|
პოლონეთმა დებიუტანტი ჩრდილოეთ ირლანდია იოლად გაშიფრა
2016-06-12 22:16 | ნახვები: 6278
12345678910
პოლონეთის საფეხბურთო ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის დებიუტანტ ჩრდილოეთ ირლანდიას შანსი არ დაუტოვა და მართალია, მხოლოდ 1 გოლი აკმარა, ევრო-2016-ის საწყის შეხვედრაში დამაჯერებელი გამარჯვება იზეიმა. ადამ ნავალკას შეგირდებმა მეტოქე ყველა კომპონენტში დაჯაბნეს, რამაც ასახვა სტატისტიკურ მაჩვენებლებშიც ჰპოვა. შეხვედრის მე-2 ტაიმი ხუთიოდ წუთის დაწყებული იყო, როდესაც მიზანს პოლონელთაგან ყველაზე აქტიური არკადიუშ მილიკის დარტყმამ უწია. იაკუბ ბლაშჩიკოვსკის ფლანგური გარღვევის შემდეგ, ბურთი ამსტერდამის “აიაქსის” ფორვარდს მიუვიდა, რომელმაც ის აუღელვებლად გააჩერა და ბრიტანელთა მეკარე მაიკლ მაკგოვერნს მოძრაობის საპირისპიროდ, მარჯვენა დაბალ კუთხეში გაუტანა. პოლონელებს არაერთი გოლის გატანა ჯერ კიდევ პირველ ტაიმში მართებდათ, როდესაც ბურთის ფლობაში უდიდესი უპირატესობა (63%-37%) ჰქონდათ, კუთხურებში მეტოქე 7:0 დაჯაბნეს და კარისკენ 10-ჯერ დაარტყეს, ჩრდილოეთ ირლანდიას კი ვოიცეხ შჩესნის კარისთვის ერთხელაც (!) არ შეუტევია. “თეთრ-წითლების” რიგებში ყველაზე აქტიური ხსენებული მილიკი იყო, რომელმაც ჯერ საჯარიმოს ფარგლებიდან ბურთს ფეხი ააცილა, შემდეგ მეტოქის მეკარე შორეული დარტყმით შეაწუხა, ბოლოს კი, ათიოდ მეტრიდან კროსის დაბოლოებას ცდილობდა, მაგრამ საკმაო მანძილით აუცდა. არკადიუშს ყველაზე რეალური შანსი ნახევარი საათის თავზე მიეცა, როდესაც როდესაც ბარტოშ კაპუსტკას პასის შემდეგ, საჯარიმოში გაინავარდა, თითქოს კარგი პაუზაც აიღო, თუმცა, მაიკლ მაკგოვერნის კარის ხარიხას მცირედით გადააცილა. ათიოდ წუთში გატანა თავად კაპუსტკას შეეძლო, როდესაც “ცხრიანს” დაუმიზნა, თუმცა, ამ მომენტში ბრიტანელთა კარის დარაჯმა უზადოდ ითამაშა. კუთხურის შემდეგ, ჩრდილოირლანდიელთა საჯარიმოში ისევ არეულობა შეიქმნა, პოლონელებს ბურთის კარში გადაგზავნა რამდენჯერმე შეეძლოთ, საბოლოოდ კი, ის კარის ბადეს მხოლოდ გარედან მოხვდა. გოლის შემდეგ, პოლონელებმა ტემპი ოდნავ დააგდეს, თუმცა, მომენტები შექმნას მაინც ახერხებდნენ. თავდაპირველად, ხსენებულმა ბლაშჩიკოვსკიმ მარჯვენა ფლანგიდან შორეულ ძელს მცირედით ააცილა, თამაშის დასრულებამდე 15 წუთით ადრე კი, კრჟიშტოფ მაჩინსკი თითქმის იდეალური პოზიციიდან ურტყამდა, მაგრამ ბურთი “მოეჭრა” და მაკგოვერნის კარს უკან მსხდომი ბრიტანელი ქომაგების დაცინვის ობიექტიც შეიქმნა. ამ ფონზე ჩრდილოირლანდიელები ძალიან უსუსურად გამოიყურებოდნენ და 2 ნახევრადმომენტის შექმნაღა მოახერხეს. შეცვლაზე შესული კონორ ვაშინგტონი მარჯვენა ფლანგზე არტურ იედრჟეიჩეკს დაუსხლტა და თითქოს პოლონელთა მეკარესთან პირისპირ გადიოდა, თუმცა, შჩესნიმ დასწრებაზე უზადოდ ითამაშა. მალევე ბრიტანელებმა ჯარიმა მახვილგონივრულად გაითამაშეს, თუმცა, ნაკრების კაპიტანმა სტივენ დევისმა ბურთს ფეხი ააცილა. საბოლოო ჯამში, პოლონეთმა გამარჯვებამდე საქმე აუღელვებლად მიიყვანა, რაც გასაკვირი არ ყოფილა. ევროპის ჩემპიონატზე პირველად მოთამაშე ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული გუნდი ფონს გასვლას მხოლოდ შორეული ჩაწოდებებით ცდილობდა, რაც გამოცდილი ფეხბურთელებით დაკომპლექტებული პოლონეთისთვის იოლად გასაშიფრი იყო. დღესვე, C ჯგუფში, თბილისის დროით 23:00 საათიდან გერმანია და უკრაინა ითამაშებენ, მე-2 ტურის მატჩები კი 16 ივნისს გახლავთ დაგეგმილი: უკრაინა – ჩრდილოეთ ირლანდია, გერმანია – პოლონეთი. 2016 წლის ევროპის ჩემპიონატი. Cჯგუფი. “ალიანს რივიერა” (ნიცა). 35 624 მაყურებელი პოლონეთი – ჩრდილოეთ ირლანდია 1:0 (0:0) პოლონეთი (4-4-1-1): შჩესნი, იედრჟეიჩეკი, პაზდანი, გლიკი, პიშჩეკი, კაპუსტკა (პეშკო, 88), მაჩინსკი (იოდლოვეცი, 78), კრიხოვიაკი, ბლაშჩიკოვსკი (გროსიცკი, 80), მილიკი, ლევანდოვსკი. მწვრთნელი: ადამ ნავალკა. ჩრდილოეთ ირლანდია (4-5-1): მაკგოვერნი, მაკლაფლინი, კატჩარტი, ევანსი, მაკოლი, მაკნეირი (დალასი, 46), ნორვუდი, დევისი, ბეირდი (უორდი, 76), ფერგუსონი (ვაშინგტონი, 66), ლაფერტი. მწვრთნელი: მაიკლ ო’ნილი. გოლი: მილიკი (51). გაფრთხილება: კაპუსტკა (65), კეტკარტი (69), პიშჩეკი (89). მსაჯი: ოვიდიუ ჰაცეგანი (რუმინეთი).
კარისკენ დარტყმა: 18 (4) – 2 (0), კუთხური: 8 – 1, ბურთის ფლობა: 60% – 40%; თამაშგარე: 1 – 2; ჯარიმა: 11 – 12; |
|
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია