სხვა

10:30 | 1.05.2021 | ნანახია [] - ჯერ

ტაისონი: როი ჯონსთან შეხვედრის წინ მარიხუანა მოვწიე

მაიკ ტაისონი აღიარებს, რომ ლოს ანჯელესის სტეიპლს სენტერში, როი ჯონსთან საჩვენებელი ბრძოლის წინ, მარიხუანა გააბოლა. შეხვედრა რვა რაუნდი გაგრძელდა და ფრედ დასრულდა. ქულებს WBC-ს ყოფილი ჩემპიონები ითვლიდნენ. ტაისონი ამბობს, რომ ერთი ღერი ბრძოლის შემდეგაც მოსწია, შემდეგ კი ჟურნალისტებს შეხვდა.

„მისმინეთ, მოწევის შეწყვეტა არ შემიძლია. ყოველთვის ვეწეოდი. მაპატიეთ, მაგრამ რომ არ მოვწიო, არ შემიძლია. მე მწეველი ვარ, ყოველდღე ვეწევი. მოწევა არასდროს შემიწყვეტია“, - ამბობს ტაისონი.

ის ფაქტი, რომ ბრძოლა საჩვენებელი იყო და არა პროფესიონალური, ტაისონს გარკვეულ თავისუფლებას ანიჭებდა. ორივე მოკრივემ რინგზე გასვლამდე დოპინგ ტესტი გაიარა. მაგრამ როგორც ჩანს, დოპინგ კონტროლს მარიხუანა აკრძალული სუბსტანციების სიაში შეტანილი არ ჰქონდა.

ტაისონი ამბობს, რომ კოკაინის გამოყენება ორნახევარი წლის წინათ შეწყვიტა. მაგრამ მარიხუანას მოწევსთვის თავის დანებება არც უფიქრია.

„უბრალოდ, ასეთი ვარ. ეს ჩემზე უარყოფითად არ მოქმედებს. ასეთი მოვკვდები. ახსნა არ მაქვს. ამას ბოლო არ ექნება“, - ყვება ტაისონი. კითხვაზე, დაეხმარა თუ არა მარიხუანა ბრძოლისას მიღებული ტკივილების გაყუჩებაში, ის პასუხობს: „ის უბრალოდ მაბუჟებს, მაგრამ ტკივილს არ აყუჩებს“.

ტაისონი ამბობს, რომ არ იცის, ბრძოლამ რა შემოსავალი მოიტანა. თუმცა დარწმუნებულია, რომ ფულს უწინდელივით აღარ გაანიავებს. „ფორბსის“ მონაცემებით, თავისი კარიერის განმავლობაში, ტაისონმა 685 მილიონი დოლარი იშოვნა და უმეტესობა გაფლანგა.

„აქ გარკვეული მიზნით ვარ. ჩემი ეგოსთვის არ ვარ. ჩემი ეგო ფულს შოულობს, თვითმფრინავებს, სახლებს ყიდულობს, თავს უყრის ლამაზმანებს და ორგიებს მართავს. მაგრამ დღეს ასეთი აღარ ვარ. ის ბიჭი უბრალოდ ისეთი იყო, როგორიც უნდა ყოფილიყო. და ეს ყოფილა პლატფორმა, რომელიც მე გავხდი“, - განმარტავს რკინის მაიკი.

ახლა ის თავის ოჯახზე, მტრედებზე, ტანსაცმელსა და რა თქმა უნდა, სახსრებზე ზრუნავს. მსოფლიოს ყოფილმა ჩემპიონმა 2017 წელს ჩამოაყალიბა კომპანია „ტაისონ რანჩ“, რომელიც კანაფის წარმოებაზეა ორიენტირებული. გარდა ამისა, ქველმოქმედებასაც ეწევა. როგორც ამბობს, იმ ადამიანებზე ზრუნავს, ვისაც მასზე ნაკლებად გაუმართლა.

„იდეალურ სამყაროში მე მისიონერი ვარ. იდეალურ მსოფლიოში“, - ამბობს ტაისონი. რეალურ სამყაროში კი ისევ აპირებს რინგზე ასვლას. შეიძლება ისევ ჯონსს შეხვდეს, ან ვინმე სხვას. ის არც იმის წინააღმდეგია, რომ ახლანდელ ჩემპიონებს, ტაისონ ფიურის და ენტონი ჯოშუას, ან თუნდაც დეონტეი უაილდერს შეხვდეს.

0.131688