|
იტალიამ რევანში აიღო და მერვედფინალშიც გავიდა
2016-06-17 19:20 | ნახვები: 7337
123456789101112131415161718192021222324252627282930313233343536
იტალიის ეროვნული ნაკრები შეუერთდა საფრანგეთისა და პოლონეთის ნაკრებებს და მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე მესამე გუნდი გახდა, რომელმაც მეორე ტურის შემდეგ მერვედფინალში თამაში ოფიციალურად გაინაღდა. “სკუადრა აძურამ” ამის გაკეთება ტულუზაში, შვედეთის ძლევით მოახერხა. მართალია, იტალიელთა თამაში ისეთი შთამბეჭდავი არ ყოფილა, როგორც პირველ ტურში ბელგიასთან, მაგრამ შედეგს საბოლოოდ მაინც მიაღწია. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მატჩის ფრედ დასრულების შემთხვევაში, ანტონიო კონტეს გუნდი ურიგო მდგომარეობაში არ ვარდებოდა და ალბათ ამითაც იყო გამოწვეული, რომ შეტევებით აპენინელებს თავი არ მოუკლიათ. სამაგიეროდ, თავი ჩინებულად დაიცვეს და სკანდინავიელთა ლიდერ ზლატან იბრაჰიმოვიჩს მოედანზე ღირებული არაფერი გააკეთებინეს. გარდა ამისა, შვედებს იტალიელთა კარში ზუსტად არ დაურტყამთ და აბა გოლს როგორ გაიტანდნენ?! – სხვათა შორის, შვედეთის ნაკრები ერთადერთია იმდინარე ტურნირზე, რომელსაც ორ მატჩში კარის ჩარჩოში ბურთი ჯერ არ მოუხვედრებია... რაც შეეხება უშუალოდ მატჩს – კონტემ წინა შეხვედრასთან შედარებით სკამზე მატეო დარმიანი დასვა და მის ნაცვლად ალესანდრო ფლორენცი ვიხილეთ სასტარტოში, ხოლო ტაქტიკა უცვლელი დატოვა. სამი ცვლილება იყო ერიკ ჰამრენის მხრიდან, ერთი იძულებითი. მთელმა თამაშმა ბრძოლასა და ბურთის აქეთ-იქეთ გორაობაში გასტანა და რთულია ისეთი მომენტების გახსენება, რომელსაც საგოლე მომენტს ვუწოდებთ. პრინციპში ასეთი მხოლოდ ორი იყო და ორივე იტალიელთა მხრიდან – ერთი გოლითაც დასრულდა. ორივე ზემოხსენებული ეპიზოდი მატჩის მიწურულს შეიქმნა. ჯერ ემანუელე ჯაკერინის ჭკვიანურ და ჩინებულ გადაცემას მარკო პაროლო თავით გამოეხმაურა, რომელიც ხელსაყრელ პოზიციაში იმყოფებოდა, მაგრამ გატანა ხარიხამ არ დაანება, ხოლო მერე გოლიც გავიდა. 88-ე წუთზე სიმონე ძაძამ საჯარიმო მისადგომებთან იბრძოლა, ბურთი შეტევის პარტნიორ ედერს დაუგორა, რომელიც მანამდე არცთუ გამორჩეული იყო და წარმოშობით ბრაზილიელმაც ბრაზილიური ტექნიკით იმოქმედა. შამი შვედი მცველის გარემოცვაში იმდენი მოახერხა, რომ დასარტყმელ პოზიციაზე გავიდა და მეკარე ისაკსონს მოჭირლით ლამაზი გოლი გაუტანა. მერე შვედეთს აღარც დრო ჰქონდა და აღარც ძალა რომ გაეთანაბრებინა და თამაშიც ასე დასრულდა – 1:0. იტალიის ნაკრები უკვე პლეი-ოფში და საკითხავი აწი მხოლოდ ისაა, პირველი ადგილით გავა თუ მეორეთი. შვედეთის ნაკრებს კი, ბოლო ტურში ბელგიასთან აუცილებლად გამარჯვება სჭირდება, თუ რა თქმა უნდა, ჯგუფიდან გასვლა უნდა. ისე, შვედებს მოგებამდე ჯერ კარში დარტყმა დასჭირდებათ... იტალია – შვედეთი 1:0 (0:0) VIDEO ტულუზა, “სტად დე ტულუზა” მაყურებელი: 30 000 იტალია (3-5-2): ბუფონი; ბარძალი, ბონუჩი, კიელინი; კანდრევა, პაროლო, დე როსი (ტიაგო მოტა 74), ჯაკერინი, ფლორენცი (სტურარო 85); ედერი, პელე (ძაძა 60) მწვრთნელი: ანტონიო კონტე შვედეთი (4-4-2): ისაკსონი; ლინდელოფი, იოჰანსონი, გრანქვისტი, ოლსონი; ლარსონი, ეკდალი (ლევიცკი 79), კალსტრომი, ფორსბერგი (დურმაზი 79); გუიდეტი (ბერგი 85), იბრაჰიმოვიჩი მწვრთნელი: ერიკ ჰამრენი გოლი: 1:0 ედერი (88) გაფრთხილება: დე როსი (69), ბუფონი (90) – ოლსონი (90) სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 8 (3) – 4 (0) ბურთის ფლობა: 47%-53% კუთხურები: 7:4 თამაშგარე: 0:4 მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: ედერი მსაჯი: ვიქტორ კაშაი (უნგრეთი) |
|
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია