|
ძველი მეტოქეები - ხორვატებსაც მწარედ ახსოვთ და ჩეხსაც
2016-06-21 12:50 | ნახვები: 6258
123
D ჯგუფიდან გასვლა მხოლოდ ესპანეთს აქვს განაღდებული და უიმედოდაც არავინაა: თურქეთსაც კი, რომელსაც ორი წაგება აქვს და ბურთები 0:4, შანსი აქვს დარჩენილი. თუ ჩეხებს მოუგებენ, რატომაც არა, სამი ქულით გასვლაც შესაძლებელია. შესაძლოა, იმ 4 საუკეთესო მესამეადგილოსანს შორის მოხვდნენ, რომლებიც მერვედფინალში ითამაშებენ. ესპანეთი-ხორვატია: ივან რაკიტიჩი, ლუკა მოდრიჩი და მატეო კოვაჩიჩი თავიანთ თანაკლუბელთა წინააღმდეგ. ისინი წინა ევროპის ჩემპიონატზეც ჯგუფის ბოლო ტურში შეხვდნენ ერთმანეთს და "ფურია როხამ" ხესუს ნავასის ბოლო წუთებზე გატანილით 1:0 მოიგო. მაშინ ხორვატია ჯგუფში დარჩა, ამჯერად კი მსგავსი საფრთხე ნაკლებად ემუქრება. ხორვატები რომ დამარცხდნენ, 4 ქულა დარჩებათ და შესაძლოა, მესამეზე აღმოჩნდნენ, მაგრამ ალბათ, ეყოფათ ჯგუფიდან გასასვლელად. "ალბათ"-ზე მაინც ვერ იქნებიან დამოკიდებულნი, ამიტომაც ანტე ჩაჩიჩის გუნდი ბოლომდე იბრძოლებს. ეგეც არ იყოს, ხორვატები მოსაგებად გაიწევენ და პირველი ადგილის დაკავებას ეცდებიან. ამ ჯგუფის მეორეადგილოსანი მერვედფინალში იტალიას შეხვდება და ვის აწყობს ასე ნაადრევად "სკუადრა აძურასთან" დაპირისპირება? გამოდის, რომ თუ ესპანეთი დღეს წააგებს, წინა ევროპის ჩემპიონატის ფინალი ამჯერად მერვედფინალში განმეორდება: ესპანეთი-იტალია. შესაძლოა, ჩეხეთი გავიდეს მეორეზე. ეს იმ შემთხვევაში, თუ თურქებს მოუგებენ, ხოლო ესპანეთი ხორვატიას დაამარცხებს და მერე უკვე ბურთების შეფარდებაზე მიდგება საქმე ხორვატია-თურქეთს შორის. ხორვატიამ დამოუკიდებლობის ისტორიაში პირველი სასახელო გამარჯვება სწორედ ესპანელებთან მიითვალა, ვალენსიაში ამხანაგური მატჩი მოუგო 2:0. რა ნაკრები ჰყავდათ მაშინ... გოლები რობერტ პროსინეჩკიმ და დავორ შუკერმა გაიტანეს. დღეს ანტე ჩაჩიჩის გუნდს, სავარაუდოდ, სამი ლიდერი დააკლდება: მცველი ვედრან ჩორლუკა, ნახევარმცველი ლუკა მოდრიჩი და ფორვარდი მარიო მანჯუკიჩი. სამივეს მცირე ტრავმა აქვს. ვნახოთ, ბოლო ინფორმაციით, ისინი დღეს ვერ ითამაშებენ და არაა გამორიცხული, რაიმე შეიცვალოს. თურქეთი-ჩეხეთი: პაველ ვრბას გუნდს ტომაშ როსიცკი დააკლდება, მისთვის ევროპის ჩემპიონატი დასრულებულია ტრავმის გამო. როსიცკი კი, ასაკის მიუხედავად, დიდი ძალაა. როგორ არ გაგახსენდება 2008 წლის ევროპის ჩემპიონატის ჯგუფის ბოლო ტური. ჩეხები 2:0-ს უგებდნენ და ბოლო 11 წუთში სამი გოლი გაუშვეს. მაშინ საოცრება მოხდა, პეტრ ჩეხმაც უხეში შეცდომა დაუშვა, როცა იოლად დასაჭერი ბურთი გაუვარდა და ნიჰათმა ახლოდან გაიტანა. ჩეხი, რომელიც ევროპის მეოთხე ჩემპიონატში თამაშობს, დღესაც ნაკრების მთავარი იმედია. ჩეხებს ვარსკვლავები აღარ ჰყავთ, ამ ევროპაზეც მხოლოდ ხორვატებთან ბოლო 15 წუთში გამოაჩინეს ბრჭყალები, თორემ სხვა მხრივ დიდ ვერაფერ შთაბეჭდილებას ტოვებენ. თურქეთი კი ხორვატიასთან და ესპანეთთანაც სრული სტატისტი იყო. ჯერჯერობით, არავითარი პოზიტივი არ შეინიშნება ფათიჰ თერიმის გუნდის თამაშში. არდა თურანისგან ელოდნენ ორიგინალურ თამაშს, მაგრამ იმდენად ცუდად გამოიყურებოდა, რომ ფათიჰ თერიმმა ხმამაღლა გააკრიტიკა. ფრე არცერთ გუნდს არ აწყობს, ესეც დამატებითი ინტრიგაა. მოკლედ, დაახლოებით იგივე სიტუაციაა, როგორც რუმინეთი-ალბანეთის მატჩის წინ იყო. D ჯგუფი 21 ივნისი. 23:00. ლანსი. “სტად ბოლარი” ჩეხეთი-თურქეთი სავარაუდო შემადგენლობები ჩეხეთი: ჩეხი; კადერაბეკი, ჰუბნიკი, სივოკი, ლიმბერსკი; დარიდა, პლაშილი; სკალაკი, კრეიჩი, შურალი; შკოდა მწვრთნელი: პაველ ვრბა თურქეთი: ბაბაჯანი; გიოქჰანი, ბალთა, ტოპალი, ჩანერი; სელჩუკ ინანი, ოზანი; ჩალჰანოღლუ, ოზიაქუფი, თოსუნი; ბურაქ ილმაზი მწვრთნელი: ფათიჰ თერიმი მსაჯი: კოლამი (შოტლანდია) 21 ივნისი. 23:00. ბორდო. “სტად დე ბორდო” ხორვატია-ესპანეთი სავარაუდო შემადგენლობები ხორვატია: სუბაშიჩი; სრნა, ვიდა, შინდელფელდი, სტრინიჩი; კოვაჩიჩი, ბადელი, რაკიტიჩი; ბროზოვიჩი, პერიშიჩი, კალინიჩი მწვრთნელი: ანტე ჩაჩიჩი ესპანეთი: დე ხეა; ხუანფრანი, რამოსი, პიკე, ალბა; ბუსკეტსი, კოკე, ინიესტა; ნოლიტო, სილვა, მორატა მწვრთნელი: ვისენტე დელ ბოსკე მსაჯი: კუიპერსი (ჰოლანდია) |
|
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია