|
დამაჯერებელი ხორვატია და უფერული თურქეთი
2016-06-12 19:02 | ნახვები: 6060
12345678910
ხორვატიის საფეხბურთო ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატი გამარჯვებით გახსნა და მართალია, თურქებთან მატჩში ერთადერთი გოლის გატანა მოახერხა, მართლაც შთამბეჭდავი თამაში აჩვენა. პირველივე შეხვედრაში გამოჩნდა, რომ ანტე ჩაჩიჩს საფრანგეთში კარგად დაბალანსებული შემადგენლობა ჰყავს ჩაყვანილი, გუნდის ვარსკვლავებს კი, თამაშის ბედის გადაწყვეტა ნებისმიერ მომენტში შეუძლიათ. ამ ფონზე თურქეთის ეროვნული გუნდი ის აღარაა, რაც თუნდაც რამდენიმე წლის წინ იყო, მხოლოდ მთავარი მწვრთნელის ფატიჰ თერიმის უდიდესი გამოცდილების ხარჯზე კი, წინ წასვლა ძალიან გაუჭირდება. თავიდანვე ვთქვათ, რომ შეხვედრის ერთადერთი გოლო ბრწყინვალე გამოდგა და მართალია, შეიძლება საუბარი თურქების მეკარე ვოლკან ბაბაჯანის შეცდომაზეც, ლუკა მოდრიჩის ჩინებული დარტყმა აუცილებლად უნდა გამოვარჩიოთ. 41-ე წუთი მიდიოდა, როდესაც თურქებმა თითქოს მორიგი შეტევა მოიგერიეს, თუმცა, ბურთი საჯარიმოს მისადგომებთან აღმოჩნდა და მადრიდის “რეალის” ნახევარმცველმა მას ჰაერიდანვე ოსტატურად ამოსცხო. ბურთმა ზედ მეკარის წინ “ჩაყვინთა”, ბაბაჯანს ხელის ქვეშ გაუძვრა და კარში აღმოჩნდა. პირველი ტაიმის მიმდინარეობიდან გამომდინარე, გოლი ლოგიკური გახლდათ, რადგანაც ჩაჩიჩის შეგირდები გაცილებით უკეთ გამოიყურებოდნენ, თუმცა კი, მოდრიჩის “გასროლამდე” ყველაზე რეალური მომენტი მათ კართან შეიქმნა. თამაშის დაწყებიდან ზუსტად ნახევარი საათი იყო გასული, როდესაც გიოკჰან გიონულმა საჯარიმოში იდეალურად ჩააწოდა, ოზან ტუფანმა კი მეტოქე მცველებს აჯობა, მაგრამ მისი თავური ცენტრისკენ წავიდა და დანიელ სუბაშიჩმა ბურთი ზედ კარის ხაზზე შეაჩერა. პირველი ტაიმის დარჩენილ დროში ხორვატები დიდი ძალებით, თუმცა, ნაკლებად სახიფათოდ უტევდნენ. მარსელო ბროზოვიჩის თავური კარს საკმაო მანძილით გადასცდა, მილან ბადელის და მარიო მანჯუკიჩის დაბალი დარტყმები კი ბაბაჯანს ზუსტად ხელებში მისდიოდა. საწყის 45 წუთში აღსანიშნავი იყო თურქების არცთუ “სუფთა” თამაშიც. ჯენკ ტოსუნმა იდაყვი ვედრან ჩორლუკას მისცხო, სისხლი ბლომად ადინა და ყვითელი ბარათიც მიიღო, მალევე კი იდაყვი მანჯუკიჩსაც მოხვდა, თუმცა, ამჯერად, თურქები სასჯელს გადაურჩნენ. მე-2 ნახევარში თამაშის სურათი არ შეცვლილა და ტაიმის სტარტზე სამწუთიან მონაკვეთში ხორვატთა კაპიტან დარიო სრნას უპირატესობის გაზრდა 2-ჯერ შეეძლო. თავდაპირველად, მან საჯარიმო საუცხოოდ შეასრულა და 20-ოდე მეტრიდან ბურთი ხარიხას აძგერა, მე-2 შემთხვევაში კი, აშკარად უკეთ გარჯა მართებდა. 