|
ირლანდიას ანრის ხელი ახსოვს
2016-06-26 10:28 | ნახვები: 7567
12345
ევრო 2016-ის დღევანდელი სათამაშო დღე ლიონში გაიხსნება, სადაც მასპინძელი საფრანგეთი ირლანდიის ნაკრებს ხვდება. რა თქმა უნდა, ფავორიტი დიდიე დეშამის გუნდია, მაგრამ არც ირლანდიელთა შანსი უნდა დავაკნინოთ. ორივე გუნდის მთავარი მწვრთნელი მხოლოდ წარმატებაზე ფიქრობენ და გულშემატკივარს მხოლოდ გასამარჯვებლად თამაშს ჰპირდებიან. საფრანგეთის ნაკრები ქვეჯგუფიდან ადვილად გავიდა, ხოლო ირლანდიამ ბოლო ტურში იტალიასთან მიღწეული გამარჯვებით მოახერხა პლეი-ოფში გასვლა. სხვათა შორის, ირლანდია ევროპის ჩემპიონატზე აქამდე ჯგუფიდან არასდროს გასულა და შესაბამისად დღეს საპლეი-ოფო სტადიაში დებიუტი ექნება. საფრანგეთის ნაკრებს კი ამავე ტურნირზე პლეი-ოფის თამაში 2000 წლის მერე აღარ მოუგია. ევრო 2004-ის მეოთხედფინალში “მამლები” საბერძნეთთან (0:1) დამარცხდნენ, ხოლო ოთხი წლის წინ, ამავე ეტაპზე ესპანეთთან (0:2). ევრო 2008-ზე კი საფრანგეთი ჯგუფში ჩარჩა. დიდიე დეშამის განკარგულებაში დღეს საბრძოლო შემადგენლობა იქნება, ხოლო მარტინ ონილს მარცხენა მცველი სტეფენ უორდი და შემტევი ჯონ უოლტერსი დააკლდება. ორივე მოთამაშე ირლანდიელთა სასტარტოს წევრია და შესაბამისად, იგი კელტათვის დიდი დანაკლისია. საფრანგეთისა და ირლანდიის ნაკრებები აქამდე 16-ჯერ შეხვდნენ ერთმანეთს და “სამფეროვნები” მცირე უპირატესობას ფლობენ: 6 მოგება, 6 ფრე, 4 წაგება. მათი ბოლო დაპირისპირება და სკანდალის მიზეზიც გახდა – მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის პლეი-ოფში საფრანგეთს დუბლინში 1:0 მოეგო, როცა “სტად დე ფრანსზე” ამავე ანგარიშით მარცხდებოდა, ტიერი ანრიმ ხელით ითამაშა და საფრანგეთმა მუნდიალის საგზურის მომტანი გოლი გაიტანა. მიუხედავად ირლანდიელთა დიდი და ხანგრძლივი პროტესტიტა, შედეგი რაღა თქმა უნდა არ შეცვლილა და ჯოვანი ტრაპატონის იმდროინდელი გუნდი მუნდიალს მიღმა დარჩა. შესაბამისად, ახლა ირლანდიის ნაკრებს რევანშისთვს დიდებული შესაძლებლობა ეძლევა და ვნახოთ... მატჩს ლიონი უმასპინძლებს, სადაც საფრანგეთის ნაკრები ჯერჯერობით დაუამრცხებელია – 7 თამაში, 5 მოგება, 2 ფრე. ირლანდიას კი ამ ქალაქში არასდროს უთამაშია. დიდიე დეშამი (საფრანგეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი): “საპლეი-ოფო მატჩია და ბუნებრივია, ყველაფერი ემოციური იქნება. თუმცა ჩვენ არაფერს დავთმობთ, მერვედფინალში ვართ და ერთადერთი მიზანი მომდევნო ეტაპზე გასვლაა. მაღალ დონეზე, როცა თამაშობ თავის დაცვა აუცილებელია, მაგრამ იმისათვის, რომ მატჩი მოიგო მეტოქეზე ერთი გოლით მეტი მაინც უნდა გაიტანო. სხვა შემთხვევაში პენატლების სერია გახდება საჭირო. ჩვენ ძალიან ბევრი ვიმუშავეთ, დაცვაში პრობლემები გვქონდა, მაგრამ პირველ სამ მატჩში ერთი გოლი გავუშვით და ისიც პენალტით – ასევე უნდა გავაგრძელოთ. ირლანდია ყოველთვის გულით თამაშობს და ბევრს შრომობს, თუმცა ამასთან კარგი ფეხბურთელებიც ჰყავს. მათ დაგვანახეს, რომ ბურთის კონტროლიც შეუძლიათ და ჰენდრიკს, ლონგს, უელანს, ჰულეჰანსა და მაკარტის პრობლემების შექმნა შეუძლიათ. ისინი მზად არიან ნამდვილ ბძოლაში ჩაერთნონ და სწორედ ამიტომ ურთულეს თამაშს ველოდები”. მარტინ ონილი (ირლანდიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი): “ვიცით, რომ ვეთამაშებით დიდ ფეხბურთელებს, მაგრამ ისე უნდა ვითამაშოთ, როგორც ეს იტალიასთან გავაკეთეთ. ფეხბურთელებმა იტალიის წინააღმდეგ 90 წუთი მაქსიმუმი გაიღეს და რამდენიმე დღიანი დასვენება აუცილებელი იყო. საერთოდ, ისეთ ტურნირზე, სადაც ასე მალეა თამაშები, ღრთულია ბევრი ენერგიის ქონა. საფრანგეთს ძალიან ძლიერი ფეხბურთელები ჰყავს და თან შინ თამაშობს. ეს გუნდი რა თქმა უნდა, ფავორიტია, როგორც 1998 წელს, როცა დიდებულად ითამაშეს. ბოლო თამაშები ჩვენ კარგად ვერ ჩავატარეთ, განსაკუთრებით შვედეთთან და ბელგიასთან, თუმცა იტალიასთან უკეთ გავისარჯეთ. არ მინდა უბრძოლველად გამოვვარდეთ და ამიტომ, ირლანდია ბოლომდე იბრძოლებს, რომ წარმატებას მიაღწიოს”. სავარაუდო შემადგენლობები: საფრანგეთი – ირლანდია ლიონი, “სტად დე ლიონი” 26 ივნისი, 17:00 საათი საფრანგეთი (4-3-3): ლორისი; სანია, რამი, კოშელნი, ევრა; პოგბა, კანტე, მატუიდი; გრიზმანი, ჟირუ, პაიე მწვრთნელი: დიდიე დეშამი ირლანდია (4-4-2): რენდოლფი; კოულმენი, ოში, დაფი, ბრეიდი; მაკლინი, უელანი, მაკარტი, ჰენდრიკი; მერფი, ლონგი მწვრთნელი: მარტინ ონილი მსაჯი: ნიკოლა რიცოლი (იტალია) |
|
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია