|
ისლანდიას ისტორიულ გამარჯვებამდე ცოტა დააკლდა
2016-06-18 23:50 | ნახვები: 5449
1
ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მეორე ტური F ჯგუფის შეხვედრებით დასრულდა. “ველოდრომზე” ერთმანეთს ისლანდიისა და უნგრეთის ნაკრებები დაუპირისპირდნენ და დაძაბულ მატჩში ქულის მოპოვება შეძლეს. პირველი ტაიმი თანაბარ ბრძოლაში წარიმართა. ბურთი უმეტესად უნგრელებს ეჭირათ, მაგრამ ნახევარეპიზოდები გუნდებს თითქმის თანაბრად ექმნებოდათ. ერთადერთი 100%-იანი შანსი 31-ე წუთზე იოჰან გუდმონდსონს ჰქონდა, რომელმაც ახლო მანძილიდან 40 წლის გაბორ კირალს ვერ აჯობა. თუმცა, კუნძულელებმა 9 წუთში ანგარიში მაინც გახსნეს და ამის გაკეთება გილფი სიგურდსონმა პენალტით მოახერხა. უნგრეთმა მეორე ნახევარში შეუტია, ტერიტორიულ უპირატესობასაც ფლობდა, მაგრამ რეალური საგოლე შანსი არ ჰქონია. მიუხედავად ამისა, “მადიარელები” წაგებას მაინც გადაურჩნენ – 88-ე წუთზე ცვლილებაზე შემოსულმა ნიკოლიჩმა ისლანდიელთა მარჯვენა ფლანგი გაარღვია, საჯარიმოში შეიჭრა და კარის გასვრივ ჩააწოდა, რასაც ბირკირ სევარსონის ავტოგოლი მოჰყვა. მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში ცვლილებაზე შემოსულ, ვეტერან ეიდურ გუდიონსენს შეეძლო, რომ მატჩის გმირი გამხდარიყო, მაგრამ მისი დარტყმის შემდეგ ბურთმა კირალის კარს სანტიმეტრებში ჩაუარა და კუნძულელები კონტინენტის პირველობაზე კვლავ პირველი მოგების მოლოდინში არიან - 1:1. უნგრეთს ორი ტურის შემდეგ 4 ქულა აქვს, ხოლო ისლანდიას – 2. ისლანდია – უნგრეთი 1:1 (1:0) მარსელი, “ველოდრომი” ისლანდია (4-4-2): ჰალდორსონი, რ.სიგურდსონი, არნასონი, სევარსონი, სკულასონი, გუნარსონი (ჰალფრედსონი 65), გუდმონდსონი, გ.სიგურდსონი, ბიარნასონი, ბოდვარსონი (ფინბოგასონი 69), სიგტორსონი (გუდიონსენი 84). უნგრეთი (4-3-3): კირალი, ჟუჰაჟი (შალაი 84), გუზმიცსი, ლანგი, კადარი, გერა, ნაგი, კლეინჰეისლერი, შტიბერი (ნიკოლიჩი 66), ჯუჯაკი, პრისკინი (ბოდე 66). გოლები: 1:0 გ.სიგურდსონი (40 პენ.), 1:1 სევარსონი (88 ს.კ.) |
|
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია