ავტოსპორტი

2:55 | 4.05.2021 | ნანახია [] - ჯერ

რაიკონენის შეცდომა საჭის ეკრანზე მონაცემების შემოწმებამ გამოიწვია

კიმი რაიკონენმა პორტუგალიის რბოლის დასაწყისში მომხდარი ინციდენტის გამო, რომლის შემდეგაც რბოლას დაზიანებული მანქანით გამოთიშა, პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო. „ალფა რომეოს“ მრბოლმა განაცხადა, რომ იმ მომენტში, საჭეზე მონაცემებს ამოწმებდა და გადამრთველით მანიპულირებას ცდილობდა.

მეორე წრის დასაწყისში, სტარტ-ფინიშის სწორზე მოძრაობისას, რაიკონენი თანაგუნდელ ანტონიო ჯოვინაცის მიჰყვებოდა. მან სლიპსტრიმით გასწრება სცადა, რა დროსაც, წინა მარჯვენა ფრთით, ჯოვინაცის მანქანის უკან მარცხენა ბორბალს შეეჯახა.

ფრთა გატყდა და რაიკონენის მანქანის ცხვირის ქვეშ გაიჭედა. რაიკონენმა ტემპი დააგდო და როდესაც პირველ მოსახვევს მიუახლოვდა, შენიშნა, რომ მოხვევა შეუძლებელი იყო. ამიტომ მანქანა ტრასის მიღმა გადაიყვანა და გაჩერდა. ბედად, ჯოვინაცის ბორბალი არ დაზიანებულა და მან რბოლა გააგრძელა.

„ეს ჩემი შეცდომა იყო. საჭეზე რაღაცას ვამოწმებდი, რაღაცის შეცვლას ვაპირებდი. რაღაც ისე ვერ გავაკეთე და ისევ საჭეს დავხედე, რა დროსაც შეჯახება მოხდა. ასე რომ, მთლიანად ჩემი შეცდომა იყო“, - ამბობს რაიკონენი.

როცა რაიკონენი მე-13 მოსახვევს გადიოდა, „ალფა რომეოს“ სარბოლო ინჟინერმა ჟულიან სიმონ-შოტემპსმა რაიკონენს რადიოთი ამცნო, რა მანიპულაციები უნდა შეესრულებინა. ფინელს პირველ ცდაზე რაღაც არ გამოუვიდა, სწორზე გასვლის შემდეგ კი გადამოწმება სცადა და ამ დროს ჯოვინაცის დაეჯახა.

0.165516