სხვა

2:16 | 5.05.2021 | ნანახია [] - ჯერ

ლონდონის მერი ლონდონელებს კიდევ ერთ ოლიმპიადას პირდება

ლონდონის მერი სადიყ ხანი ამომრჩევლებს პირდება, რომ მისი ხელახლა არჩევის შემთხვევაში, ქალაქს 2036 ან 2040 წლის ოლიმპიადის და პარალიმპიური თამაშების მასპინძლობის უფლებას მოაპოვებინებს.

ლონდონმა ზაფხულის თამაშებს ახლახანს, 2012 წელს უმასპინძლა. ამ თამაშების მოსაპოვებლად, ქალაქის მაშინდელი მერი კენ ლივინგსტონი და ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი, ამჟამად მსოფლიო მძლეოსნობის პრეზიდენტი სებასტიან კოე იბრძოდნენ.

ხანი ქალაქის მერობაზე კენჭს მეორედ იყრის. ის ლეიბორისტების კანდიდატია. და ახლავე ზრუნავს იმაზე, რომ პოსტ კოვიდურ ეპოქაში, ლონდონისთვის კაპიტალი მოიზიდოს.

ხანი ამბობს, რომ ოლიმპიადის მასპინძლობის უფლების მოპოვების შემთხვევაში, ლონდონი არამხოლოდ მსოფლიოს საუკეთესო ათლეტებს მიიღებს, არამედ მიიღებს იმის შანსსაც, რომ ფართოდ განახორციელოს „მწვანე“ ინფრასტრუქტურული პროექტები, რაც ასევე ბევრი და ხანგრძლივი სამუშაო ადგილის შექმნაშიც დაეხმარება.

ხანის გეგმის შესაბამისად, ბევრი იმ ოლიმპიური არენის გამოყენებაა განზრახული, რომლებზეც 2012 წლის თამაშები ჩატარდა. ოლიმპიადისთვის მზადებისას, ბევრი ისეთი ინფრასტრუქტურული პროექტიც განხორციელდება, რომლებიც ქალაქის ჰაერის გასუფთავებას შეუწყობს ხელს.

თუ ლონდონს კვლავ აირჩევენ, ეს ქალაქი გახდება პირველი, რომელიც ზაფხულის თამაშებს მეოთხედ უმასპინძლებს. ლონდონმა ოლიმპიადას პირველად 1908 წელს უმასპინძლა. მეორედ კი 1948 წელს. როგორც ცნობილია, პარიზი 2024 წლის ოლიმპიადის მასპინძელია და ეს მესამე პარიზული ოლიმპიადა (პირველი ორი 1900 და 1924 წლებში ჩატარდა) იქნება. ამას მოჰყვება თამაშები ლოს ანჯელესში (2028 წელს), სადაც ადრე ოლიმპიადა ასევე ორჯერ - 1932 და 1984 წლებშია გამართული.

2032 წლის ოლიმპიადის მასპინძელი ჯერ შერჩეული არ არის, მაგრამ სავარაუდოდ, ეს უფლება ავსტრალიის ქალაქ ბრისბეინს მიენიჭება.

0.121286