ჩოგბურთი

2:51 | 1.05.2021 | ნანახია [] - ჯერ

აგასი ბეკერის მოწოდების მიმართულებას ენის მოძრაობის მიხედვით ხვდებოდა

ლეგენდარულმა ამერიკელმა ჩოგბურთელმა ანდრე აგასიმ, 2017 წელს მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ბორის ბეკერის მოწოდებისწინა ჩვევები შეისწავლა, რამაც მისი ძლიერი მოწოდებების მოგერიების შესაძლებლობა მისცა.

აგასიმ ბეკერთან პირველი სამი შეხვედრა წააგო. მაგრამ შემდეგ, მისი თამაშის ჩანაწერების ნახვისას მიხვდა ერთ ჩვევას, რამაც გერმანელის მოწოდების მიმართულების გამოცნობა ასწავლა. საქმე ისაა, რომ ბეკერი ბურთის აგდებამდე ენას იმ მიმართულებით გამოჰყოფდა ხოლმე, საითაც შემდეგ მოწოდებას ასრულებდა.

„ის ჯერ ქანაობას იწყებდა და სანამ ბურთს ააგდებდა, ენას გამოჰყოფდა ხოლმე. ენა ან ტუჩის შუა ნაწილს ეხებოდა, ან ტუჩის - მარცხენა კიდეს. თუ ენა მისი ტუჩის შუას ეხებოდა, ის ან შუაში მოაწოდებდა, ან ჩემი ტანის მიმართულებით. მაგრამ თუ ენა ტუჩის ნაპირს ეხებოდა, მაშინ ბურთს გარე მიმართულებით გზავნიდა“, - ყვება აგასი.

მეტოქის ამ ჩვევის გამოცნობამ, აგასის მისი მოწოდებების მოგერიება ასწავლა. მაგრამ გაჩნდა მეორე თავსატეხი - ამის შესახებ, ბეკერი ვერ უნდა მიმხვდარიყო, რაც საკმაოდ ძნელი იყო.

„მისი მოწოდების მოგერიებაზე ძნელი ის იყო, რომ მას არ უნდა გაეგო ის, რომ მე ამის შესახებ ვიცოდი. მე უნდა გამეძლო ცდუნებისთვის და შეხვედრის განმავლობაში, ეს მხოლოდ კრიტიკულ მომენტებში გამომეყენებინა. ეს მაშინ ხდებოდა, როდესაც ბრეიკის შანსი მეძლეოდა“, - დასძენს აგასი.

ბეკერთან პირველი სამი შეხვედრის წაგების შემდეგ, აგასიმ ზედზედ რვა მოიგო! მათ შორის, 1990 წელს აშშ-ის და საფრანგეთის ღია პირველობების ნახევარფინალებში. საბოლოოდ, აგასიმ ბეკერთან შეხვედრებში, 10-4 თანაფარდობას მიაღწია. ბეკერმა მეოთხე გამარჯვება 1995 წლის უიმბლდონის ფინალში მოიპოვა.

აგასი ამბობს, რომ მოგვიანებით, ბეკერს ყველაფერი გაუმხილა. ეს ოქტობერფესტის დროს მოხდა. ბეკერი გაოცებული დარჩა და ვერაფრით მიხვდა, როგორ შეიძლებოდა აგასის ამის შესახებ შეეტყო.

„ჩვენ ლუდს ვსვამდით, როდესაც ვუთხარი - სხვათა შორის, იცოდი, რომ ასე აკეთებდი და ამით მოწოდებებს მჩუქნიდი? ის კინაღამ სკამიდან გადმოვარდა. მერე მიპასუხა: ადრე ცოლს ხშირად ვეუბნებოდი, ის ალბათ ჩემს აზრებს კითხულობს. აბა საიდან უნდა მცოდნოდა, რომ ჩემი ენის შესახებ იცოდი“, - ყვება აგასი.

0.141033