია. მას რუსული “სპორტ-ექსპრესის” ჟურნალისტი, გოშა ჩერნოვი დაუკავშირდა (მოგეხსენებათ, B ჯგუფში ინგლისელებთან ერთად რუსეთის ნაკრებიცაა), თუმცა გაგონილით კმაყოფილი ნამდვილად ვერ დარჩებოდა. თუმცა, მოვუსმინოთ რედნაპს. -რის ხარჯზე მოუგეს ინგლისელებმა უელსს? -შეცვლებით. ეს როი ჰოჯსონის გამარჯვებაა, რომელმაც მშვენივრად გააანალიზა ვითარება და მეორე ტაიმში მინდორზე ვარდი და სტარიჯი გაიყვანა. თუმცა, ისიც ვთქვათ, რომ იძულებული გახდა ეს შეცვლები გაეკეთებინა - Pპირველ ტაიმში ინგლისელებს შეტევაში ძალიან უჭირდათ. -ჰარი კეინს ჯერჯერობით თამაში არ გამოსდის. მომავალში აღარ ენდობიან? -ვფიქრობ, ასეა. მისი დონის თავდამსხმელისთვის ასეთი “წყნარი” სტარტი უცნაურია. პრემიერლიგის საუკეთესო ბომბარდირი უფრო გაბედული უნდა იყოს. მესმის, რომ კეინის სუსტი თამაში რუსეთისა და უელსის მცველების დამსახურებაა. მაგრამ შემტევს ყველა რთული სიტუაციიდან უნდა შეეძლოს თავის დაძვრენა. ვარდიმ და სტარიჯმა კი კარგად წარმოაჩინეს თავი და დაამტკიცეს, რომ ძირითადში თამაშს იმსახურებენ. -რუნი? ხომ არ გგონიათ, რომ მოედნის ცენტრში თავს მთლად კომფორტულად ვერ გრძნობს? -არ მგონია. წინა ორ შეხვედრაში რუნი საკმაოდ ბუნებრივად გამოიყურებოდა ნახევარდაცვაში. ვფიქრობ, იმავე ადგილზე ვიხილავთ სლოვაკებთან მატჩშიც. მაგრამ ამ გუნდებს მთლად მაღალი კლასი არ აქვთ, ამიტომ, ფავორიტების წინააღმდეგ რუნი, შესაძლოა, თადარიგშიც მოხვდეს. -უელსს სად აქვს სუსტი წერტილები? -უელსი სამი ცენტრალური მცველით თამაშობს. ეს კი ფრთებს ასუსტებს. შეამჩნიეთ რამხელა სივრცეები ჰქონდათ მეტოქეებს, უოკერს და როუზს. ინგლისელი მცველებიც ყოველთვის ხალისით ერთვებიან შეტევებში. ორივე გუნდს ჰყავს ფრთის თავდამსხმელები. გამოდის, უელსელები ფრთებზე ყოველთვის რიცხობრივ უმცირესობაში არიან მეტოქეებთან. -უელსი ერთი ფეხბურთელის გუნდია? -არავითარ შემთხვევაში. სერიოზული გუნდია, რომელსაც საკმაოდ ჰყავს კარგი ოსტატები. არა მხოლოდ ბეილი, რემზი, ალენი და უილიამსი. ყურადღებას ნუ მიაქცევთ, რომ დანარჩენები ინგლისის დაბალ ლიგებში თამაშობენ. კარგი მწვრთნელის ხელში, და უელსს სწორედ ასეთი ჰყავს, ნებისმიერი ათამაშდება. -რამდენიმე წელიწადს “ტოტენჰემში” ბეილს წვრთნიდით. როგორ უნდა გააჩერონ იგი? -ძალიან რთულია. ყურადღებით მეურვეობაა საჭირო და თავისუფალი სივრცე არ უნდა დაუტოვო. თანაც საჯარიმოსგან რაც შეიძლება შორს უნდა დაარღვიო წესი. ხომ ნახეთ საიდან გაიტანა ჯარიმები. -რუსეთის ნაკრების მთავარი პრობლემა შეტევაშია? -არა მარტო შეტევაში. ორივე მატჩში თქვენს გუნდს არაფერი უჩვენებია. ჩემთვის რუსეთი ტურნირის მთავარი იმედგაცრუებაა. ყველაფერში მომატება გჭირდებათ: შეტევაში მოძრაობა გაკლიათ, ფეხბურთელები ძალიან დიდ ხანს ფიქრობენ, ვერ რისკავენ და დიდ ყურადღებას უთმობენ დაცვას. ვიცი, რომ ორი მთავარი ნახევარმცველი დაკარგეთ, მაგრამ ეს გამართლება არ არის. პოზიტიურად უნდა ითამაშოთ. -რას გულისხმობთ? -პოზიტიურად თამაში შეტევას, გამარჯვებისკენ სწრაფვას ნიშნავს. -ამას წინებზე, ზუსტად გამოიცანით, ინგლისი და რუსეთი ფრედ ითამაშებენო. უელსთან რას ფიქრობთ? -(იცინის) საწყენია, რომ გამოვიცანი. ინგლისს უნდა მოეგო. უელსთან კი, ვფიქრობ ფრე იქნება. რუსეთი უელსელთა მყარ დაცვას ვერაფერს მოუხერხებს და გავარდება. მაპატიეთ, მაგრამ ვერ ვხვდები, რა მიზეზით უნდა მოიგოს რუსეთმა. |
|
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია