რაგბი

16:06 | 27.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

ქანდის ტურნირი ‘ყაზბეგმა’ მოიგო

გასულ კვირას სოფელ ქანდაში რაგბის კლუბ ‘მუხას’ დაარსების აღსანიშნავად 13-წლამდე მორაგბეთა ტურნირი გაიმართა.

მცხეთა-მთიანეთის გარაგბიანების იდეა ბორჯღალოსნებს – პირველ ქართველ ცენტურიონ მერაბ კვირიკაშვილს და ირაკლი ყიასაშვილს ეკუთვნით, რომლებმაც განვლილი სეზონი ‘ყაზბეგში’ გაატარეს.

ამ იდეას ‘ყაზბეგის’ კაპიტანი ვაჟა მაისურაძე გამოეხმაურა და მეგობრებთან,ზურაბ კორკელიასთან და გიორგი ანდრონიკაშვილთან ერთად, სოფელ ქანდაში ‘მუხა’ დაარსა.

ტურნირში ექვსმა გუნდმა მიიღო მონაწილეობა: ყაზბეგი, აკადემია, წიქარა, მამონტები, ავჭალა და ხარები. მისი მიზანი ქანდასა და მის შემოგარენში რაგბის პოპულარიზაცია იყო და მან შედეგი უკვე გამოიღო – ‘მუხაში’ მოვარჯიშეთა რაოდენობა თითქმის გაორმაგდა.

რაც შეეხება ტურნირს, გუნდები ორ სამგუნდა ჯგუფში განაწილდნენ და პირველ-მეორე ადგილზე გასულებმა ჯერ ნახევარფინალები და მერე ფინალები ითამაშეს, ხოლო ჯგუფის ბოლოადგილოსნებმა მე-5 ადგილი გაითამაშეს. ფინალში ‘ყაზბეგმა’ ‘აკადემია’ დაამარცხა და მთავარი ჯილდო – თასი, ქანდის მოედნის მეპატრონისგან, ნუგზარ წიკლაურისგან ჩაიბარა.

პირველ-მესამე ადგილზე გასულ გუნდებს შესაბამისი, ხოლო დანარჩენებს ტურნირის მონაწილის სიგელი ‘ყაზბეგის’ კაცთა გუნდის მთავარმა მწვრთნელმა გოჩა ჩქარეულმა გადასცა. გამოვლინდა ქანდის ტურნირის საუკეთესო მოთამაშეც და ეს პატივი წილად ნიკოლოზ ჩაჩანიძეს (აკადემია) ხვდა. მან სპეციალური თასი მერაბ კვირიკაშვილისგან ჩაიბარა.

0.149248