55-ე წუთი მიდიოდა, როდესაც ივან პერიშიჩის ფლანგური ჩაწოდება ბაბაჯანმა უხერხულად მოიგერია, სრნა კი, ფაქტობრივად, ცარიელ კარში ურტყამდა, თუმცა, აქცენტი სიძლიერეზე გააკეთა და მარჯვენა ძელს მცირედით ააცილა. მალევე ბროზოვიჩის საჯარიმოს ფარგლებიდან დარტყმული ბურთი თურქების კარის “ცხრიანს” ოდნავ ასცდა, შემდეგ კი, ივან რაკიტიჩმა ბოლომდე იბრძოლა, მეკარის საჯარიმოში უაღრესად სახიფათოდ ჩააწოდა, თუმცა, შეტევის დაგვირგვინება ვერავინ მოახერხა. ამ დროისთვის ფატიჰ თერიმმა სამივე ცვლილება გამოიყენა, თურქები სიტუაციის გამოსწორებას შეეცადნენ და თითქოს მეტოქის ნახევარზე დიდი ძალებითაც გადავიდნენ, მაგრამ 100%-იანი საგოლე შანსი ისევ მათ კართან შეიქმნა. 72-ე წუთზე მანჯუკიჩის კროსს უმეთვალყურეოდ დარჩენილი პერიშიჩი გამოეხმაურა და მისი თავურის შემდეგ, ბურთი ისევ ხარიხას მოხვდა: მეორედ უკვე ამ მატჩში. თამაშის დასრულებამდე ათიოდ წუთით ადრე, მანჯუკიჩმა კიდევ 1 სახიფათო თავური შეასრულა და ბაბაჯანმა ბურთი ხარიხის ქვემოდან “გამოძვრინა”, მალევე კი ჯანერ ერკინმა საჯარიმო თითქოს კარგად შეასრულა, თუმცა, სუბაშიჩმა კარში სწორი პოზიცია დაიკავა და ხიფათის განმუხტვა იოლად მოახერხა. მოლოდინისამებრ, ბოლო წუთებისკენ ხორვატებმა აქცენტი ანგარიშის შენარჩუნებაზე გააკეთეს, ჩაჩიჩმა დროის გაყვანისთვის ცვლილებებიც გამოიყენა, თურქებს კი დასკვნითი შტურმის მოწყობაც არ გამოუვიდათ. საბოლოო ჯამში, ხორვატიის ნაკრებმა ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა და ცხადია, რომ ჩემპიონატზე მოკრძალებული მიზნები არ ექნება, თურქებს კი, ამ თამაშით ჯგუფური ეტაპის დაძლევაც კი გაუჭირდებათ. D ჯგუფში, მე-2 შეხვედრა 13 ივნისს, თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება და ერთმანეთს ესპანეთი და ჩეხეთი გაეჯიბრებიან, მე-22 ტურის მატჩები კი 17 ივნისსაა დაგეგმილი: ხორვატია-ჩეხეთი, თურქეთი – ესპანეთი. 2016 წლის ევროპის ჩემპიონატი. D ჯგუფი. “პარკ დე პრენსი” (პარიზი). 48 713 მაყურებელი თურქეთი – ხორვატია 0:1 (0:1) თურქეთი: ბაბაჯანი, ერკინი, ბალტა, ტოპალი, გონიული, ინანი, თურანი (ილმაზი, 65), ოზიაკუპი (შენი, 46), ტუფანი, ჩალჰანოღლუ, ტოსუნი (მორი, 69). მწვრთნელი: ფატიჰ თერიმი. ხორვატია: სუბაშიჩი, სრნა, ჩორლუკა, ვიდა, სტრინიჩი, მოდრიჩი, ბადელი, ბროზოვიჩი, რაკიტიჩი (შილდენფელდი, 89), პერიშიჩი (კრამარიჩი, 87), მანჯუკიჩი (პიაცა, 93). მწვრთნელი: ანტე ჩაჩიჩი. გოლი: მოდრიჩი (41). გაფრთხილება: ტოსუნი (31), ბალტა (48), სტრინიჩი (80), შენი (90+1). მსაჯი: იუნას ერიკსონი (შვედეთი).
კარისკენ დარტყმა: 9 (2) – 18 (6), კუთხური: 3 – 5, ბურთის ფლობა: 51% – 49%; თამაშგარე: 1 – 1; ჯარიმა: 13 – 15; |
|
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია