|
როი ჰოჯსონი: “ვიცით, რა შეგვიძლია”
2016-06-11 13:32 | ნახვები: 25920
1
დღეს, თბილისის დროით 23 საათზე, ევრო 2016-ის B ჯგუფის პირველ ტურში ინგლისის ეროვნული გუნდი რუსეთისას დაუპირისპირდება. მანამდე კი, გუშინდელ პრესკონფერენციაზე ინგლისელთა მწვრთნელმა, როი ჰოჯსონმა რამდენიმე საინტერესო კითხვას უპასუხა. -ტურნირისთვის მზად ხართ? -ვიმედოვნებ, მზად ვართ. დილით სასარგებლოდ ვივარჯიშეთ და რუსებთან მინდორზე მოსაგებად გავალთ. თუმცა პროგნოზებში სიჩქარე არ ვარგა. -მიზანი როგორი გაქვთ: მეოთხედფინალი, ნახევარფინალი თუ ჩემპიონობა? -რთული კითხვაა. არ გვინდა დაკონკრეტება. ასე ვთქვათ – ჩვენი მიზანი რაც შეიძლება შორს წასვლაა. ვეცდებით საუკეთესო თვისებები გამოვავლინოთ. -სხვებთან თქვენი უპირატესობა რაშია? -ახალგაზრდა გუნდი გვყავს და უპირატესობაც შეიძლება ეს იყოს. შესაძლოა, ცოტა გამოცდილება გვაკლია, მაგრამ ეს ახალგაზდული შემართებით, ენერგიითა და ანთებული თვალებით აღმოიფხვრება. ვიმედოვნებთ, რომ ბიჭები საუკეთესო თვისებებს გამოავლენენ. მთავარია მინდორზე გასვლისას არაფრის გვეშინოდეს და ყველაფერი კარგად იქნება. -ჩინებული შემადგენლობა გყავთ. არჩევანი არ გიჭირთ? -დიახ, ეს საკმაო თავის ტკივილია. ფაქტია – ძალიან ბევრი კარგი ფეხბურთელი მოგვიგროვდა და ეს პრობლემაა. თუმცა ბევრ მწვრთნელს შეშურდებოდა ჩემი. ვფიქრობ, ტურნირზე კიდევ რამდენიმე მწვრთნელია, რომლებსაც ასეთივე “პრობლემები”აქვთ. ეს ხომ სასიამოვნო თავისტკივილია. მიხარია, რომ ასეთი პრობლემები მაქვს. -წლეულს თქვენგან ბევრს ელიან. არ გძაბავთ ეს ამბავი? -არა. კარგია, როცა ადამიანებს შენი სჯერათ და იმედით შემოგყურებენ. ყოველთვის ყველაფერი ისე არ ხდება, როგორც გვინდა, მაგრამ დიდ მხარდაჭერას ვგრძნობთ და ეს უფრო გვაძლიერებს. გადაჭარბებული მოლოდინი? ეს არ გვაღელვებს. ვიცით, რა შეგვიძლია. ამას თავკერძობაში ნუ ჩამოგვართმევთ. 90 წუთის განმავლობაში ბევრი რამ შეიძლება მოხდეს. ვიმედოვნებთ, რუსეთთან მატჩი ჩვენთვის სასურველი სცენარით წარიმართება. -ეს ჩემპიონატი ახალი ფორმაციის ინგლისის ნაკრებისთვის თავის გამოჩენის შანსია? -ასე ყოველი ტურნირის წინ საუბრობენ. მთავარია ხალხი ნანახით კმაყოფილი დარჩეს. -ჩემს ფეხბურთელებს თვალები ანთებული აქვთო, თქვით. მეტოქეს არა? -რა თქმა უნდა მათაც. ტურნირზე ბევრი ისეთი გუნდია, ვინც გასამარჯვებლად ჩამოვიდა. რუსეთის ნაკრებს კარგად ვიცნობთ, გამოცდილი გუნდია. საერთოდ, კარიერის განმავლობაში სულ ვფიქრობდი, რომ რაც მე ვიცი, ის მოწინააღმდეგესაც კარგად მოეხსენება. ყველა მეტოქეს პატივს ვცემ. -ინგლისელმა ფანებმა მარსელის ქუჩებში ჩხუბი უკვე მოასწრეს. რას ეტყოდით მათ? -არ ვიცი რა მოხდა ღამე. არ მაქვს ინფორმაცია. ქომაგებს კი ვეტყოდი, რომ მათ მხარდაჭერას ძალიან ვაფასებთ და ეს წლობით გრძელდება. იმედია, ისინი ჩვენი თამაშით ისიამოვნებენ. თანაც კარგი იქნება თუ პრობლემებს აიცილებენ თავიდან. |
|
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია